LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები საერთაშორისო პარტნიორების თვალით / საგანგაშო მდგომარეობაა, მძიმე პაციენტებისთვის უარის თქმა გვიწევს /  საქართველომ ყველაზე დიდი საგარეო ვალი აიღო და მაინც კოვიდ-პანდემიისგან ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებს შორისაა / “კვირის თემის” პოდკასტი

3
fortuna.ge (90)

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები საერთაშორისო პარტნიორების თვალით – გადაცემის სტუმარია თენგიზ ფხალაძე , საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, პროფესორი;

როგორ მართავს კოვიდპანდემიას საქართველო – რა წერია ანგარიშში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ “საქართველო – 3 ზღვის ინიციატივა” გამოაქვეყნა –კოკი იონათამიშვილი ორგანიზაციის თანადამფუძნებელია გადაცემის სტუმარი;

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი კი „უკიდურესად საყურადღებოა“ – „კვირის თემის“ სტუმარია – ინფექციონისტი მეგი კობახიძე

 

 

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები საერთაშორისო პარტნიორების თვალით

 

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია – თავად პროცესსა და შედეგებზე განსხავებული შეხედულებები აქვთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რამდენად სამართლიანად და დემოკრატიულად წარიმართა ეს პროცესი, ამის მხილველი თავად საზოგადოება იყო, თუმცა, ერთი რამ ფაქტია – მიღებული შედეგები კვლავ ოპოზიციის მომხრეების ქუჩაში გამოსვლის მიზეზი გახდა.

“კვირის თემაში” თენგიზ ფხალაძე საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და იმ მნიშვნელოვან ფოკუსზე, რომლითაც დასავლელი პარტნიორები ჩვენს ქვეყანას ხედავენ. საუბრისას ყურადღება გამახვილდა იმ გავლენებზე, რომელიც შეიძლება მოახდინოს ქვეყნის საგარეო კურსზე როგორც ჩატარებულმა არჩევნებმა, ასევე პროცესებმა რომელიც მიმდინარეობს ქართულ პოლტიკაში სხვადასხვა მიმართულებით.

 

მძიმე პაციენტებისთვის უარის თქმა გვიწევს, თავისუფალი ადგილების რესურსი ფაქტობრივად, ამოწურულია, საგანგაშო მდგომარეობაა – ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი

 

მდგომარეობა საგანგაშოა, ქვეყანაში არსებული ციფრები ჩვენი ქვეყნისთვის პირდაპირ ვიტყვი, რომ დამღუპველია, – ასე აფასებს ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი, მეგი კობახიძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას.

 

 

მისივე სიტყვებით, „იზრდება ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევები, კლინიკაში მიმართვიანობა, შესაბამისად, თავისუფალი ადგილების რესურსი ფაქტობრივად, ამოწურულია“.

„ჩვენი კლინიკის მაგალითზე მინდა ვთქვა, თუ ვინმე არ გადავიდა სხვა დეპარტამენტში, დამძიმდა ან ვინმე თუ არ გაიწერა, ფაქტობრივად, თავისუფალი ადგილი არ არის. ამ ფონზე მოგვიწია უარი გვეთქვა ადამიანებზე, რომლებსაც სჭირდებოდათ დახმარება.

ძალიან ცუდია, როდესაც პაციენტი, მისი ახლობელი ან სასწრაფო რეკავს, გვეუბნება პაციენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ და მიუხედავად კრიტიკული მდგომარეობისა,ესეთ პაციენტებს ვეუბნებით უარს, რადგან ფიზიკურად არ არის თავისუფალი საწოლი.

უარის თქმა დღის განმავლობაში, დიდი რაოდენობით გვიწევს.

შესაბამისად, როდესაც ჩვენთან არის ამდენი ზარი, ავტომატურად სხვა სტაციონარებშიც ანალოგიური სიტუაციაა და თითოეული პაციენტისთვის გაძნელებულია თავისუფალი ადგილის გამოძებნა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ეს პაციენტები საკმაოდ მძიმე კლინიკური მიმდინარეობით ხასიათდებიან უკვე როდესაც ხდება გადაწყვეტილების მიღება სტაციონარში. ეს არის ის კატეგორია, რომელთაც სჭირდებათ ჟანგბადის მიწოდება, ინტენსიური მკურნალობის დაწყება და საათებმა, ერთმა დღემაც კი ცუდი და შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს“,- განაცხადა მეგი კობახიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“

წამყავნის კითხვაზე, შეიცვალა თუ არა ასაკობრივი ზღვარი შეიცვალა, ინფექციონისტი ასე პასუხობს:

„თუ კოვიდის გავრცელების საწყის ეტაპზე ვამბობდით, რომ ხანდაზმულები იყვნენ უფრო საყურადღებო კლინიკური მიმდინარეობით, ამ ეტაპზე, შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ გაახალგაზრდავდა პაციენტების ეს ჯგუფი, რომლებიც მძიმე კლინიკური მიმდინარეობით ხასიათდებიან, ეს საგანგაშოა.

არის ბევრი შემთხვევა, როდესაც შემოდის პაციენტი, არ აქვს არანაირი თანმხლები ქრონიკული დაავადება, მაგრამ უფრო მძიმე, აგრესიული კლინიკური მიმდინარეობით გამოირჩევა, ვიდრე ის პაციენტი, ვინც არის ხანდაზმული და თანმხლები ქრონიკული დაავადებით დატვირთული“,- აღნიშნა მეგი კობახიძემ.

კითხვაზე, რას უკავშირდება მის მიერვე გაჟღერებული ფაქტი, რომ ხანდაზმულმა და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანმა შედარებით მსუბუქად შეიძლება გადაიტანოს კოვიდ ინფექცია, ვიდრე შედარებით ახალგაზრდამ, მეგი კობახიძის მოსაზრებით, აღნიშნული დაკავსირებულია იმასთან, რომ ინფექციები დროთა განმავლობაში ხასიათსა და თვისებებს იცვლიან.

„მე არ ვამბობ იმას, რომ ვინც ხანდაზმულია და ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, იქ არ არის საშიშროება, რა თქმა უნდა, რისკები რჩება, მაგრამ შედარებისთვის, თავიდან, როდესაც იყო პირველადი შტამები, იქ ახალგაზრდა ადამიანებში აგრესიით არ გამოირჩეოდა.

ჩემი მოსაზრებით, რადგან ინფექციებს ახასიათებთ მუტაციის უნარი, რაც ნიშნავს, რომ ისინი ხასიათს და თვისებებს იცვლიან, შესაბამისად, „დელტა შტამი, რომელიც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს, შედარებით უფრო აგრესიული თვისებებით გამოირჩევა და სავარაუდოდ, მასთან არის ასეთი მიმდინარეობა დაკავშირებული“,- თქვა მეგი კობახიძემ.

ინფექციონისტმა რეინფიცირების შემთხვევებზეც ისაუბრა.

„ჩემი ინფორმაციით, ვისთანაც მაქვს შეხება, პაციენტებთან, რომლებიც ხელმეორედ დაინფიცირდნენ კოვიდ 19-ით, უმრავლეს შემთხვევაში კლინიკურად მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე ვთქვათ, პირველ ჯერზე, დაინფიცირების პერიოდში“,- განაცხადა მეგი კობახიძემ „ფორტუნას“ ეთერში.

 

 

სტაციონარში ვინც შემოდის, უმრავლესობა არავაქცინირებული პირია – რა უნდა გაითვალისწონ მათ, ვინც შინ მკურნალობს

 

ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი, მეგი კობახიძე ქვეყანაში არსებულ იმუნიზაციის პროცესს ეხმიანება და აცხადებს, რომ დღეს არსებული მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია და ამას არა მხოლოდ სტატისტიკა არამედ, სტაციონარში შესული პაციენტთა უმრავლესობაც მოწმობს.

მისივე თქმით, ვაქცინაცია 100%-ით არ გვიცავს, შესაძლოა, პირი დაინფიცირდეს, მაგრამ იმუნიზაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, იმისთვის, რომ კლინიკური მიმდინარეობა იყოს მსუბუქი და ლეტალობა არ გაიზარდოს.

„ვაქცინაციის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დაბალია. ყოველდღიურად აცრილთა სტატისტიკა ამას მოწმობს, გარდა ამისა, სტაციონარში ვინც შემოდის, უმრავლესობა არავაქცინირებული პირია. დიფერენცირება რომ მოვახდინოთ, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ყოველდღიურად, პაციენტებს, ვისაც აქვს ორმაგი ვაქცინაცია ჩატარებული შედარებით უფრო მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობით ხასიათდებიან, ვიდრე არავაქცინირებულები.

ხოლო ვაქცინირებულებთან გართულებებიც კი შედარებით მსუბუქად მიდის ან შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონდეს ადგილი გართულებებს, მათ არ უწევთ ინტენსიურში, რეანიმაციულ განყოფილებაში გადასვლა და შედარებით, უფრო რთული პროცედურების ჩატარება.

პაციენტს, ვინც ბინაზე იმყოფება და დაუდასტურდება ვირუსი, ამ შემთხვევაში ერთვება პირველადი ჯანდაცვა და მნიშვნელოვანია ადეკვატურად მოხდეს ოჯახის ექიმთან დაკავშირება და მენეჯმენტი.

შეფასება ხდება ძალიან ბევრი კრიტერიუმით, როგორია პაციენტის კლინიკური მდგომარეობა, სიმპტომური გამოხატულება და რა თანმხლები დაავადება აქვს პაციენტს.

გარდა ამისა, არის პაციენტთა რაოდენობა, თავიდან მძიმე კლინიკური მიმდინარეობით გამოხატული, რომლებიც უარს აცხადებენ და გვაქვს დაგვიანებული სტაციონალიზაციის შემთხვევები.

მნიშვნელოვანია ექიმის მიერ სწორად მოხდეს მიმართულების მიცემა, თუნდაც მედიკამენტებთან დაკავშირებით.

თავიდანვე ბევრმა შეიძლება დაიწყოს ანტიბაქტერიული მკურნალობა, რაც არ არის საჭირო. ბევრი ნიუანსია, რისი სწორად მენეჯმენტიც არის მნიშვნელოვანი, რათა არ მოხდეს მისი დამძიმება. თავიდან ეს დაავადება შესაძლოა, აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, მსუბუქად, თუმცა სადღაც დაინფიცირებიდან მე-8, მე-10 დღისთვის, ხდება პაციენტის დამძიმება“,- აცხადებს მეგი კობახიძე.

 

როგორ გავარჩიოთ გრიპი კოვიდ 19-სგან – ინფექციონისტ მეგი კობახიძის რჩევები

 

ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების ზრდასთან ერთად, სულ უფრო ხშირად გვესმის მისი შედარება სეზონურ გრიპთან. ბევრს აინტერესებს, რით განსხვავდება COVID-19 ბევრად უფრო ნაცნობი დაავადების, გრიპისგან. საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტმა, მეგი კობახიძემ ისაუბრა.

მეგი კობახიძე ბოჭორიშვილის კლინიკის მაგალითზე აღნიშნავს, რომ მათთან შესულ პაციენტებს ამ ეტაპზე მხოლოდ კოვიდ ინფექცია უდასტურდებათ, თუმცა აქვე იძლევა რამდენიმე რეკომენდაციას, რათა ადამიანებმა გრიპის კოვიდ 19-სგან დიფერენცირება შეძლონ.

„როგორც ცნობილია გრიპს ახასიათებს სეზონურობა და შემოდგომა-ზამთარი არის ის პერიოდი, როდესაც ხდება მისი აქტივაცია და ფართოდ გავრცელება მოსახლეობაში

საკმაოდ, არასასურველი შედეგი დადგება თუ მოხდება გრიპით ინფიცირებული მკვეთრი მატება და ეს დაემატება ჩვენს კოვიდსტატისტიკას.

თუ ამ ორი ვირუსის თანხვედრა მოხდება საკმაოდ რთული იქნება არა მარტო პაციენტებისთვის, არამედ სამედიცინო სფეროსთვის, ჰოსპიტალური სექტორისთვისა და მედპერსონალისთვის, რადგან ორმაგად ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.

ამ ეტაპზე, ჩვენთან შემოსულ პაციენტებს მხოლოდ კოვიდ ინფექცია უდასტურდებათ.

გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსის გარჩევა კოვიდისგან ძალიან ძნელია.

თუ ჩვენ კლინიკურად და სიმპტომურად გამოვკითხავთ პაციენტებს, იმის დიფერენცირება, რომ ამ ადამიანს აუცილებლად აქვს კონკრეტული ინფექცია ან გრიპი ან კოვიდ 19, ლაბორატორიული მეთოდით გამოკვლევის გარეშე ძალიან ძნელია.

თუმცა, გრიპს მაინც ახასიათებს აგრესიული დასაწყისი, ინტოქსიკაციის მომენტი, ტემპერატურული რეაქცია ანუ რესპირატორული სიმპტომები თავიდანვე აქტიურად არის გამოხატული. შესაბამისად, უკვე მეორე დღეს პაციენტი არის მძიმე სიმპტომური მიმდინარეობით.

რაც შეეხება კოვიდ 19-ს, მას დასაწყისში აქვს უფრო დუნე, მსუბუქი მიმდინარეობა და მე-8, მე-10 აქვს კლინიკურად უფრო აქტიური მანიფესტაცია.

დელტა შტამს ახასიათებს სურდო, ყელის ტკივილი და აქტიურად წამოვიდა დიარეას მომენტიც.

ამით შეიძლება რაღაც დიფერენცირება მოვახდინოთ, მაგრამ საბოლოოდ, ლაბორატორიულად უნდა მოხდეს დიფერენცირება იმისა, გვაქვს თუ არა კოვიდ 19“,- განაცხადა მეგი კობახიძემ.

 

წამყვანის კითხვაზე გრიპის ვირუსით ვაქცინაცია რამდენ ხანშია შესაძლებელი დაინფიცირებიდან, ინფექციონისტმა აღნიშნა, რომ „ნებისმიერი ვაქცინაციის პროცესის ჩასატარებლად აუცილებელია ადამიანი იყოს ჯანმრთელად“.

„შეიძლება ადამიანი იყოს ქრონიკული დაავადების მქონე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გამწვავების ფაზაში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ, გრიპის ვაქცინის შემთხვევაში.

ზოგადად, ითვლება, რომ კოვიდ 19-ის მწვავე პერიოდი არის 4 კვირა, როდესაც ეს პერიოდი გავა დაინფიცირებიდან, უკვე შესაძლებელია, თუნდაც გრიპის ვაქცინაცია.

უსაფუძვლოა ხალხის შიში, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სწრაფად შეიქმნა, გრიპის ვაქცინაც არანაირად არ არის სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი.

მთავარი რეკომენდაცია არის ჰიგიენის დაცვა, ნიღბის გამოყენება, სივრცის ხშირად განიავება, თავშეყრის ადგილებისგან თავშეკავება.

„თუ სიმპტომურად ჩვენს თავს ან ოჯახის წევრს რაიმეს შევატყობთ, უმჯობესია დროულად მივმართოთ ექიმს. დროულად მოხდეს დიაგნოსტირება, რაც დაიცავს ჩვენს გარშემომყოფებს დაინფიცირებისგან.

იგივე შემიძლია ვთქვა გრიპთან ან სხვა რესპირატორულ დაავადებებთან მიმართებაში, რადგან ისინი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება“,- განაცხადა მეგი კობახიძემ „ფორტუნას“ ეთერში.

 

 

 

“პანდემიის პერიოდში, საქართველომ, ფაქტობრივად ყველაზე დიდი საგარეო ვალი აიღო, თუმცა მიუხედავად ამისა საქართველო კოვიდ-პანდემიისგან ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებს შორისაა”

 

როგორ მართავს კოვიდპანდემიას საქართველო  და რა წერია ანგარიშში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ “საქართველო – 3 ზღვის ინიციატივა” გამოაქვეყნა – საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა კოკი იონათამიშვილმა ისაუბრა.

მისი განცხადებით, პანდემიის პერიოდში საქართველომ ფაქტიურად ყველაზე დიდი საგარეო ვალი აიღო, თუმცა მიუხედავად ამისა საქართველო კოვიდ-პანდემიისგან ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებს შორისაა.

კოკი იონათამიშვილი მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის მხარდამჭერი კამპანია არაეფექტურია, რეგულაციები კი დისკრედიტირებული.

 

 

“ჩვენ გავარკვიეთ, რომ ვალი, რომელიც საქართველომ პანდემიის დროს აიღო, ყველაზე დიდი იყო ამ პერიოდში აღებული ვალებისგან ანუ საქართველომ ყველაზე დიდად გაზარდა საგარეო ვალი პანდემიის განმავლობაში. სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პანდემიის დროს ფული უნდა დახარჯო, რათა შენ კარგად გაუმკლავდე პანდემიას, ამიტომ მეტნაკლებად დასაშვებიც შეიძლება იყოს ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა, თუმცა შედეგი გვაქვს მძიმე.

პანდემიის მართვას ქვეყნის მთავრობა ვერ უმკლავდება. ისევ სტატისტიკა რომ მოვიყვანოთ, ჩვენი ვიდეო, რომელიც ერთი კვირის წინ დამზადდა, მაშინ საქართველოს ჰქონდა მე-13, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი სიკვდილიანობით მსოფლიოში და უკვე მე-12-ზე გადავედით. ინფიცირების რიცხვით კი მეოთხეზე. მე ვსაუბრობ პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, მილიონ მოსახლეზე პროპორციულად, თორემ სხვა სტატისტიკაში, ყოველთვის ჩინეთი იქნება პირველ ადგილას.

წლინახევრის წინ, საქართველოში სანდო კვლევები ამბობდნენ, რომ 35-45%-მდე მერყეობდა მტკიცე, მყარი ანტივაქსერების რიცხვი, დღესდღეობით ამაზე მეტი მთავრობამ ვერც აცრა. იგივე რიცხვი იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც, უბრალოდ მთავრობას იქ სტრატეგიული კომუნიკაცია ჰქონდა შემუშავებული. ერთი მხრივ იყო კამპანია იყო ეფექტური და მეორეს მხრივ, რეგულაციები. ჩვენთან კი რეგულაციები თავიდან ბოლომდე არის დისკრედიტირებული.

ჩვენს კლიპში ფოტოებიც დევს, იგივე ამირან გამყრელიძე თვითონ ამბობს, რომ მას არ აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩვევები, მაგრამ მისი ფოტო ყველას გვახსოვს ჩვენ, რომელიც ქეიფის დროს გავრცელდა.

იგივე პრემიერ-მინისტრის ფოტო, იგივე გაუქმებული ჯარიმები. ამასთან, რეგიონებში ბუკლეტები არ გავრცელებულა. მე მეჩვენება, რომ მთავრობას მიტოვებული ჰყავს ჯანდაცვის წარმომადგენლები, ისინი დადიან აქეთ-იქით, მთავრობა კი ამბობს, აი, ვაქცინა და ეკონომიკას ვერ გავაჩერებ. სამწუხაროდ, ხელისუფლების არაკომპეტენტურობის გამო პერსპექტივასაც საკმაოდ მძიმეა”,- განაცხადა “ფორტუნას” ეთერში კოკი იონათამიშვილმა.

 

 

„აქ ახლა ყველაზე მაღალი ტემპია ვაქცინაციის” – როგორ ებრძვის ლატვია პანდემიას

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველო – 3 ზღვის ინიციატივა” თანადამფუძნებელი, რომელიც ამჟამად, ლატვიაში ცხოვრობს, იქ არსებულ ეპიდვითარებაზეც საუბრობს.

“ცუდი მაგალითებიც მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ჩვენ კარგად შევძლოთ მართვა [პანდემიის]. ლატვიაში პირველ სექტემბრამდე იყო ასეთი მდგომარეობა, რომ 40% აიცრა მოსახლეობის, თუმცა მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გაცილებით მეტი აცრილიყო. უბრალოდ ხელისუფლებამ დააგვიანა რეაგირება ვირუსის გავრცელების დროს”,- აღნიშნა კოკი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, ლატვიაში ეპიდემიის შესაჩერებლად 15 ნოემბრამდე სკოლები, მაღაზიები, კაფეები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები დაკეტილია. საღამოს რვიდან კი ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს.

“ყველაფერი გაჩერებულია. დღეს პირდაპირი მნიშვნელობით, კომენდანტის საათია, რვა საათის მერე გასვლა არ შეიძლება, მთელი რიგი შეზღუდვებია არავაქცინირებული ადამიანებისთვის. პირდაპირ ასეთი მოთხოვნაა, რომ საჯარო მოხელეები იყვნენ ვაქცინირებული. ხელისუფლებამ 15 ნოემბრამდე მისცა ვადა – თუ არ იქნებიან აცრილი, ისინი სამუშაოს ვერ გააგრძელებენ. ამან მიიყვანა იმ შედეგამდე, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან ლატვიაში ახლა ყველაზე მაღალი ტემპია ვაქცინაციის”,- განაცხადა “ფორტუნას” ეთერში კოკი იონათამიშვილმა.

 

„თუ კითხვა არ დასვა ვინმემ, საქართველოს საკითხს არ ეხებიან“ – ჯანმო აქცენტს გლობალურ საკითხებზე აკეთებს

 

გადაცემაში “კვირის თემა” იონათამიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზეც გააკეთა მცირე კომენტარი. ის ხშირად ესწრება ჯანმოს გამართულ შეხვედრებს და ამბობს, რომ როგორც ერთ რიგით ადამიანს, მათ მიმართ გარკვეული პრეტენზია აქვს.

“ხშირად ხდება ისე, რომ თუ ტერიტორიულად დიდ ქვეყანაში, რუსეთსა და ინდოეთში პოლიტიკურად არის ძალიან დიდი კრიზისი, ბრიფინგი იწყება ამ ქვეყანაზე საუბრით. თუ საქართველოზეა ან ლატვიაზე საუბარი, თუ ვიღაცამ არ დასვა კითხვა, დიდად არ ეხებიან ამ საკითხს. ისინი ცდილობენ შეეხონ მაინც გლობალურ საკითხებს, ხშირად ერიდებიან სიტყვა „სავალდებულოს“ გამოყენებასაც, ჩვენთანაც და ბევრ ქვეყანაში ეს სიტყვა უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს”,- განაცხადა კოკი იონათამიშვილმა.

 

„პანდემიას არ მართავს ექიმი, პანდემიას მართავს მთავრობა“

 

“ფორტუნას” ეთერში მანვე აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში იყო და არის ანტივაქსერები, მაგრამ ხელისუფლებამ იმუშავა სწორად. კოკი იონათამიშვილის თქმით, პანდემიას არ მართავს ექიმი, პანდემიას მართავს მთავრობა, შესაბამისად, ამბობს, რომ ახლა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ყველა ხარვეზი და ვითარება უნდა გამოვასწოროთ.

“პაატა იმნაძე საუბრობდა რამდენიმე დღის წინ, რომ რეგიონებში ყველაზე ცუდი ლეგენდაა შექმნილი, რომ უშვილობა შეიძლება გამოიწვიოს ვაქცინაციამ. ძალიან ბევრი რანგიანი ექსპერტი უწყობდა ხელს ასეთი თემები გავრცელებას.

ჯერ არ არის გამოკვლეული, მაგრამ შეიძლება – ამასაც რომ ამბობს ადამიანი, შეიძლება უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს. ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა სერიოზული კვლევა, კამპანია, რომ ასეთ შეუგნებელ სიტყვებს არ გამოეწვია ტრაგიკული ვითარება.

ძალიან ბევრ ქვეყანაში იყო ანტივაქსერი, მაგრამ ხელისუფლებამ იმუშავა სწორად. პოლიტიკურ პარტიებს, მესმის, რომ შეიძლება დატვირთული დღის წესრიგი აქვთ, მაგრამ ამ საკითხთან დისტანცირება წარმოუდგენლად მეჩვენება. მათაც შეეძლოთ რაღაც ნაბიჯები გადაედგათ. პანდემიას არ მართავს ექიმი, პანდემიას მართავს მთავრობა. მისი პასუხისმგებლობაა ყველა ხარვეზი და რამენაირად ვითარება უნდა გამოვასწოროთ”,- განაცხადა “ფორტუნას” ეთერში კოკი იონათამიშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები