LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კელი როულენდმა ჩემი კოლექციიდან ერთდროულად სამი კოსტუმი მოირგო” – ქეთი ჩხიკვაძე თბილისური ჩვენებისთვის ემზადება

6
chxikvadzeketishow

13 მაისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე სტუმრობდა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქართული სტილი უცხოელ მოდის მოყვარულებს გააცნო.

– ქეთი, 19 მაისს მორიგ ჩვენებას აწყობთ თბილისში. საინტერესოა, ამჯერად რას შესთავაზებთ მოდის მოყვარულებს?

– ამჯერად შემოდგომა-ზამთრის კოლექციას წარმოვადგენ, რომელმაც უკვე „იმოგზაურა“ მილანში, პარიზსა და ტოკიოში. თბილისური ჩვენებისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვემზადები, რადგან მალე პარიზში მივემგზავრები და შესაძლოა რამდენიმე სეზონის გამოტოვება მომიხდეს. იმედი მაქვს საღამო წარმატებით ჩაივლის და სტუმრებიც კმაყოფილი დარჩებიან.

– პარიზში რა პროექტზე გეგმავთ მუშაობას?

– სიმართლე ვთქვა, ახალ პროექტზე ჯერ არ ვფიქრობ, რადგან უკვე არსებული კოლექციების წარდგენა მინდა ბევრად მასშტაბურად. ორი ჩვენება პარიზის მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში უკვე მოვაწყვე, ახლა კი, ახალი სეზონისთვის ვემზადები.

– ყოველდღიურად იზრდება თქვენი თაყვანისმცემლების რიცხვი. რამდენად ახერხებთ მათი სურვილების და მოთხოვნების დაკმაყოფილებას?

– ვფიქრობ, მთავარია მოთხოვნა იყოს და რესურსი ყოველთვის გამოიძებნება მათ დასაკმაყოფილებლად.

– უამრავი ცნობილი ადამიანი იმოსება თქვენი მოდელებით, რომელთა შორის ერთ-ერთი შეიხი მოზაა. საინტერესოა, კიდევ ვის ანებივრებთ საკუთარი სამოსით?

– ძალიან სასიამოვნოა, რომ შეიხის ოჯახი ყოველი კოლექციიდან რამდენიმე კაბას იძენს,  ცნობილი ჯგუფის Destiny’s Child ყოფილმა წევრმა კელი როულენდმა კი, ერთდროულად სამი კოსტუმი მოირგო, რაც ერთ-ერთ ინტერვიუშიც აღნიშნა.

– როგორია ის იდეალური ქალი, ვისთვისაც კოლექციას ქმნით?

– აუცილებლად ელეგანტური, რომელსაც პრაქტიკული სამოსი მოსწონს მუდმივად ახალი ნიუანსებით და დეტალებით. მაგალითად, გასულ სეზონზე, ზაფხულის კოლექციის მთავარ თემად გულები ავირჩიე, რომელიც შემდეგ კოლექციაშიც გავაგრძელე განსხვავებული ინტერპრეტაციით. სხვათაშორის, ახალ კოლექციას უამრავი აქსესუარი დაემატა, რაც ჩვენებასაც უფრო მრავალფეროვანს გახდის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კოლეგებს და მეგობრებს, რომლებიც მხარში ამომიდგნენ და მაქსიმალურად დამეხმარნენ არაჩვეულებრივი სანახაობის მოწყობაში.

– თავად რა სტილის ანიჭებთ უპირატესობას?

– ძალიან მომწონს სპოტული სტილი, რომლის ცალკეულ დეტალებს ყოვეთვის ვიყენებ კოლექციებში, რადგან მოდური და მოხერხებულია, თუმცა თვითონ უპირატესობას მაინც ელეგანტურ სტილს ვანიჭებ.

– როგორია თქვენი დღის განრიგი?

– დილა ვარჯიშით იწყება, მერე სამსახურში მივდივარ, საღამოს კი, ოჯახთან და  მეგობრებთან ერთად ვატარებ.

– რამდენად კარგი კულინარი ხართ?

– რამდენიმე კერძს განსაკუთრებით გემრიელად ვამზადებ, რაც მეგობრებსაც ძალიან მოსწონთ და ხშირადაც გვსტუმრობენ. სხვათაშორის, წყენეთში სიამოვნებით ვაწყობ საღამოებს და ყველა მეგობარს სიხარულით ვმასპინძლობ.

– სად პოულობთ შთაგონებას ახალი კოლექციისთვის?

– შთაგონებას ისევ ძველ კოლექციებში ვეძებ, როცა უკვე არსებულის სრული ტრანსფორმაციით, ახალი დეტალების დამატებით და მიმდინარე სეზონის ტენდენციების გათვალისწინებით ვქმნი ახალ კოლექციას. საუკეთესო მაგალითი – ისევ გულებია, რომელიც საყურეებით დაიწყო, მოგვიანებით კი, ქამრებში და ღილებში განვითარდა.

– კოლექციას ხომ ვერ გაიხსენებთ, რომელზეც განსაკუთრებით გაგიჭირდათ ან გაგიგრძელდათ მუშაობა?

– სიმართლე ვთქვა, ყველა კოლექციაზე ერთნაირ დროს ვხარჯავ, თუმცა ბოლო კოლექცია განსაკუთრებით შრომატევადი აღმოჩნდა.

ბლიცკითხვები:

– სად ისვენებთ გადატვირთული დღის შემდეგ?

– ძალიან მომწონს სპა.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– სამსახურში სულ ვჩქარობ, ამიტომ ყველას დროულად მოქმედებისკენ მოვუწოდებ.

– გყავთ თუ არა მისაბაძი დიზაინერი?

– ბოლო ჩვენებებიდან ძალიან მომეწონა Prada-ს მოდის სახლის ნამუშევრები.

– ფერი, რომელსაც არასდროს გამოიყენებთ კოლექციაში?

– ასეთი ფერი არ არსებობს.

– რამდენად გაითვალისწინა ქალიშვილმა თქვენი რჩევა პროფესიის არჩევისას?

– ჩემმა შვილმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა პარიზის უნივერსიტეტში ჩაბარება და ანიმაციის შესწავლა, რომელიც მართალია მოთხოვნადი, მაგრამ რთული, საკმაოდ სპეციფიური პროფესიაა და განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება.

– თავად ვის თვლით საუკეთესო მრჩეველად?

– ყოველთვის ვითვალისწინებ მეუღლის რჩევას.

– როგორი უნდა იყოს ძლიერი ქალი?

– ვფიქრობ, ძლიერი ქალის მთავარი თვისებები მოთმინება და თავშეკავების უნარია.

– რა ფერს მოარგებდით გადაცემას „წარმატების ფორმულა“?

– ალბათ, შავს და თეთრს.

– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?

– წარმატების მზა ფორმულა არ არსებობს, რადგან ყველას საკუთარი გზა აქვს. ზოგს მეტი დრო და მონდომება სჭირდება მიზნის მისაღწევად, ზოგს კი, სხვებზე  მეტად უმართლებს. თუმცა, საქმის სიყვარული და თავდაუზოგავი შრომა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები