LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სერიოზულ პრობლემად ითვლება ჭარბი წონა, მავნე ჩვევები და ჰიდრატაცია” – მამუკა ბოკუჩავა ვენების დაავადებებზე გადაცემაში ,,პულსი”

17
pulsi034553455

გადაცემის ლაივი LIVE

9 აპრილს რადიო ,,ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას ,,პულსი” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, სისხლძარღვთა ქირურგი მამუკა ბოკუჩავა სტუმრობდა, რომელმაც 5-11 აპრილს მოწყობილ ე.წ. ,,ვენების კვირეულსა” და ზოგადად ვენების დაავადებებზე ისაუბრა.

– ბატონო მამუკა, ცხელ სეზონზე ყოველთვის აქტუალურია ქრონიკულ ვენურ დაავადებებზე საუბარი, რასაც ე.წ. ვენების კვირეულზეც გაესვა ხაზი. საინტერესოა, კონკრეტულად რა მიზანს ისახავდა ერთკვირიანი ღონისძიება?

– საერთშორისო სამედიცინო საზოგადოება დიდი ხანია ჩართულია ერთგვარ საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტში – ე.წ. ვენების კვირეულში, რომელსაც წელს საქართველოს პარალელურად მსოფლიოს 54 ქვეყანა აღნიშნა. კვირეული მედიკოსებისა და მოსახლეობისთვის ვენური პათოლოგიების გაცნობას ისახავს მიზნად, რასაც სხვადასხვა ღონისძიებით ახორციელებს.

– ვენური პათოლოგიები მეტად გავრცელებული დაავადებაა. როგორია სტატისტიკური მონაცემები, რა სიტუაცია მსოფლიოსა და საქართველოში?

– ქრონიკული ვენური დაავადება სახელშივე გულისხმობს მის მუდმივ მიმდინარეობას, ანუ მთელი წლის მანძილზე აქტუალურია, თუმცა სწორედ ცხელ სეზონზე მწვავდება. ეპიდემიოლოგიური კვლევის თანახმად, რომელიც უცხოელ კოლეგებთან ერთად ჩავატარეთ, ხშირად პაციენტები სულ სხვა ჩივილებით მიმართავენ ოჯახის ექიმს, თუმცა სიმპტომატიკის გამოკითხვის შემდეგ ნათელი ხდება, რომ 10-დან 7 პაციენტი სწორედ ვენების დაავადებით იტანჯება. აღსანიშნავია, რომ პაციენტების უმეტესობას არ აქვს აშკარად გამოკვეთილი სიმპტომები, მათ მხოლოდ გაურკვეველი სიმძიმე და ტკივილი აწუხებთ ქვედა კიდურებში და მხოლოდ ულტრაბგერითი კვლევის წყალობით ვლინდება გარკვეული ცვლილებები სისხლძარღვების კედლებზე. აქვე აღვნიშნავ, რომ აუცილებელია დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოზირება, რადგან ბევრად რთულია მძიმე ფორმების მკურნალობა. არანაკლებ აქტუალურია ვენური თრომბო-ემბოლიზმი ანუ ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის ემბოლია, რომელიც ბევრად სახიფათოა კორონავირუსის ეპიდემიის პერიოდში, ლიმფედემა ანუ ზედა და ქვედა კიდურების შეშუპება და მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი, რომლითაც მეტწილად ქალბატონები იტანჯებიან და რომელიც მულტიდისციპლინარულ მართვას მოითხოვს.

– ოჯახის ექიმთან სხვა ჩივილებით მიმართვისას და დაავადების მოულოდნელად აღმოჩენისას ძალიან მნიშვნელოვანია შეკითხვების სწორად დასმა და ანამნეზის შეკრება, დიაგნოზის დასმა და პაციენტის სწორი მიმართულებით გადამისამართება. როგორ შეაფასებთ ამ შემთხვევაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მომზადებას?

– რა თქმა უნდა, ყველა სფეროში საჭიროა პროფესიონალიზმი და განსაკუთრებით მედიცინაში, რადგან საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრონიკული ვენური დაავადებებით იტანჯება, ამიტომ საწყის სტადიაზე მათი მართვა სწორედ ოჯახის ექიმის მოვალეობაა. საბედნიეროდ, ამ პროფილის ექიმების ცოდნა და გამოცდილება მართლაც მაღალია, რითაც ჩვენც ძალიან გვეხმარებიან. საქართველოში მხოლოდ 80 სისხლძარღვთა სპეციალისტია, ამიტომ ძალიან რთულია ყველა პაციენტის მომსახურება, ოჯახის ექიმი კი, საკუთარ თავზე იღებს დაავადების საწყის სტადიაზე მართვას.

– რა პრევენციული ზომების მიღება შეიძლება დაავადების თავიდან ასაცილებლად?

– კვირეულის ფარგლებში რამდენიმე საინფორმაციო და სარეკლამო რგოლი გაკეთდა, რომლებშიც ხაზგასმულია, რომ ქრონიკული ვენური დაავადების დროს უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი პასიური ცხოვრების წესს მისდევს, რადგან მთელი დღე ერთ ადგილას უწევს ჯდომა, თუმცა, ასეთ პირობებშიც შეიძლება მარტივი ვარჯიშების შესრულება, რომლებიც კანჭის კუნთოვანი მასის ხშირ შეკუმშვასთან იქნება დაკავშირებული. სერიოზულ პრობლემად ითვლება ჭარბი წონა, მავნე ჩვევები და ჰიდრატაცია. ქალბატონებმა უარი უნდა თქვან კონტრაცეპტივების თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე მიღებაზე. აუცილებელია ოჯახური ანამნეზის გათვალისწინებაც, რადგან დაავადების განვითარებას ხშირად გენეტიკა განაპირობებს.

– რა შესაძლებლობებს ფლობს თანამედროვე მედიცინა ვენური დაავადებების სამკურნალოდ?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ქრონიკული ვენური დაავადებების მკურნალობა კომპლექსურია და მედიკამენტურ, ქირურგიულ, კომპრესიულ თერაპიას და სხვადასხვა სამკურნალო პროცედურას აერთიანებს. საბედნიეროდ, ქართველი მედიკოსები ფეხდაფეხ მივყვებით მსოფლიო მიღწევებს და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ არაფრით ჩამოვრჩებით უცხოელ კოლეგებს. კარგად არიან გაცნობიერებული თავად პაციენტებიც, ვინც წლების მანძილზე ექიმის დახმარებით მართავს საკუთარ დაავადებას და იცის, რომ ახალი სიმპტომების გამოვლენის ან დაავადების გამწვავების შემთხვევაში აუცილებლად სპეციალისტს უნდა მიმართოს. სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში თვითიზოლაციამ ბევრის მდგომარეობა დაამძიმა, რადგან უმეტესობას გადაადგილება შეეზღუდა. თუმცა ამ შემთხვევაშიც მოვნახეთ გამოსავალი და დისტანციურად ვუწევთ კონსულტაციას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები