LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერბილდება თუ არა საბანკო რეგულაციები-ექსპერტების მოლოდინები

4
finding-new-customers

მოქალაქეებზე ზრუნვის სახელით დაწესებული საბანკო რეგულაციები და ექსპერტები ცვლილებების მოლოდინში. უკვე მეოთხე თვეა, რაც სწრაფ სესხებს, განვადებებსა და იპოთეკურ კრედიტებს  ბანკები ახალი, გამკაცრებული პირობებით გასცემენ, რამაც პირველ რიგში განვადებებზე მომუშავე კომპანიებს დაარტყა, თუმცა გაყიდვების შემცირებაზე საუბარი უკვე დაიწყო სამშენებლო სექტორმაც. ამ თემებზე რადიო „ფორტუნამ“ სტატიები უკვე შემოგთავაზათ. ამჯერად, „ბიზნესკურიერი“ დაინტერესდა, რამდენად იზიარებენ სპეციალისტები ეკონომიკის მინისტრის მოსაზრებას, რომ რეგულაციების ძირითადი მიმართულება არ უნდა შეიცვალოს და რას ელოდებიან ისინი უახლოეს მომავალში.

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ რეგულაციების შერბილებაზე საუბარი ნაადრევია. ალექსანდრე ძნელაძის თქმით, ეროვნულ ბანკს მარტის თვის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია და ამიტომ პირველი კვარტლის ანალიზის გარეშე, ამაზე ვერ იმსჯელებს. ის ამბობს, რომ კომერციული ბანკების მოგებასა და შემოსავალზე სესხების რაოდენობის შემცირება პირდაპირპროპორციულად არ აისახება. რაც შეეხება სამშენებლო სექტორს, ძნელაძე განმარტავს, რომ სამი თვის განმავლობაში რომ სამშენებლო კომპანიამ ბინა ვერ გაყიდოს, ეს არაა იმის წინაპირობა, რომ რეგულაციები სასწრაფოდ შემცირდეს.

რაც შეეხება „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარეს, ის აცხადებს, რომ რეგულაციების ერთ-ერთი მინუსი საშაულო ფენაზე მისი გავლებაა. გიორგი კეპულაძის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც თვიდან თვემდე მუშაობენ, ზოგს ბანკში ერიცხება ხელფასი, ზოგს არა, სწორედ მათ შეეხო რეგულაციები. კეპულაძე განმარტავს, რომ მდიდარი ადამიანები სესხის გარეშეც ყიდულობდნენ ტელევიზორს და განვადება არ სჭირდებოდათ.

არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ მთლიანი ეფექტის შესაფასებლად ცოტა დროა გასული, თუმცა მისი თქმით, ფაქტია, რეგულაციებმა გარკვეული პრობლემები უკვე გააჩინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები