LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სიმღერაზე მუშაობისას, რომელსაც ჩემებურ ლოცვას დავარქმევდი, ჩემს შვილზე, ახალგაზრდა თაობაზე ვფიქრობდი” – ,,ფრანი” ვოკალისტი გაგა ჩიხლაძე სოლო კარიერაზე

20
chixladzeshow

გადაცემის ლაივი LIVE

28 დეკემბერს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM”  ჯგუფის “ფრანი” ვოკალისტი გაგა ჩიხლაძე სტუმრობდა, რომელმაც ახალ ალბომზე ისაუბრა და სიმღერა “მე მინდა, რომ” შესთავაზა მსმენელებს.

– გაგა, რამდენად რთული იყო ახალ ალბომზე მუშაობა?

– ალბომზე პანდემიის პერიოდში, იზოლაციის პირობებში ვიმუშავე. საერთო ჯამში 10 სიმღერა ჩავწერე, თუმცა ალბომში მხოლოდ შვიდი შევიდა, დანარჩენი სამი კი, სინგლად გამოიცემა. მართალია, რამდენიმე ძველი სიმღერა განვაახლე, მაგრამ პუბლიკისთვის მაინც ახალი იქნება, რადგან აქამდე არსად გაჟღერებულა. სხვათა შორის, ჩემთვის მეტად უჩვეულო პირობებში ვიმუშავე. სოფელ დიღომში სახლი ვიქირავე და მეგობრებთან, მუსიკალურ პროდიუსერთან ლევან კიკვიძესთან ერთად შევუდექი მუშაობას, თან საკუთარ თავს პირობა მივეცი, მანამდე არ დავტოვებდი სახლს, სანამ ყველა სიმღერას არ ჩავწერდი. მთელი ორი თვე მომიწია მუშაობა, თუმცა შედეგმა გაამართლა, რადგან ძალიან გულწრფელი ალბომი გამოვიდა. სხვათა შორის, მომავალი წლის გაზაფხულზე ფირფიტის გამოშვებას ვგეგმავ, თუმცა დეტალებზე ჯერ არ ვისაუბრებ და სიურპრიზად დავტოვებ.

– ვის მიეძღვნა კომპოზიცია “მე მინდა, რომ”?

– სიმღერაზე მუშაობისას, რომელსაც ჩემებურ ლოცვას დავარქმევდი, ჩემს შვილზე, ახალგაზრდა თაობაზე ვფიქრობდი. ზოგადად, ყველა ჩემი სიმღერა იმ განწყობას ასახავს, რომელიც იმ პერიოდში მქონდა, ამიტომ ძალიან ბუნებრივი და უშუალოა. ვფიქრობ, სწორედ ასე უნდა იწერებოდეს სიმღერა, რადგან ძალიან არ მჯერა დიდხანს ნაფიქრი, სპეციალურად შექმნილი კომპოზიციების. მიხარია, რომ სიმღერა ბავშვებთან ერთად ჩავწერე, მერე კი, ძალიან საინტერესო კლიპი გადავიღე იმერეთში, რადგან ერთის მხრივ, იმერეთიდან ვარ წარმოშობით, მეორეს მხრივ, სწორედ იმერეთში მოვიძიე ბავშვები სამუსიკო სკოლებიდან, რომელთაც საერთოდ არ ჰქონდათ მოსმენილი ჩემი სიმღერა, თუმცა მაინც შესანიშნავად შეასრულეს.

– რატომ გადაწყვიტეთ სოლო კარიერის დაწყება?

– ჯგუფი “ფრანი” ორი ავტორისგან შედგებოდა და ერთგვარ კოლაბორაციას წარმოადგენდა. მართალია, ჯგუფს არცერთი ალბომი არ აქვს გამოშვებული, მაგრამ მაინც შეძლო საკუთარი სიტყვის თქმა ქართული მუსიკის ისტორიაში. პანდემიის პერიოდში საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა, სოლო ალბომის ჩაწერა გადავწყვიტე და ექსტრემალური პირობების მიუხედავად, მაინც შედეგიანად ვიმუშავე. სოლო კარიერა გარკვეული ვალდებულებებისგან განთავისუფლებას გულისხმობს და სხვა მუსიკალურ ჟანრებში “ხეტიალის”, საკუთარი შესაძლებლობების განსხვავებულად მოსინჯვის საშუალებას იძლევა.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, კონცერტების გამართვას ხომ არ გეგმავთ?

– რამდენიმე კონცერტი უკვე მოვაწყვე, რამდენიმეს კი, იანვრის თვეში ვგეგმავ ჯერ ხონში, 5 იანვარს კი, თბილისში, დედაენის ბაღში ჯგუფ “რეგიონთან” ერთად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები