LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერის მოსმენისას ბევრს საკუთარი ცხოვრება გაახსენდება” – ნეკა სებისკვერაძე სიმღერის პრემიერით „არტ-FM”-ში

7
sebiskveradzeneka

გადაცემის ლაივი LIVE

16 აპრილს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM” ნეკა სებისკვერაძე სტუმრობდა ახალი სიმღერის “ჩემი დღე” პრემიერით.

– ნეკა, მართალია მომღერალი ხართ, მაგრამ სახელმწიფო სამსახურებშიც საკმაოდ აქტიურად მუშაობთ. სად უფრო მოგწონთ საქმიანობა?

– მართლაც უამრავ სფეროში მოვსინჯე საკუთარი შესაძლებლობები და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ერთნაირად საინტერესო, რაც მთავარია, საპასუხისმგებლო იყო. ძალიან მეამაყება, რომ მეც ვმონაწილეობდი იმ მნიშვნელოვანი პროექტების შექმნაში, რომლებიც დღესაც წარმატებით აგრძელებენ სიცოცხლეს. მართალია, ახლაც აქტიურად ვაგრძელებ მუშაობას, რადგან სრულად მინდა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, მაგრამ მუსიკა მაინც შეუცვლელია ჩემს ცხოვრებაში.

– რამდენად შემოსავლიანია მუსიკის სამყაროში საქმიანობა?

– რა თქმა უნდა, ნაკლებად შემოსავლიანია. თუმცა, მუსიკა არასდროს ყოფილა ჩემთვის შემოსავლის წყარო. მე შემოქმედებითი პროცესი და მსმენელისგან მიღებული დადებითი მუხტი, ენერგეტიკა უფრო მხიბლავს, ვიდრე სიმღერით მიღებული მატერიალური სარგებელი. გამუდმებით ძებნის პროცესში ვარ და ყოველთვის ფრთხილად ვარჩევ რეპერტუარს, რადგან მირჩევნია, ნაკლები სიმღერა მქონდეს, თუმცა აუცილებლად ხარისხიანი. არც ერთხელ არჩეულ ჟანრს ვღალატობ, რადგან მიჭირს იმის კეთება, რაც არ მიხდება ან ნაკლებად ბუნებრივია ჩემთვის.

– როგორ შეიქმნა სიმღერა “ჩემი დღე”?

– ტექსტი და მუსიკა აჩიკო გულედანს ეკუთვნის, რომელმაც მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ სტილში, საკმაოდ დიდი ხნის წინ შექმნა სიმღერა, რომელიც მხოლოდ ერთხელ შევასრულეთ დუეტში, მერე კი, რატომღაც დავივიწყეთ. ვფიქრობ, ყველაფერს თავისი დრო აქვს და “ჩემი დღეც” სწორედ ამ დღეს ელოდა. სიმღერა მეგობრებთან, ბრწყინვალე მუსიკოსებთან ლევან აბშილავასთან, შაკო ღელეყვასა და ზიკო ნაზღაიძესთან ერთად ჩავწერე, რომელთაც აბსოლუტურად განსხვავებული ჟღერადობა შესძინეს სიმღერას და ძალიან საინტერესო ვერსია შექმნეს.

– ვის მიუძღვენით ახალი ნამუშევარი?

– კონკრეტულად არავისთვის მიმიძღვნია, თუმცა ვფიქრობ, სიმღერის მოსმენისას ბევრს საკუთარი ცხოვრება გაახსენდება, რადგან მისი ტექსტი მართლაც ძალიან ბევრის მთქმელია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები