LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიურპრიზი გამიკეთა… მთელი ცხოვრების ოცნება ამისრულა” – ნინი ბადურაშვილმა გიორგი ჩიკვაიძეზე გავრცელებულ ჭორებს „არტ-FM“-ში უპასუხა

10
nini-badurashvili-art-fm-19

გადაცემის ლაივი LIVE

15 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ნინი ბადურაშვილი სტუმრობდა. რა სიახლეებია მის პირად და შემოქმედებით ცხოვრებაში, ამის შესახებ ნინიმ რადიოს ეთერში ისაუბრა.

– ნინი, რამდენად რთულია ცნობილი და მეტად პატივცემული ოჯახის ტრადიციების ღირსეულად გაგრძელება?

– მართალია, ყოველთვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან მუდმივად  ყურადღების ცენტრში ყოფნა გარკვეულ თავშეკავებას, ახლობლებისთვის ანგარიშის გაწევას ითხოვს, მაგრამ სასიამოვნო უფროა, ვიდრე რთული.

– საკუთარ სურვილებზე ხომ არ გითქვიათ ოდესმე უარი ოჯახის გავლენით?

– მსგავსი შემთხვევა არასდროს ყოფილა. ვრცელდებოდა ხმები, თითქოს დედა ზედმეტად აქტიურად ერეოდა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა სინამდვილეში ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც თვითონ მინდოდა. მართალია, ბევრჯერ ვინანე, მაგრამ მაინც დამოუკიდებლად მერჩივნა გადაწყვეტილების მიღება, შეცდომების დაშვება და ჭკუის სწავლა.


– რა ურთიერთობა აქვს ელენეს მამასთან?

– არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ და ძალიან უყვართ ერთმანეთი. მართალია, ირაკლი რუსეთში ცხოვრობს, მაგრამ მაინც ახერხებს ელენესთან მუდმივ კომუნიკაციას. უამრავი არასასიამოვნო ისტორია მსმენია მამებზე, რომლებიც სათანადო ყურადღებას არ აქცევენ შვილებს, თუმცა ირაკლი ბრწყინვალე მამაა. არასდროს მესმოდა მშობლების, რომელთაც შვილებზე გადააქვთ საკუთარი პრობლემები. ჩვენ თავიდანვე გავარკვიეთ და შევთანხმდით, რომ ელენე არასდროს იგრძნობდა ჩვენს უსიამოვნებებს.

– რამდენად გაღიაიანებთ ჭორები პირად ცხოვრებაზე? 

– რა თქმა უნდა, ხშირად ვრცელდება მსგავსი ჭორები, თუმცა ყველაზე  საწყენი და გამაღიზიანებელი მაინც ერთ-ერთი გაზეთის სტატია იყო, როცა ჩემი გარევა საზარელ მკვლელობაში სცადა. საბოლოოდ უკან დაიხია, რადგან მიხვდა, რომ ასეთ მძიმე ბრალდებაზე სასამართლოში მოუწევდა პასუხისგება.

– რამდენადაც ვიცი, ფილმი, რომელსაც მამა იღებდა, სხვა რეჟისორმა დაასრულა. რა ეტაპზეა შემოქმედებითი პროცესი და როდის შედგება პრემიერა?

– სამწუხაროდ, მამა სწორედ ფილმის გადაღებას შეეწირა, რადგან ყველა წვრილმანს განიცდიდა, ისიც კი, მითხრა, „ოღონდ ეს ფილმი დამასრულებინა და მერე მომკლაო“… ძალიან საწყენია, რომ ამგვარი კინოტრადიციების ქვეყანაში, პრაქტიკულად შეუძლებელია ფილმის გაკეთება, უამრავი ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორი გვყავს, რომლთაც მწირი ფინანსები აფერხებს არაჩვეულებრივი ნამუშევრების შექმნაში. მამას მთავარი პრობლემაც სწორედ ფინანსები იყო, ძალიან ნერვიულობდა, ერთის მხრივ დაფინანსებას, მეორეს მხრივ, გადასაღებ ობიექტებს ეძებდა და სწორედ ერთ-ერთ ლოკაციაზე გასული გაცივდა, მერე კი, მსუბუქი გაცივება, საბედისწერო ვირუსად იქცა. მამას გარდაცვალების შემდეგ, ყველამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ვიგრძენით და მისი დაწყებული საქმის ნებისმიერ ფასად ბოლომდე მიყვანა გადავწყვიტეთ. რეჟისორობა ფილმის პროდიუსერმა გიორგი თავართქილაძემ ითავა, ახლა მონტაჟის პროცესში ვართ, პრემიერას კი, წლის ბოლოს ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე აღმოჩნდა გადასაღებ მოედანზე მამას გარეშე მუშაობა, მით უფრო, რომ დღემდე ვერ მივიღე მისი გარდაცვალება. ძალიან ვგავდით ერთმანეთს ხასიათით და საოცარი მეგობრობა გვქონდა, სხვებზე უკეთ ესმოდა ჩემი და ალბათ, ვერასდროს შევძლებ მისი არყოფნით გაჩენილი სიცარიელის ამოვსებას.

– ზაფხულში კანში იმოგზაურეთ, სადაც მსოფლიოს საუკეთესო იახტების ფესტივალს მეგობართან, გიორგი ჩიკვაიძესთან ერთად სტუმრობდით. რა თქმა უნდა, უცებ გავრცელდა ხმები, თითქოს გიორგისთან რომანტიკული ურთიერთობა გაქვთ და მალე შეუღლებასაც გეგმავთ…

– მსგავსი ჭორები მუდმივად ვრცელდება. ყოველდღე სხვადასხვა ადამიანზე მათხოვებენ და ვეღარ გავთხოვდი. სინამდვილეში, გიორგი ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარია. მართალია, თვითონ ჰქონდა სიმპათია ჩემს მიმართ, მაგრამ ეს ბავშვური გრძნობა უფრო იყო, ვიდრე ნამდვილი სიყვარული. დღეს სიამოვნებით ვიხსენებ იმ პერიოდს და გიორგის – პუტკუნას და ძალიან საყვარელს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით, ვისთანაც არასდროს მოიწყენდი. რა თქმა უნდა, ჩვენ ისევ კარგი მეგობრები ვართ, თუმცა არც რომანტიკული გრძნობები გვაქვს, არც შეუღლებას ვგეგმავთ. უბრალოდ, როგორც მაიკლ ჯექსინის უდიდეს ფანს სიურპრიზი გამიკეთა, მონაკოში The Jackson 5-ის კონცერტზე დამპატიჟა და პრაქტიკულად მთელი ცხოვრების ოცნება ამისრულა. სწორედ იქ გამაცნო იახტების ფესტივალის ორგანიზატორი, რადგან თვითონ აქტიურადაა ჩაბმული ამ სფეროში და მომავალ წელს ბათუმშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიების მოწყობას, სადაც იახტის საუკეთესო დიზაინერები დაჯილდოვდებიან. სიმართლე ვთქვა, ძალიან ვღელავდი, რადგან ფესტივალის მთავარი მუსიკალური სტუმარი ვიყავი და ერთის მხრივ, ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარდგენას, მეორეს მხრივ, გიორგის იმედების სრულად გამართლებას ვცდილობდი.

– ერთნაირი წარმატებით საქმიანობთ სცენაზე, კინოსა და ტელევიზიაში. სად გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– რა თქმა უნდა, სცენაზე. მართალია, ყოველთვის ძალიან ვღელავ, მაგრამ ძალიან მიყვარს მუსიკა და ვფიქრობ, მღელვარებაც აბსოლუტურად ბუნებრივია.

– როგორც ვიცი, თეტრალურ ინსტიტუტში სწავლისას, ბატონ რობერტ სტურიასგან მიიღეთ შეთავაზება, თუმცა უარი უთხარით სპექტაკლში მონაწილეობაზე,

– პირველ კურსზე ვიყავი, როცა ბატონმა რობერტმა ოფელიას როლის შესრულება შემომთავაზა, თუმცა ძალიან შემეშინდა და უარი ვთქვი. ძალიან მოკლე ვადაში, პრაქტიკულად ორ კვირაში უნდა მომერგო როლი, რაც წარმოუდგენელი აღმოჩნდა ჩემთვის და მართალია, ძალიან გული დამწყდა, მაგრამ მაინც უკან დახევა ვარჩიე.

– საოცნებო როლი ხომ არ გაქვთ, ან საოცნებო დუეტი?

– ძალიან მომწონს სახასათო პერსონაჟები, ამიტომ სიამოვნებით მოვსინჯავდი კომედიურ როლს, დუეტი კი, უამრავ მუსიკოსთან ჩავწერე, რომელთა შორის ერთ-ერთი ბოლო ანრი ჯოხაძე იყო.

– ახლა რას საქმიანობთ, ახალ სიმღერაზე ხომ არ მუშაობთ?

– ერთდროულად რამდენიმე სიმღერაზე ვმუშაობ და კლიპის გადაღებასაც ვგეგმავ, რომელიც ვფიქრობ, საინტერესო და ძალიან განსხვავებული იქნება.

– რას ურჩევთ თქვენს თაყვანისმცემელს?

– არა მხოლოდ თაყვანისმცემელს, ზოგაგად ყველას სიკეთის კეთებას და ბოროტებაზე უარის თქმას ვურჩევ, რადგან ბოროტებას ბუმერანგის ეფექტი აქვს და ყოველთვის უკან ბრუნდება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები