LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სპექტაკლმა იტალიიდან თბილისში გადმოინაცვლა” – ოპერის თეატრი „ტოსკას“ პრემიერისთვის ემზადება

10
choxonelidzeoniani

გადაცემის ლაივი LIVE

2 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმრებმა, საოპერო მომღერლებმა ხათუნა ჭოხონელიძემ და გიორგი ონიანმა ჯაკომო პუჩინის ოპერის „ტოსკას“ პრემიერაზე ისაუბრეს, რომელიც თბილისის ოპერის თეატრში გაიმართება.

პუჩინის ფესტივალის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ერთობლივი ნამუშევარი, პირველად 2018 წელს დაიდგა ტორე დელ ლაგოში იტალიელი რეჟისორის ჯან-კარლო დელ მონაკოს ხელმძღვანელობით, წელს კი, სპექტაკლს თბილისი უმასპინძლებს.

– ბატონო გიორგი, როდის წარსდგებით პუბლიკის წინაშე „ტოსკას“ პრემიერით?

– პრემიერა 5 აპრილს შედგება, საერთო ჯამში კი, ექვს დადგას (6, 7, 10, 13 და 14 აპრილს) შევთავაზებთ მაყურებელს. თუმცა სპექტაკლი ოპერის თეატრის საკუთრებაა და მუდმივად იქნება მის რეპერტუარში.

– ბატონი ლადო ათანელისთვის „ტოსკა“ მე-100 საიუბილეო სპექტაკლია, თქვენ როდის გადააბიჯეთ ასეულის ზღვარს?

– პირველ ასეულს მართლაც გადავაბიჯე, თუმცა როდის ნამდვილად არ მახსოვს.

– რამდენადაც ვიცი, თქვენ „ტოსკას“ იტალიურ დადგამშიც მონაწილეობდით?

– „ტოსკას“ პრემიერა მართლაც გასული წლის ზაფხულში შედგა იტალიაში, პუჩინის ფესტივალზე, სადაც ჩვენი თეატრი პარტნიორის სტატუსით მიიწვიეს. მახსოვს, საშინელი სიცხე იყო, რეპეტიციები კი, ძალიან დამღლელი აღმოჩნდა, თუმცა სრულად აგვინაზღაურდა შრომა, რადგან პრემიერამაც ბრწყინვალედ ჩაიარა და შეფასებაც არაჩვეულებრივი დავიმსახურეთ. ძალიან მიხარია, რომ სპექტაკლმა იტალიიდან თბილისში გადმოინაცვლა და ჩვენს მაყურებელსაც მიეცა მისი ნახვის საშუალება, მით უფრო, რომ წარმოდგენა ცისანა ტატიშვილის ხსოვნას მივუძღვნება.

– ყველაზე რთულ პრემიერას ხომ ვერ გაიხსენებთ, რომელიც ახლა მხოლოდ ღიმილს გგვრით?

– ნებისმიერი პრემიერა რთულია, განსაკუთრებით ამაღელვებელი კი, ახალი როლის პირველად მორგებაა. სხვათაშორის, „ტოსკაში“ ჩემი დებიუტი სწორედ თბილისში შედგა ბატონ ჯანსუღ კახიძის ხელმძღვანელობით. პრემიერას ოჯახური ტრაგედია – ბებიას გარდაცვალება დაემთხვა და ორმაგად რთული აღმოჩნდა სცენაზე გამოსვლა, კავარადოსის დახვრეტის სცენაში თამაშიც არ დამჭირდა, რადგან აბსოლუტურად გულწრფელად ავტირდი.

– რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთ პრემიერას ძლივს მიუსწარით და პირდაპირ აეროპორტიდან მოგიხდათ სცენაზე გასვლა?

– მსგავსი კურიოზი მართლაც მქონდა. რიგის თეატრში ისევ „ტოსკას“ პრემიერისთვის ვემზადებოდით. ზამთარი იყო, კლიმატური პირობები ვერ გავითვალისწინე,  თვითმფრინავმა კი, დააგვიანა და პრემიერასაც ძლივს მივუსწარი, მხოლოდ ჟილეტი შემომაცვეს და პირდაპირ სცენაზე შემაგდეს.

– ქალბატონო ხათუნა, „ტოსკაში“ თქვენი დებიუტი შედგება. განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ, რომელსაც ტრადიციულად სცენაზე გასვლის წინ მიმართავთ?

– გასულ თვეში ვერდის „დონ კარლოსში“ ელიზაბეტის პარტია შევასრულე და მართალია, მანამდეც ნამღერი მქონდა, მაგრამ მაინც ძალიან ვღელავდი, ამიტომ „ტოსკას“ დებიუტისთვისაც განსაკუთრებით ვემზადები და ისევ ძალიან ვღელავ, განსაკუთრებული რიტუალი კი, არასდროს მქონია.

– როგორ გადაწყვიტეთ პუჩინის ოპერაში მონაწილეობა?

– სწორედ „ტოსკაში“ მინდოდა ლადო ათანელის პარტნიორობა, ამიტომ ძალიან ავფორიაქდი, როცა გავიგე, იტალიაში დადგმული წარმოდგენა მთელი თავისი დეკორაციით და არაჩვეულებრივი კოსტიუმებით თბილისში ჩამოდიოდა. პირველ რიგში ჩემს მაესტროს, თეატრის ხელმძღვანელობას ვკითხე, რამდენად მოვერგებოდი ტოსკას პარტიას და როცა თანხმობა მივიღე, აქტიურად შევუდექი მზადებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები