LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტომატოლოგი ერთადერთი სპეციალისტია, ვისაც ძალადობის ნებისმიერი ნიშნის ამოცნობა შეუძლია – ზურაბ ალხანიშვილი

3
zurab-alxanishvili-news5545455

გადაცემის ლაივი LIVE

31 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი სტუმრობდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გამოცემულ ახალ სახელმძღვანელოზე ისაუბრა.

– ბატონო ზურაბ, რამდენიმე დღის წინ სტომატოლოგებისთვის შექმნილი ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია შედგა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. კონკრეტულად რას წარმოადგენს ნაშრომი „აქციე შენი კლინიკა ბრენდად“, რომლის შექმნაზე უზარმაზარი ჯგუფი მუშაობდა?

– ძალიან საინტერესო ცვლილებები ხორციელდება სტომატოლოგიის დარგში, რამაც იმ საკითხებზე საჯაროდ საუბარი გადაგვაწყვეტინა, რომელთაც მანამდე ნაკლებად ექცეოდა ყურადღება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მენეჯმენტი მაქვს მხედველობაში, რომლის გამართული მუშაობა, კლიენტების მაქსიმალურ ზრდას უწყობს ხელს. სწორედ გახშირებული მომართვების საპასუხოდ და გარკვეული საკითხების დასარეგულირებლად მოამზადა სტომატოლოგიის ასოციაციამ ერთგვარი გზამკვლევი. მთელი 3 წელი ვმუშაობდით და საბოლოოდ მეტად მოცულობითი ნაშრომი მივიღეთ,  რომელიც საგრძნობლად შევამცირეთ და სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ერთგვარ საბაზისო სახელმძღვანელოდ გამოცით.

– მართალია, თქვენი სახელმძღვანელო სტომატოლოგებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ წიგნი სხვა დარგის სპეციალისტებითვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა,

– თავიდან წიგნს „სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტი“ ერქვა, მოგვიანებით კი, სახელი შეუცვალეთ, რადგან ჩავთვალეთ, რომ ნაშრომი მართლაც მასტაბური იყო და სხვა დარგებსაც გამოადგებოდა. რა თქმა უნდა, ზოგადი შაბლონი სტომატოლოგიურ კლინიკას მოვარგეთ, თუმცა უნივერსალური თემებიც მრავლად განვიხილეთ. სხვათაშორის, წიგნზე 72 ადამიანი მუშაობდა, რომელთა შორის მრავლად იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რისთვისაც ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

–  მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თქვენს სახელმძღვანელოში ინფექციების კონტრლის თემას. კონკრეტულად რა რეკომენდაციებს სთავაზოთ სამედიცინო საზოგადოებას?

– მართალია, რამდენიმე წელია ვმუშაობთ ინფექციების კონტროლის საკითხებზე, გვაქვს ჩვენი ტრეინინგ-პროგრამები და გაიდლაინები, მაგრამ ყველაფერს მაინც საბაზისო ხასიათი ჰქონდა, სახელმძღვანელოზე მუშაობისას კი, გადავწყვიტეთ თემა უფრო ვრცლად და დეტალურად განგვეხილა, რაშიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ნარჩენების მართვის თემის შესწავლაში კი, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს სახიფათო ნარჩენების დეპარტამენტი დაგვეხმარა, რისთვისაც დიდად ვემადლიერებით.

– თქვენი სახელმძღვანელოს გარეკანზე სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგოა გამოტანილი, საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეთ წიგნის ამგვარად გაფორმება?

– სახელმძღვანელოს შვიდი ავტორი სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმოამადგენელია. წიგნის გამოცემამდე, ნაშრომი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გავაცანით, რომელმაც სპეციალურმა საბჭო მოიწვია, ჯერ რეკომენდაცია გაგვიწია, მერე კი, კოლექტიურად გავაგრძელეთ მუშაობა და ერთობლივი ნამუშევრიც სწორედ უნივერსიტეტის ლოგოთი გამოვეცით.

– რამდენად რთული იყო შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის სპეციფიური სამედიცინო მომსახურების საკითხებზე მუშაობა?

– შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მომსახურება ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი თემაა ჩემთვის, დიდი დრო დავუთმე მასზე მუშაობას პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად და საკმაოდ მოცულობითი მასალა შევქმენი, რომელსაც აუცილებლად გამოვცემთ დამოუკიდებლად, სახელმძღვანელოში კი, მხოლოდ ყველაზე მოთხოვნადი ნაწილი შევიტანეთ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის შესაბამისი გარემოს მოწყობას და აუცილებელი პირობების უზრუნველყოფას ეხება.

– რამდენად მზად არიან კლინიკის ხელმძღვანელები თქვენი რეკომენდაციების გასათვალისწინებლად და ცვლილებების განსახორციელებლად?

– ვფიქრობ, ამგვარი პაციენტებისთვის დღეს ბევრად უფრო მოსახერხებელი გარემოა შექმნილი, ვიდრე წლების წინ იყო. თუმცა, პრობლემად რჩება ბავშვთა ძალადობის თემა.

– კონკრეტულად რას გულისხმობს ძალადობა, რას შეიძლება მიაკვლიოს სტომატოლოგმა?

– ბევრმა არ იცის, მაგრამ სტომატოლოგი ერთადერთი სპეციალისტია, ვისაც ძალადობის ნებისმიერი ნიშნის ამოცნობა შეუძლია, რადგან თუ სხვაგან შესაძლებელია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის ნიშნების დამალვა, პირის ღრუსა და ლორწოვანაზე მისი შენიღბვა შეუძლებელია.

– საკმაოდ ვრცელი თავი მიუძღვენით პერსონალური მონაცემების დაცვას. საინტერესოა, ვისთან გაიარეთ კონსულტაცია თემაზე მუშაობისას?

– ინფორმაციის კონფიდენციალურობა, დოკუმენტაციის გაცემის წესები და ვიდეო თვალთვალი სამედიცინო დაწესებულებებში – სწორედ ის თემებია, რომლებიც განურჩევლად ყველა სპეციალისტს აინტერესებს და მართალია, საკითხები მეტ-ნაკლებად დარეგულირებულია, მაგრამ პრობლემები პაციენტებთან ერთად მედიკოსებსაც ხშირად ექმნებათ. სანამ ჩვენ წიგნზე ვმუშაობდით, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა საკმაოდ დეტალური და სიღრმისეული გზამკვლევი გამოუშვა ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის. სწორედ ამ გზამკვლევზე დაყრდნობით დავიწყეთ სტომატოლოგებისთვის ცალკე დოკუმენტის დამუშავება, რაშიც შენიშვნებითა და კომენტარებით ინსპექტორის აპარატიც  დაგვეხმარა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები