LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტომატოლოგია როგორც ხელოვნება: როგორ მივიღოთ ლამაზი ღიმილი

23
IMG-0532

გადაცემას “Smile Care” სტუმრობდა ორთოპედი დიეგო ზარანდია, რომელიც თან მხატვარიცაა და პაციენტებს ლამაზი ღიმილის მიღწევაში ეხმარება.

დიეგო, ძირითადად რა მოთხოვნებით მოგმართავენ პაციენტები?

პაციენტებს სურთ ლამაზი, თეთრი, ჰოლივუდის ღიმილი. ძირითადად ვინირებზე მომმართავენ, თუმცა როგორც წესი, დიაგნოზის დასმის შემდეგ 99%-ს ცირკონო-კერამიკებს ვუკეთებ.

რა სხვაობაა ვინირსა და ცირკონო-კერამიკის გვირგვინს შორის?

დიაგნოზის დასმის დროს ვითვალისწინებთ კბილის ფერს, დგომას, რადგან ვინირის გაკეთება ყველა შემთხვევაში ვერ მოხდება. ვინირი არის თხელი ფირფიტა და მინიმალური ინვაზიით კეთდება. ვინირს არ უყვარს მუქი ფერის კბილი, ნერვმკვდარი კბილი. ის იმდენად თხელია, რომ შეიძლება კბილის ფერი მიიღოს და სასურველი სტრუქტურა არ გამოვიდეს.

21-ე საუკუნეში კბილის ესთეტიკა ძალიან დიდ როლს თამაშობს. როგორ იქმნება ღიმილის დიზაინი?

კონსულტაციის დროს, როდესაც პირის ღრუში ექსკურსიას ვატარებ, პირველ რიგში ვსწავლობ თუ რა სურს პაციენტს, როგორი კბილის დიზაინი მოსწონს. ზოგჯერ მოდის პაციენტი, რომელსაც გენეტიკურად მეჩხერი ან მოკლე კბილები აქვს და უნდა რომ ღიმილის დროს კბილები უფრო მეტად უჩანდეს. ფოტოგრაფირებით ვაგეგმარებ დიზაინს, ვუხსნი პაციენტს თუ რომელი ფორმა მოუხდება და თუკი შევთანხმდით ვიწყებთ მუშაობას.

ბევრ სხვა ნიუანსს შორის, მნიშვნელოვანი ფაქტორია ფოტოგრაფირება..

ფოტოგრაფირების გარეშე მე არ ვმუშაობ. ეს მეთოდი მეხმარება იმაში, რომ პაციენტს უკეთ დავანახო თუ რა დიზაინი მოუხდება. ყველამ წინასწარ იცის, თუ რა შედეგს მიიღებს.

ძირითადად რა კონტინგენტი, რა ასაკობრივი ჯგუფი მოგმართავთ ესთეტიკური პრობლემით?

ჩემთან ძირითადად 19-დან 40 წლამდე პაციენტები მოდიან და მათი უმრავლესობა ქალბატონები არიან. ყველას უნდა ლამაზი, თეთრი კბილები. მაგრამ პაციენტი არ აქცევს ყურადღებას იმას, რომ პაროდონტოლოგიური თუ ორთოდონტიული პრობლემა აქვს, ბევრი მათგანი დეფორმირებული კბილებით მოდის. შესაბამისად, კონსულტაციის შემდეგ პაციენტს ვაყენებ საქმის კურსში, რომ ჯერ ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება გვჭირდება და ამის შემდეგ ხდება უშუალოდ დიზაინზე მუშაობა. სამწუხაროდ, უფრო ხშირად მოდიან 19-20 წლის პაციენტები, რომლებსაც არ უნდათ კბილების გასწორება ბრეკეტებით, უფრო სწრაფი შედეგის მიღება სურთ და ასეთ შემთხვევაში უარის თქმა მიწევს.
ხოლო, თუკი პაციენტი მკურნალობის მეთოდზე თანახმაა, შემდეგ უკვე გუნდურად ხდება სიტუაციის შეფასება და დაგეგმარება.

რა განსხვავებაა საკუთარ კბილზე გვირგვინის და იმპლანტზე გვირგვინის მორგების შემთხვევაში?

იმპლანტაციის მომხრე ვარ, 20-25 წლის წინ სტომატოლოგებს არ ჰქონდათ ასეთი ფუფუნება და პაციენტი წლების განმავლობაში იტანჯებოდა მოსახსნელი კონსტრუქციებით. დღეისათვის არიან პაციენტები, ვისაც ვინირებს ან ცირკონებს საკუთარ კბილებზე ვუკეთებ, არიან ისეთებიც, ვისაც იმპლანტები აქვს და ორივე შემთხვევაში პაციენტი ინფორმირებულია თუ როგორი იქნება ღიმილის საბოლოო სახე. ვცდილობ იმპლანტაციის დროს, ისევე როგორც საკუთარი კბილის შემთხვევაში, შედეგი ესთეტიკურად ლამაზი გამოვიდეს. როდესაც იმპლანტაცია კარგად არის გაკეთებული, ლამაზი ღიმილის მიღება ძალიან მიმარტივდება.

რამდენად გეხმარებათ ხატვა კბილების დიზაინის შექმნისას?

ჩემი პირადი მოსაზრება ასეთია, რომ სტომატოლოგია და ზოგადად მედიცინა არის ხელოვნება. ჩემი მხატვრობა და ხედვა ძალიან მეხმარება, წინასწარ ვიცი თუ რა მოუხდება პაციენტს და საბოლოო შედეგის შესახებ დროულად ვაფრთხილებ. ბუნებრივია, პაციენტის აზრსაც ვითვალისწინებ და გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ. შესაძლებელია ძალიან ლამაზი დიზაინი გააკეთო, თუმცა პირის ღრუში გადატანის შემდეგ კონკრეტული ადამიანის ხასიათს ასცდეს.

რამდენჯერ არის შესაძლებელი დიზაინის ცვლილება, კორექცია?

ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა საბოლოო მაჩვენებელი 4-ჯერ გადამიკეთებია. ანუ მანამ, სანამ პაციენტმა სასურველი შედეგი არ მიიღო. ჩემს პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როცა პაციენტს ძალიან გრძელი კბილები სდომებია, ჩამისვამს და აღარ მოსწონებია. მეორე მხრივ ისეთი შემთხვევაც მქონდა, როცა მე არ მომწონებია შედეგი, წამიღია გვირგვინები ლაბორატორიაში და გადამიკეთებია. არასდროს გავატან პაციენტს ისეთ კბილებს, რომელიც არ მომწონს.

თუკი პაციენტს სხვა პროფილის ექიმის დახმარება არ სჭირდება, რა ვადებში ასრულებთ სამუშაოს?

ყველა პაციენტი ჩქარობს, მალე უნდა ლამაზი ღიმილის მიღება. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და სამუშაოს სირთულეზეა დამოკიდებული. თუკი პაციენტს ვინირის გაკეთება იმპლანტზე სურს, ჩახრახნიდან 3-4 თვე უნდა გავიდეს და ჩემს საქმეს მხოლოდ ამის შემდგე ვიწყებ. თუ აქვს პაროდონტოლოგიური პრობლემები და ღრძილებთან მაქვს სამუშაო, ამ შემთხვევაშიც არის გარკვეული ნიუანსები. ხოლო, თუკი ყველაფერი მოწესრიგებულია და პაციენტს უბრალოდ ფორმა და ფერი არ მოსწონს, სამუშოს 2-3 კვირაში ვასრულებ.



ორთოპედიული კონსტრუქციის გაკეთებისას რა რისკები და გართულებები არსებობს?

რისკები არის იმ შემთხვევაში, როცა ორთოდონტიულ და პაროდონტოლოგიურ პრობლემებს არ ვითვალისწინებთ. თუკი ეს პრობლემები არ არის მოგვარებული და პირდაპირ ესთეტიკაზე ვიწყებთ ზრუნვას, შესაძლოა ვინირი ან თვითონ კბილი გადატყდეს. ჰიგიენის დაცვაც აუცილებელია, ისევე როგორც ზედმეტად მყარი საკვების მიღება არ არის სასურველი. მუშაობის დროს მომავალში გართულებების რისკს მინიმუმამდე ვამცირებთ.

როგორ უნდა მოუაროს პაციენტმა თქვენს მიერ შექმნილ ღიმილს?

ჰიგიენა აუცილებელია, დღეს სტომატოლოგიაში უამრავი საშუალება გვაქვს, რაც კბილებს შორის ჰიგიენის დაცვაში გვეხმარება. არ არის სასურველი ჯაგრისის უხეშად გამოყენება, რამაც შესაძლოა ღრძილის რეცესია ანუ აწევა გამოიწვიოს. მოკლედ უნდა შეირჩეს სპეციალური ჯაგრისი. ხელოვნურ გვირგვინს აქვს თავისი ვადა, 5-10 წელი, პაციენტი ვიზიტზე წელიწადში 2-ჯერ მოდის და კბილების მდგომარეობას დეტალურად ვაფასებ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც კონსტრუქცია პაციენტს 15-20 წელი ჰქონია და დღემდე არაჩვეულებრივად აქვს.

ღიმილის შექმნის შემდეგ სჭირდებათ თუ არა თქვენს პაციენტებს პლასტიკური ქირურგის ჩარევა, მაგალითად ნაკვთების შესაცვლელად?

გვქონია შემთხვევები, როდესაც ღიმილის დიზაინი შემიქმნია, პაციენტს დაურეკავს 2 თვის შემდეგ და უთქვამს, რომ თქვენი ჩასმული კბილები საერთოდ არ მიჩანსო. მიზეზი კი ის აღმოჩენილა, რომ ტუჩების კორექტირების შემდეგ კბილების ფორმა გადაფარულა. ამიტომ როცა ვგეგმავ დიზაინს, პაციენტს ვეკითხები ხომ არ აპირებს ტუჩის კორექციის გაკეთებას და თუკი აპირებს, მირჩევნია, რომ ჯერ ეს ჩარევა მოხდეს და კბილები შემდეგ გავაკეთო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები