LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწორედ ამგვარი შეკრებების წყალობით დავიწყეთ სახალისო პროექტი „ანოსთან და მახოსთან“ – სიმღერის პრემიერა „არტ-FM“-ში

3
kavlelishvilisuxitashvili

გადაცემის ლაივი LIVE

14 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“  ანუკი ცქვიტინიძე, ანი კავლელიშვილი და გიორგი სუხიტაშვილი სტუმრობდნენ ახალი სიმღერის „გული გულს“ პრემიერით.

– როგორ შეიქმნა სიმღერა „გული გულს“?

– (ანი კავლელიშვილი) მეგობრები ხშირად იკრიბებიან ჩემს ოჯახში. სწორედ ამგვარი შეკრებების წყალობით დავიწყეთ სახალისო პროექტი „ანოსთან და მახოსთან“. ერთ-ერთ შეხვედრაზე, როცა არაჩვეულებრივი გარემოს ფონზე, ჩვენც საოცრად კარგ ხასიათზე ვიყავით და ტრადიციულად ვმუზიცირებდით, ნინო დიასამიძეს გიორგისთვის განსაკუთრებული მუსიკალური საჩუქრის გაკეთების სურვილი გაუჩნდა. გადავწყვიტეთ, რომ მუსიკას ახალი სიმღერისთვის ანუკი დაწერდა, მე კი, ტექსტით დავეხმარებოდი. თავიდანვე განვსაზღვრეთ სიმღერის შინაარსი, რომელიც აუცილებლად სიკეთესა და მეგობრულ სიყვარულზე იქნებოდა. რა თქმა უნდა, მეგობრობა ყველასთვის ძვირფასია, მაგრამ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ერთმანეთით ვცოცხლობთ და სწორედ ერთად ყოფნით შევძელით ყველა სირთულის, მათ შორის პანდემიის დაძლევა, ამიტომ სიმღერა, რომელმაც უფრო მეტად დაგვამეგობრა, მართლაც გულწრფელად და მთელი გულით შევქმენით.

– (ანუკი ცქვიტინიძე) ისე ემოციურად მომითხრო ნინომ საკუთარ ჩანაფიქრზე, რომ მეც სიხარულით შევუდექი მუსიკაზე მუშაობას და ძალიან მალე, პრაქტიკულად ერთ დღეში დავწერე.

– როგორ იქნება კარგი სიმღერა?

– არასდროს არ იცი, რა გამოვა საბოლოო ჯამში. არც ამ შემთხვევაში ვიცოდი. მართალია, ძალიან მომწონს გიორგი, როგორც მუსიკოსი და როგორც ადამიანი, მაგრამ ჩემი შემოქმედება ძალიან განსხვავდება მისი მუსიკალური სტილისგან. თავიდან ცოტა ავღელდი, ამიტომ ინტუიციას მინდობა გადავწყვიტე და მე მგონი გაამართლა.

– გიორგი, როგორ გაიგეთ, რომ თქვენთვის სიმღერა დაიწერა?

– შესანიშნავ ხასიათზე ვიყავი, როცა ნინომ დამირეკა და მითხრა, რომ დაბადების დღეზე სიმღერას მჩუქნიდა. ძალიან გამიხარდა, რადგან არასდროს მიმიღია მსგავსი საჩუქარი. ვფიქრობ, ცოტა ნოსტალგიური, თუმცა ძალიან მელოდიური და ლამაზი სიმღერა გამოვიდა. სამწუხაროდ, დღეს ძალიან დეფიციტურია მსგავსი შინაარსის, ასეთი მელოდიური კომპოზიციები, ძალიან საწყენია, რომ სულ უფრო მეტად უფასურდება ადამიანური ურთიერთობა, რომლის გარეშე პირადად მე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. სხვათა შორის, ძალიან უცნაურად შევარჩიეთ სიმღერის სათაური, რამდენიმე ვერსია გვქონდა, ვერაფრით გადავწყვიტეთ და საბოლოოდ მონეტა ავაგდეთ.

– გაქვთ თუ არა საახალწლო ტრადიცია?

– (ანუკი ცქვიტინიძე) ანო არაჩვეულებრივი კულინარია. ყოველთვის უგემრიელეს კერძებს ამზადებს და არც ჩვენ გვინდობს, რადგან გემრიელად მირთმევის დროს ყველას გვავიწყდება ზედმეტი კილოგრამები. ჩვენ ძალიან ტრადიციული ოჯახი გვაქვს, ამიტომ ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდებით. დარწმუნებული ვარ, არც წელს ვუღალატებთ ტრადიციას, ჯერ მეუღლესთან და შვილებთან ერთად აღვნიშნავ 2022 წლის მობრძანებას, მერე მშობლებს მივულოცავთ, ბოლოს კი, ანოს და მახოს ვესტუმრებით.

– განსაკუთრებული კერძი, რომელიც თქვენს სადღესასწაულო სუფრას ამშვენებს?

– (ანი კავლელიშვილი) კულინარიამ რამდენიმე წლის წინ გამიტაცა, მანამდე საშინაო საქმეებით ოჯახის წევრები იყვნენ დაკავებული. ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა კერძების მომზადება, თუმცა ბევრად სასიამოვნოა კომპლიმენტების მიღება, როცა ყველას მოსწონს შენი ნახელავი. რაც შეეხება სადღესასწაულო სუფრას – მართალია, ჩვენს მენიუში უამრავი უცხოური კერძია, მაგრამ საცივისა და შემწვარი გოჭის, ჩურჩხელისა და გოზინაყის გარეშე ჩვენთვის ახალი წელი წარმოუდგენელია.

– (გიორგი სუხიტაშვილი) სადღესასწაულო სუფრით ნაკლებად ვინტერესდები, რადგან 2003 წლის შემდეგ, სულ გარეთ ვარ რომელიმე ღონისძიებაზე. მხოლოდ პანდემიის დროს შევხვდი ახალ წელს სახლში და საოცარი დისკომფორტი ვიგრძენი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დავკარგე. საერთოდ, ჩემთვის ახალი წელი 5-6 იანვრიდან იწყება, რადგან მანამდე სულ დაკავებული ვარ. სავარაუდოდ, 2022 წელსაც რომელიმე ღონისძიებაზე შევხვდები.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– (ანი კავლელიშვილი) სულ მალე ჩემი და ანუკის ორი ერთობლივი ნამუშევარი გამოვა,  ერთი საახალწლო, მეორე კი – სატრფიალო სიმღერა იქნება. გარდა ამისა, აქტიურად ვემზადებით ანუკის და გელას გრანდიოზული კონცერტისთვის, რომელსაც ძალიან საინტერესო პროგრამა ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები