LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ტაისიას ძალიან ლამაზი ხმა აღმოაჩნდა, საოცარი გამბედაობა გამოიჩინა და ცოცხლი შესრულებით წარსდგა პუბლიკის წინაშე” – ქრისტინე იმედაძე „არტ-FM“-ში

4
qristineimedadzeartfm

გადაცემის ლაივი LIVE

11 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ქრისტინე იმედაძე სტუმრობდა სიმღერის „მიყვარხარ“ („ვის რა ვკითხო“) პრემიერით.

– ქრისტინე, ძალიან სასიამოვნოა რომ არა მხოლოდ ბიზნესსა და ტელევიზიაში, არამედ მუსიკალურ სფეროშიც აქტიურად მოღვაწეობ,

– რა თქმა უნდა, სწორედ მუსიკოსობაა ჩემი მთავარი და ყველაზე საყვარელი პროფესია. მართალია, პაუზა გამიგრძელდა, რადგან ვერაფრით გადავწყვიტე რა მინდოდა, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით, მე სწორედ პანდემიის პერიოდში გამოვფხიზლდი.

– მართალია, უამრავი საქმე გაქვს, მაგრამ ალბათ ოჯახი და შვილი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია?

– მიხარია, რომ ტაისიას ძალიან ლამაზი ხმა აღმოაჩნდა. მართალია, მანამდეც დადიოდა მუსიკაზე, მაგრამ რამდენიმე თვის წინ სერიოზულად მოკიდა ხელი მეცადინეობას და პირველი გამოსვლაც მოაწყო. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან არაჩვეულებრივად იმღერა.  ცოტა ინერვიულა, თუმცა საოცარი გამბედაობა გამოიჩინა და ცოცხლი შესრულებით წარსდგა პუბლიკის წინაშე. სხვათა შორის, ტაისია ჩვენს პედაგოგთან, ქალბატონ რუსუდან ბახტაძესთან დადის სიმღერის გაკვეთილებზე, რომელმაც ჯერ ჩემი თაობა აღზარდა, ახლა ჩვენს შვილებზე ზრუნავს.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

– ჯერჯერობით სადღესასწაულო რეჟიმით ვცხოვრობ, ჩვენთან ხომ ახალი წელი იანვრის ბოლომდე გრძელდება. მართალია, გარკვეული გეგმები მაქვს და მუშაობისთვისაც მზად ვარ, მაგრამ კონკრეტულად არაფრის თქმა არ შემიძლია. სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში მოვსინჯე საკუთარი თავი, ერთგვარი ექსპერიმენტების წელი მქონდა, თუმცა საბოლოოდ რა გამოვა ჯერ არ ვიცი. სიმართლე ვთქვა, ძალიან ზარმაცი ვარ, არასდროს მიყვარდა მუშაობა, ახლა კი, საოცარი ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ, ყველა სფეროში მომწონს მუშაობა და უამრავი რამის გაკეთება მინდა.

– როგორ შეაფასებ ბიზნეს გარემოს საქართველოში?

– ნამდვილად არ მაქვს იმდენი გამოცდილება, რომ ქართული ბიზნესი შევაფასო, თუმცა ძალიან მომწონს მეგობრებთან ერთად სპორტული სამოსის შექმნა.

– ვის მიუძღვენი სიმღერა „მიყვარხარ“?

– ზუსტად იგივე მკითხეს რამდენიმე დღის წინაც, თუმცა არ ვიცი, რატომ ჩათვალეთ, რომ სიმღერა აუცილებლად ვინმეს ეძღვნება. არსებობს კომპოზიციები, რომელთა ტექსტი და მუსიკა თავად გადმოსცემენ ემოციას და საერთოდ არაა საჭირო ვინმესთვის მიძღვნა. ძალიან მიყვარს ქალბატონი მანანა თოდაძე და მისი სიმღერები, არაჩვეულებრივად ვიმუშავე ჯგუფის „რეზო და ბავშვების“ წევრებთან და ვფიქრობ, კარგი ვერსია ჩავწერეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ანრი ჯოხაძეს, რადგან სწორედ მისი იდეით გაკეთდა სიმღერა „პრაიმშოუს“ საახალწლო გადაცემისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები