LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათა ქართველიშვილი – გოგონა, რომელმაც ქართველი დიზაინერები მსოფლიო ვარსკვლავებს გააცნო

მოდის PR სააგენტო ლოს ანჯელესში და კომპანიის ქართველი დამფუძნებელი, თათა ქართველიშვილი, რომელიც მსოფლიოს ქართულ ბრენდებსა და საქართველოს აცნობს. თათამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ამერიკაში დაწყებული საქმიანობა გაიხსენა. სწორედ მისი კომპანიის წყალობით #TATAPR დღეს ბევრი ნიჭიერი ქართველი დიზაინერის შესახებ მსოფლიო ვარსკვლავებმა იციან. რომელ „სელებრითები“ ანიჭებენ უპირატესობას ქართველ დიზაინერებს და რა სირთულეები ახლავს თან მოდის ინდუსტრიაში საქმიანობას, ინტერვიუდან შეიტყობთ.

როგორ გახსენდება პირველი დღე, როცა აშშ-ში ჩაფრინდი და გაჩნდა იდეა გაგეკეთებინა სააგენტო?

თათა ქართველიშვილი:

ექვსი წელია, რაც ამერიკაში გადმოვედი საცხოვრებლად. იდეა იმისა, რომ გამეკეთებინა ქართველი დიზაინერების კონცეპტუალური მაღაზია, მალევე გაჩნდა, რომელიც ონლაინ ვერსიით განხორციელდა. პირველი წარმატება, მას შემდეგ მოვიდა რაც 2017 წელს ყველაფერი ნულიდან და დამოუკიდებლად დავიწყე. ადაპტაციის შემდეგ გაჩნდა იდეა ქართველი დიზაინერები ამერიკისთვის გამეცნო. მიხარია, რომ მართალი აღმოვჩნდი. ეს დიდი ბაზარია. რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ ვხედავ, რომ დიდი ინტერესია ქართველი დიზაინერებისა და ზოგადად, ქართული მოდის მიმართ. სელებრითებს ძალიან მოსწონთ ქართველი დიზაინერები.

როგორ შედგა პირველი კომუნიკაცია ცნობილ ვარსკვლავებთან?

სირთულესთან იყო დაკავშირებული კომუნიკაცია და ეს პროცესი 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მუდმივად ვმუშაობდი დამემყარებინა ისეთი კონტაქტები, რომელიც შედეგს დადებდა. როცა ქართული პროდუქცია ამერიკაში ჩამოვიტანე, მივხვდი, რომ არ იცნობენ დიზაინერებს და გვჭირდება პიარი. მთავარი მიზანი იყო ცნობილ სტილისტებთან დამემყარებინა საქმიანი ურთიერთობა, შეგვეთავაზებინა ქართული პროდუქცია და უკვე მორიგ ეტაპზე გვენახა სხვადასხვა სამოსი თუ აქსესუარები „სელებრითებზე“. საქართველოში შედარებით ადვილია წარმატების მიღწევა, რადგან კონტაქტების მოძიებაც იოლია. თუმცა, აქ რთული იყო რადგან თავიდან ამ სფეროში არავის ვიცნობდი. მთავარი ის არის, რომ როცა გაქვს მიზანი, ყველაფერს აღწევ. ნაყოფიერი და რთული შრომის შემდეგ კარგი შედეგები გვაქვს. ყველაზე რთულია სტილისტი დაინტერესდეს შენით. შეგამჩნიოს, რომ შენ ცდილობ მასთან დაკავშირებას.

გვითხარი ვარსკვლავებზე, რომლებიც ქართველი დიზაინერებით ინტერესდებიან?

სხვადასხვა დროს სხვადასხვა ბრენდზე არის ხოლმე მოთხოვნა. გააჩნია, როგორ კოლექციას აჩვენებს დიზაინერი. ძალიან ბევრი დიზაინერი გვყავს, უკვე და ბევრი ძალიან ნიჭიერია, ამ ეტაპზე შემიძლია დავასახელო ქენდალ ჯენერი, რომელიც ძალიან ხშირად ირგებს ქართველი დიზაინერების სამოსს და მათ შორის აქსესუარებს. რამდენიმე დიზაინერს გამოვყობ, ნათია ხუციშვილსა და ლაკო ბუკიას. მათი აქსესუარები თითქმის ყველა სელებრითმა მოირგო. ძალიან მოთხოვნადია გიორგი ქებურიას სამოსი. ANOUKI, DALOOD-ი. რამდენიმე ბრენდია, რომელიც სტილისტებმა იციან. თავიდან საერთოდ არავის იცნობდნენ. ერთადერთი, ვინც იცოდნენ, როცა მუშაობა დავიწყე, თამუნა ინგოროყვა იყო. დღეს უკვე იციან სახელები და იცნობენ მათ კოლექციებს.

ჩნდება ასეთი კითხვები: ხომ არ აქვთ კოლექციაში რაიმე ახალი?

ქელი როულენდი არის ვარსკვლავი, რომელსაც ძალიან მოსწონს ქართველი დიზაინერები და მისი სტილისტი ხშირად მიკავშირდება. ყოველთვის იმეორებს, რომ განსაკუთრებულად საინტერესოები არიან ქართველი დიზაინერები. ქენდალ ჯენერის სტილისტი, რომელსაც ყოველთვის აინტერესებს ქართული მოდა. ქართული ბრენდების მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველთვის ქენდალის გარდერობშია.

როგორ ხვდებიან ქართველები შეთავაზებას, რომლითაც უკავშირდები?

შეფასებები ყოველთვის ადეკვატურია. ქართველი დიზაინერების უმრავლესობა მადლობელია და ძალიან გახარებული. ძირითადად დადებითია თანამშრომლობის შემდეგ, შეფასებები. არის ხოლმე შემთხვევები, როცა არც ისე მადლიერები არიან. (იცინის) ემიგრაციაში პატრიოტული მომენტი გამძაფრებული გაქვს და თავიდანვე ვეცადე, რომ ყველა დიზაინერს თანაბრად დავხმარებოდი. არასდროს მაქვს ის მიდგომა, რომ დიზაინერი აუცილებლად ცნობილი უნდა იყოს. თუ ვხედავ, რომ ადამიანი ნიჭიერია, არ აქვს მნიშვნელობა ის დამწყებია, თუ საყოველთაოდ აღიარებული.

თხოვნით მოუმართავთ ვარსკვლავებს?

კონსულტაციის სახით ნაკლებად მოუმართავთ, რადგან ვარსკვლავებთან პროფესიონალი სტილისტები მუშაობენ. მე პირადად მათთან ვურთიერთობ და ერთად ვგეგმავთ რას ჩაიცვამს ქენდალ ჯენერი, თუ ქაილი ჯენერი. ერთობლივად ვარჩევთ ლუქებს. ხდება ისეც, რომ ჩვენ ვუგზავნით და შემდეგ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას.

ამ ეტაპზე ვისთან მუშაობ?

ჩვენი სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. საკმაოდ შრომატევადი სფეროა. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ასი მცდელობიდან ერთ შედეგს ვიღებთ. ძალიან ბევრი ნივთი უნდა მოხვდეს ვარსკვლავთან იმისთვის, რომ ერთი შეარჩიოს და შემდეგ მოირგოს. კონკურენციაც დიდია. ლოს ანჯელესში ბევრი პიარ სააგენტოა, რომლებიც აღიარებულ ბრენდებზე მუშაობენ. მაგალითად გუშინ კორტნი კარდაშიანის სტილისტთან ვიმუშავეთ. ახლა ველოდებით როდის მოირგებს.

წარმატებული პროექტების შემდეგ, საკუთარი ინიციატივით, რამდენად ხშირად გიკავშირდებიან ვარსკვლავები?

სელებრითებიდან ქელი როულენდია, რომელიც ხშირად ითხოვს ქართველ დიზაინერებს. უფრო სტილისტები, მათ უკვე ჰყავთ ფავორიტი ქართველი დიზაინერები.

 

TATA-LA.COM

#TATA__LA