LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ნამდვილ საფესტივალო ქალაქად იქცა – ანი ლაღიძე „თბილისი რიტმის“ საინტერესო დეტალებით „არტ-FM“-ში

15
ballet

გადაცემის ლაივი LIVE

2 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ქალბატონები ანი ლაღიძე, მარინა ალექსიძე და მაკა მახარაძე სტუმრობდნენ, რომელმაც საერთაშორისო ფესტივალზე „თბილისი რიტმი“ ისაუბრეს.

– ქალბატონო ანი, ვინ იქნება წლევანდელი ფესტივალის სტუმარი?

– ჩვენს ფესტივალს უკვე სტუმრობდნენ რიშარ გალიანო და  18 წლის ვირტუოზი გიტარისტი ტომ იბარა, წლევანდელ სეზონს კი, მოდერნ-ბალეტი ეიფმანის სანკტ-პეტერბურგის თეატრი გახსნის სპექტაკლით „როდენი“, რომელიც 22-23 აპრილს გაიმართება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

– ქალბატონო მარინა, თქვენ სხვებზე უკეთ იცნობთ ბორის ეიფმანის შემოქმედებას. საინტერესოა, რა განასხვავებს მას სხვა ქორეოგრაფებისგან?

– ყოველთვის ორმაგად სასიამოვნოა ბორის ეიფმანზე საუბარი,  რადგან არაჩვეულებრივი პიროვნება და გიორგი ალექსიძის პირველი მოსწავლეა, ამიტომ მის პროფესიულ ზრდას და შემოქმედებით განვითარებას ყოველთვის ყურადღებით ვადევნებდი თვალს. აღსანიშნავია, რომ კონსერვატორიის დასრულებიდან სულ რაღაც 5 წელიწადში ბორისმა საკუთარი დასი ჩამოაყალიბა და უამრავი ბრწყინვალე სპექტაკლი დადგა, საკუთარი, აბსოლუტურად ნოვატორული და ყველასგან გამორჩეული სტილი შექმნა და მსოფლიო აღაფრთოვანა.

– ქალბატონი ანი, ვისი ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს ფესტივალი?

– რუსეთის ბალეტის ჩამოყვანა ბევრისთვის ძალიან საეჭვო აღმოჩნდა, ამიტომ ხშირად მეკითხებიან, ვინ დგას პროექტის უკან. სინამდვილეში, არანაირი ფინანსური მხარდაჭერით არ ვსარგებლობთ და ყველაფერს მხოლოდ საქმის დიდი სიყვარულით ვაკეთებთ, შეკითხვას – რატომ არ ვიწვევთ სხვა კოლექტივებს, შემიძლია ვუპასუხო, რომ  ჩემთვის ძალიან ახლობელია ეიფმანის სამყარო, მარტივად შევძელი მისი მსოფლმხედველობის გაგება და დაფასება.  ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მაყურებელს, რადგან სწორედ ის იქცა ჩვენს სპონსორად, როცა წარმოდგენის ბილეთები შეიძინა. ვფიქრობ, მსგავს ღონისძიებებს არა სახელმწიფო, არამედ კერძო კომპანიენიები, საქველმოქმედო ორგანიზაციები და ფილანტროპები უნდა აფინანსებდნენ, რადგან ფესტივალი არა ჩვენთვის, არამედ ნამდვილ ხელოვნებას მონატრებული პუბლიკისთვის კეთდება.

– რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთი კონცერტის მოწყობას საკუთარი სახლიც კი შესწირეთ,

– სხვა გზა არ იყო, რადგან სპონსორმა მოულოდნელად მითხრა უარი დაფინანსებაზე, მე კი, საპროდიუსერო კომპანიის წინაშე ვიყავი პასუხისმგებელი.

– როგორ გაჩნდა ფესტივალის შექმნის იდეა?

– ყველაფერს თავი მოვუყარე, რაც წლების მანძილზე შევქმენი და მეგობრებთან ერთად ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება გადავწყვიტე. ალბათ, მართლა შეშლილი უნდა იყო, რომ რესურსების გარეშე ამხელა პროექტს მოკიდო ხელი, თუმცა ჩვენ მაინც გავრისკეთ, წლევანდელი ფესტივალი კი, მამას – სოსო ლაღიძეს მივუძღვენი, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.

– ქალბატონო მაკა, თქვენთვის რას ნიშნავს ფესტივალი და თავად ბორის ეიფმანი?

– ბოლო წლებში თბილისი ნამდვილ საფესტივალო ქალაქად იქცა და ძალიან ბედნიერი ვარ.  მიხარია, რომ წელს თბილისს უნიკალური ქორეოგრაფი ბორის ეიფმანი ეწვევა არაჩვეულებრივ დასთან ერთად. დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს ბორისთან და ყოველთვის აღმაფრთოვანებდა მისი წარმოდგენები, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მის შემოქმედებას მთელი მსოფლიო ეთაყვანება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები