LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის არქიტექტურის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრმა „დომუს საქართველოს“ მეორე ნომრის პრეზენტაცია გამართა

11
ლენა-კილაძე

27 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ არქიტექტორი, „თბილისის არქიტექტურის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის“ დამფუძნებელი, „დომუს საქართველოს” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ლენა კილაძე სტუმრობდა. გადაცემის სტუმარმა ჟურნალზე „დომუს“ და საქართველოში მისი არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში ჟურნალის „დომუს“ დაფუძნება?

ეს ჩემი ძალიან დიდი ხნის ოცნება იყო და ალბათ, არა მარტო ჩემი, ბევრი პროფესიონალის. ჩემი სტუდენტობის პერიოდში „დომუსი“ იყო საოცნებო სივრცე, რომელსაც შევნატროდით. თუ ვინმე ჩამოიტანდა, შემდეგ ხდებოდა მისი ასლების გადაღება და ა.შ. „დომუსი“ მსოფლიოში ყველაზე ძველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა. დაარსდა იტალიაში 1928 წელს და არქიტექტურის და დიზაინის სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო რეფერირებადი წყაროა. დღეს ეს არის არა მხოლოდ ჟურნალი, არამედ პლატფორმა, რომელიც აერთიანებს გამოცემას, ლექციებს, ვორქშოფებს, აქვს თავისი აკადემია, გამოფენები, კონკურსები, ფორუმები და ა.შ. შექმნის დღიდან ეს სივრცე არის ყველაზე უფრო ღია სააზროვნო თემების ასპარეზის ადგილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მასთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ ყველაზე ცნობილი არქიტექტორები, დიზაინერები, მოაზროვნეები, ფილოსოფოსები და ა.შ „დომუსის“ მთავარი რედაქტორების ჩამოთვლა რომ დავიწყო, ეს ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ უბრალოდ ვიტყვი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ,,დომუსი” მთავარ რედაქტორად მსოფლიოში ყველაზე ცნობილ, ვარსკვლავ არქიტექტორებს იწვევს. მე მიხარია, რომ შარშან, როდესაც „დომუსის“ ქართული პროექტი დაიბადა, ჟურნალს ცნობილი იაპონელი არქიტექტორი, ტადაო ანდი ხელმძღვანელობდა. ის ყველა არქიტექტორისთვის სათაყვანებელი, ლეგენდარული პიროვნებაა. ქართველებისთვის მისი სახელი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ვენაში გამართული ფიროსმანის გამოფენისთვის, მან სპეციალურად შექმნა მაგიდა. როგორც ჟურნალშია აღწერილი, ტადაო ფიროსმანის ხელოვნებამ აღაფრთოვანა და გადაწყვიტა რაიმე ნივთი გაეკეთებინა. ეს მაგიდა ერთგვარ საფლავის ქვადაც მოიაზრება, რაც ფიროსმანისთვის პატივის მიგებას ნიშნავს მისი მხრიდან. საქართველოსთვის ამ პროექტის განხორციელება უნიკალური, ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

„დომუსი“ თვეში 60 000-იანი ტირაჟით იბეჭდება და მას დაფარვა აქვს მთელ მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე ეროვნული პროექტი არსებობს. აღნიშნული ქვეყნებია: ინდოეთი, ჩინეთი, კორეა. ცოტა ხანს ისრაელი და გერმანიაც იყო და ახლა უკვე საქართველოს პროექტიც იარსებებს. ჩვენ მათ პანდემიის პერიოდში დავეკონტაქტეთ და შევთავაზეთ, რომ საქართველოში განხორციელებულიყო ეროვნული პროექტი. შემდეგ იყო ხანგრძლივი მოლაპარაკებების პერიოდი. აინტერესებდათ, ვინ ვართ, როგორი ბაზარია, როგორი ფინანსური მხარდაჭერა შეიძლებოდა ჰქონოდა ამ პროექტს და ა.შ. „დომუსი“ საქართველოში ცოდნოს გაღრმავების ასპარეზს იძლევა, მისი მთავარი მიზანი არქიტექტურის პროფესიული ცოდნის ამაღლება და მეტი შესაძლებლობების შექმნაა. ეს არის უნიკალური წვდომა მასალაზე და ეს არის კონცეპტუალური თეორიული ცოდნა არქიტექტურაში არსებული თანამედროვე ტრენდების და ა.შ შესახებ. ჟურნალის მეშვეობით ვეცნობით ქალაქს, ურბანულ მემკვიდრეობებს, წარსულს და ა.შ. , რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დღეს ქართული არქიტექტურის ახალი სამეტყველო ენა ჩამოვაყალიბოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების ინტერესს არქიტექტურის და დიზაინის მიმართ მხარდაჭერა ჰქონდეს.

ვისაუბროთ ჟურნალის პრეზენტაციაზე,

პრეზენტაცია გუშინ „სტამბაში“ ჩატარდა და მასზე დასწრება ყველას შეეძლო. გარდა იმისა, რომ წარვადგინეთ ჟურნალი, გავაკეთეთ უკრაინელი რეჟისორის ფილმის, „ბუდინოკის შენობა“ პრემიერა. ეს არის უნიკალური, ავანგარდული შენობა ხარკოვში. ჩვენ ძალიან დრამატულ, ომის პერიოდში ვამზადებდით ამ გამოცემას და რადგანაც კულტურულ მემკვიდრეობას ეთმობა ის, ეს თემა გასდევს ჟურნალის მასალის უმეტესობას. ჟურნალში ძალიან ბევრი საინტერესო ინტერვიუა და მთელი ნომერი გამსჭვალულია იმით, თუ რა ქმნის ქალაქს. ქალაქს არ ქმნის მხოლოდ შენობები, ქმნის მასთან დაკავშირებული მოგონებები და ამბები. ჩვენ ჟურნალის მეშვეობით ვიგებთ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ურბანულ მემკვიდრეობას და რამდენად აუცილებელია ამ მემკვიდრეობის შენარჩუნება და ის, რომ არ დავკარგოთ იდენტობა. სამომავლოდ საზოგადოებას შევთავაზებთ: ლექციებს, შეხვედრებს, გვეყოლება ბევრი სტუმარი და ა.შ.

პროექტი „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ თუ გაიმართება წელს?

პანდემიის პერიოდში არ ყოფილა დიდი გალა საღამო, ახლა ყველა ძალიან ვემზადებით და იმედი გვაქვს, რომ თუ მშვიდობა იქნება დეკემბერში მოვახერხებთ ჩატარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები