LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენს სახელზე 1805 წლიდან“ – საქართველოს ფოსტა ახალ კამპანიას იწყებს

12
59778424-429499857830847-3902956826211123200-n

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარდაჭერით, მიმდინარე წელს მერვედ იმართება. კონკურში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია უკვე დასრულდა. საკითხზე, თუ რა ეტაპზეა ახლა კონკურსი და როდის გამოვლინდება გამარჯვებული -„ბიზნესნიუსის“ ეთერში საქართველოს ფოსტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მაგდა სანიკიძემ ისაუბრა.

– რამდენად მაღალი იყო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა?

ვიდრე ამ კითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ “საერთაშორისო საფოსტო კავშირის” წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს “მსოფლიო საფოსტო კავშირის” ტოკიოს კონგრესზე, მიმდინარე წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი იღებს მონაწილეობას, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაში, ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურსს, შედეგად ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, შეჯიბრს განაგრძობენ საერთაშორისო მასშტაბით, გაემგზავრებიან ქალაქ ბერნში, შვეიცარიაში იმისათვის, რომ 9 ოქტომბერს ფოსტის საერთაშორისო დღეს გამოვლინდეს მსოფლიო გამარჯვებული, რომელსაც „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური დაასახელებს.

რაც შეეხება საქართველოს, აქ ეს კონკურსი უკვე მერვედ იმართება. ამჟამად, ჩვენთან წერილების მიღება დასრულდა. ზუსტად 602 წერილი მივიღეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ 602 ბავშვმა საქართველოს მასშტაბით, მიიღო კონკურსში მონაწილეობა. ჟიურიმ უკვე გამოავლინა გამარჯვებული, თუმცა ეს ჯერჯერობით დახურული ინფორმაციაა და იმას, თუ ვინ არიან გამარჯვებულები, გავაჟღერებთ მაისის ბოლოს. თუ მოგვცემს პანდემია შესაძლებლობას, გვსურს, რომ ღონისძიება ჩავატაროთ, სადაც დასახელდებიან გამარჯვებული ბავშვები. არის სამი ნომინაცია: პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გამოვლინდება. თუმცა, კონკურსის აბსოლუტურად ყველა მონაწილე დაჯილდოვდება… პირველი ადგილის მფლობელის წერილი უკვე გაიგზავნა 30 აპრილს „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ იმისათვის, რომ საერთაშორისო ჟიურიმ დაიწყოს ამ წერილებზე მუშაობა.

– რა იყო წელს საკონკურსო თემა და ვის შეეძლო ამ კონკურსში მონაწილეობა?

2021 წლის საკონკურსო თემა, რომელსაც ყველა ქვეყნისთვის ადგენს „მსოფლიო საფოსტო კავშირი“, გახლავთ “მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით” (“Write a letter to a family member about your experience of Covid-19”). კონკურსის მიზანია, წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის წახალისება ახალგაზრდა თაობაში, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ 15 წლამდე ასაკის მოზარდებს.

– გარდა ამ აქტივობისა, სიახლეები გაქვთ საფოსტო მარკების მიმართულებით. რას მოიცავს ეს სიახლეები?

ზოგადად, საქართველოს ფოსტისთვის 2020 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელი აღმოჩნდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიების ფარგლებში, კომპანია საქმიანობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა, რაც საფოსტო მომსახურების გაწევას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების გაიდლაინების მიხედვით გულისხმობდა. ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით და ახლაც ვმუშაობთ, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ: საქართველოს ფოსტამ პანდემიის დროს, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, გაეროსა და წითელ ჯვართან ერთად, მათ პირველადი მოხმარების სამედიცინო ნივთები გადასცა. ამასთან, გლუკომეტრები მივაწოდეთ დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს… განათლების მხარდაჭერის მიზნით უზრუნველვყავით, რომ რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებსაც მოუწიათ დისტანციურად სწავლა და არ ჰქონდათ კომპიუტერი და ინტერნეტი – გადავეცით ეს აღჭურვილობა. მოკლედ, ძალიან ბევრია ის პროექტები, რომლებიც პანდემიის პერიოდში განვახორციელეთ.

რაც შეეხება უშუალოდ საფოსტო მარკებს, ძალიან კარგი ვიზუალის და შინაარსობრივი დატვირთვის მარკები გვაქვს. ბოლო მნიშვნელოვანი მარკა, რაც გამოიცა და მიმოქცევაში შევიდა არის მარო მაყაშვილის მარკა.  ამ მარკის გამოშვებასთან ერთად, ჩვენ წამოვიწყეთ კამპანია – თითოეული გაყიდული მარკიდან, 1 ლარი გადაირიცხება წითელი ჯვრის საქველმოქმედო ფონდში, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად გამოიყენებს ამ თანხას.

– 2021 წლის ბოლომდე კიდევ რა პროექტები გაქვთ გაწერილი?

როგორც მოგეხსენებათ, 23 აპრილიდან თბილისი გახდა წიგნის მსოფლიო დედაქალაქი და ამ მიმართულებით საქართველოს ფოსტას აქვს გეგმა, რომ ძალიან აქტიურად ჩაერთოს და კამპანია წამოიწყოს. გარდა ამისა, 17 მაისიდან ჩვენ ვუშვებთ ახალ კამპანიას სახელწოდებით „თქვენს სახელზე 1805 წლიდან“, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ გვინდა ძალიან კარგად ვაჩვენოთ ჩვენ მოქალაქეებს, საქართველოს ფოსტის თითოეული თანამშრომელი რამდენად შრომატევად სამუშაოს ეწევა იმისთვის, რომ თქვენ კარგად მოგემსახუროთ. სერვისცენტრის მიღმა ჩვენთან რა ხდება არავინ არ იცის და სწორედ ამის წარმოჩენას ემსახურება ახალი კამპანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები