LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ასე გაგრძელდა, გაკოტრება გარდაუვალია“ – რადიოსექტორი საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს

6
138776252-136049354911862-1944186683355152624-n

პანდემიის ნეგატიური გავლენები სახეზეა მრავალი მიმართულები, მათ შორის მედიაბიზნესზე, რომელიც კორონავირუსმა სხვა ბიზნესსექტორის მსგავსად მძიმედ დააზარალა.

რადიო “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემის” სპეციალური გამოშვება დაეთმო –  რადიოსექტორში კოვიდ 19-ით განპირობებულ გამოწვევებს, ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას, პრობლემის დაძლევის ეფექტიან ნაბიჯებს და ხელისუფლების ჩართულობის მნიშვნელობას, რომელსაც მაუწყებლები მე-10 თვეა ითხოვენ.

 

გადაცემის სტუმრად ნინი ხუგაშვილთან მოუსმენთ:

  • გოგა სამუშიას – მედია პლატფორმა „კომერსანტი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარეს;
  • რამაზ სამხარაძეს – მედიაჰოლდინგ „ჰერეთი“-ს დირექტორს;
  • მაკა ჯახუას – „მწვანე ტალღა“-ს დირექტორს
  • მაია მაზანაშვილს – რადიო ჰოლდინგ “ფორტუნას” მარკეტინგის დირექტორს
  • ვახტანგ ჭარაიას – ეკონომისტს

  

არ მსურს აპოკალიპტური სიტუაცია დავხატო, მაგრამ დღეს, რადიოსექტორში ძალიან მძიმე მდგომარეობაა: გოგა სამუშია

 

„არ მსურს აპოკალიპტური სიტუაცია დავხატო, მაგრამ დღეს, რადიოსექტორში ძალიან მძიმე მდგომარეობაა,“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ მედია პლატფორმა „კომერსანტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გოგა სამუშიამ.

მისივე სიტყვებით, ბოლო წლებში, საკანონმდებლო რეგულაციების შედეგად, ისედაც დაზარალდა რადიო როგორც ბიზნესი მაგრამ დღეს უკვე რადიოს, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორს, ძალიან უჭირს.

რთულად გადასალახია ეს კრიზისი ჩვენს რეალობაში, რადგან პანდემიის პირობებეში, თავად ბიზნესსაც უჭირს პროგნოზების გაკეთება ,რეკლამის განთავსება, შესაბამისად ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ყოველდღიურად მცირდება, რის გამოც რთულდება პასუხისმგებლობების შესრულებაც, როგორც თანამშრომელთა ხელფასის გადახდა ასევე სხვადასხვა საბიუჯეტო და სამაუწყებლო გადასახადის დაფარვა.

გოგა სამუშია ამბობს, რომ რადიოს გადასარჩენად სახელმწიფომ რადიობიზნესისთვის საგადასახადო ტიპის საშეღავათო პოლიტიკა უნდა გაატაროს და მინიმუმ, მის დაქვემდებარებაში არსებული ობიექტების მოსაკრებლები დაასუბსიდიროს.

 

 

თუ ასე გაგრძელდა გაკოტრება გარდაუვალია: რამაზ სამხარაძე

 

„მარტის თვიდან მოყოლებული, პერმანენტულად მცირდება და ჩერდება სარეკლამო განთავსების ხელშეკრულებები როგორც მსხვილ დამკვეთებთან, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესებთან. თუ ასე გაგრძელდა გაკოტრება გარდაუვალია.“  – განაცხადა „ფორტუნას“ ეთერში მედია ჰოლდინგ „ჰერეთის“ დირექტომა რამაზ სამხარაძემ და დასძინა, რომ ჰოლდინგის შემადგენლობაში შემავალ  რადიოსადგურებში „თბილისი“, „ჰერეთი“ და „ცირტუსი“ შემოსავლების 70 %-იანი ვარდნის პირობებში რადიკალური ზომების მიღება – თანამშრომელთა გათავისუფლება და  საეთერო ბადის სრულად გადაწყობა მოუწიათ.

„დამერწმუნეთ, რადიო, საქართველოს მოსახლეობისთვის რეგიონებში არის შეუცვლელი და ყველაზე ოპერატიული მედიასაშუალება, მით უფრო პანდემიის პირობებში და დღეს, როცა თავმომწონედ, საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ პრაქტიკულად მარტამდე ისევ არ გაიხსნება ქვეყანა, რაც მოქმედებს ბიზნესზე, ასევე პირდაპირ მოქმედებს მედიასაშუალებებზე, კომერციულ შემოსავლებზე.

მისი სიტყვებით: „სახელმწიფოს ხელშია ტელე-რადიო ცენტრი, რომლის მეშვეობითაც მაუწყებლობენ  რადიოსადგურები, შესაბამისად, ხელისფლებას შეუძლია მინიმუმ მისი სუბსიდირება მოახდის, ისევე როგორც ეს მოხდა მრავალ ქვეყანაში, საქართველოს მთავრობის ხელშია ეს ბერკეტი, თუმცა ჩვენი არაერთი მიმართვისა და ჩემი, პირადი არაერთი წერილისა, არავინ აღმოჩნდა ხელისუფლებიდან, ვინც  დაინტერესდებოდა ამ საკითხით.

“ჩვენ ერთადერთ რამეს ვითხოვთ, რომ მოგვეცეს მუშაობის საშუალება“

– განაცხადა გადაცემაში „დღის თემა“  რამაზ სამხარაძემ.

 

დიალოგის დაწყებას ვითხოვთ, იქნებ ისეთი გამოსავალი ვიპოვოთ, რომ არცერთი მხარე დაზარალდეს. რას უპირებენ სტრატეგიულ ობიექტს? ხომ არ გათიშავენ? – მაკა ჯახუა

 

რადიოსექტორის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და  საერთაშორისო გამოცდილების შესახებ  „მწვანე ტალღა“-ს დირექტორმა მაკა ჯახუამ ისაუბრა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ საგადასახადო შეღავათების სქემებსა და სუბსიდირების ფორმებზე, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სწორედ რადიოსექტორის წინაშე მდგარი პრობლემების აღმოსაფხვრელად შემუშავდა. მაკა ჯახუამ საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფოების მიერ შეიქმნა სპეციალური საგრანტო მედია ფონდები.

„ჩვენს გვესმის, რომ სხვა არის ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები. მარსიდან არც ჩვენ ჩამოვფრენილვართ. მარტიდან დავიწყეთ არაერთი წერილით მიმართვა. ათი თვეა მოთმინებით ველოდებით.“

მაკა ჯახუამ კონკრეტულ მოთხოვნებზეც ისაუბრა.

„მესმის, რომ ახლა შეიძლება ვიღაც გვისმენს, ფიქრობს, რომ ვიღაც შიმშილობს, საჭმელი არ აქვს, ავად არის და რა დროს რადიოა. მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ რადიოებში ხალხი მუშაობს. აქვთ ხელფასები, არჩენენ ოჯახებს. ჩვენ გვაქვს სხვა დატვირთვა. მაგალითად, გორში, 2008 წლის დაბომბვის დროს, გაითიშა სატელევიზიო ანძები და  მხოლოდ ჩვენ გვისმენდნენ. ახლაც ასეთივე ომია, უბრალოდ უხილავ მტერთან. მაშინ რეგიონული რადიოები რომ არა ადამიანები იმ ომის დროსაც ვერ მიიღებდნენ ინფორმაციას.

მაგრამ ომში ყოფნა ხელისუფლებას თავისი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

 

ომში ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ხელისუფლებამ სტატეგიულ ობიექტებს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. დიალოგის დაწყება სხვადასხვა მიზეზით იდება ხოლმე.

 

„პირდაპირ უნდა ითქვას, რომ გაკოტრების წინაშე ვართ. თითქმის ყველა რადიოს ჯამური დავალიანება, დაახლოებით 300-350 ათასი ლარია, რომელსაც თუ ვერ გადავიხდით გავკოტრდებით და ამ თანხას ისედაც ვერ მიიღებს სახელმწიფო.“

 

„რეალურად, დიალოგის დაწყებას ვითხოვთ, იქნებ ისეთი გამოსავალი ვიპოვოთ, რომ არცერთი მხარე დაზარალდეს. რას უპირებენ სტრატეგიულ ობიექტს? ხომ არ გათიშავენ? “

 

 

რადიოსექტორში ფინანსური ვარდნა 33-დან 90%-მდე მერყეობს: მაია მაზანაშვილი

 

როგორ აისახა ფინანსური მაჩვენებლის კუთხით რადიოსექტორზე პანდემია –  „ფორტუნას“ გადაცემის „დღის თემა“ სპეციალურ გამოშვებაში რადიო ჰოლდინგ “ფორტუნას” მარკეტინგის დირექტორმა, მაია მაზანაშვილმა ისაუბრა.

მან იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა გადალახვა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ამ დრომდე უწევს სექტორს.

მისი განცხადებით, რადიო “ფორტუნამ” საშუალოდ 30%-იანი ვარდნა განიცადა, თუმცა ფინანსური კლება ზოგადად სექტორის და კონკრეტულად, სხვადასხვა რადიოს ჭრილში 33%-დან 90%-მდე ვარირებს და მიანიშნებს, რომ სექტორი გაკოტრების წინაშეა.

„რა თქმა უნდა, მარკეტინგი წინასწარ საზღვრავს მოლოდინებს, მაგრამ როდესაც დაიწყო პანდემია რაღაც ბურუსით მოცულ, გაურკვეველ მტრის წინაშე დავდეგით. რამაც გამოიწვია ბიზნეს სექტორის დაბნევა და დაიწყო კონრაქტების გადახედვის დაუსრულებელი პროცესი და აქვე, მადლობას ვუხდი პარტნიორებს თანამშრომლობისთვის.

 

2020 წელი რომ შევაჯამოთ, ვარდნა 33%-დან 90%-მდე მერყეობს. ეს ძალიან მტკივნეული პროცესია. რადიოსექტორისთვის, რომელიც მთლიანად ასახავს დღევანდელ ეკონომიკის სურათს, ეს რიცხვი ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი რადიოსადგური გაკოტრების წინაშე დადგება.“

 

მაია მაზანაშვილის განცხადებით, მედიასექტორის სარეკლამო ბაზრის 7-8% სწორედ რადიოზე მოდის. მისი თქმით, საერთაშორისო რადიო ასოციაციებთან არა მხოლოდ აქტიური თანამშრომლობა აქვთ, არამედ რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ გავლენიანი ორგანიზაციის, ევროპის რადიოასოციაციის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოდან. კრიზისული ვითარების მიუხედავად, სტრატეგიულად მნიშვენლოვანმა ობიექტმა პირველი დარტყმის შეკავება შეძლო, თუმცა სამომავლო პროგნოზების გაკეთება უკვე შეუძლებელია.

„ერთად დავდეგით ყველა და უფრო გავაძლიერეთ მუშაობა, რომ ინფორმატიულები ვყოფილიყავით საზოგადოებისთვის. ჩათვალეთ, რომ საომარ მდგომარეობაში აღმოვჩნდით.

როგორც სამედიცინო სექტორი, ასევე რადიოსექტორი გახდა ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი.

 

მთლიანად გადავეწყვეთ მოსახლეობის დაკვეთაზე. საზოგადოებას სჭირდებოდა უნდოდა სწრაფი, ობიექტური ინფორმაცია და როგორც ყოველთვის, ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა.

 

ახლა, აბსოლუტურად ბურუსშია მოცული, რა იქნება მომავალში. ვფიქრობ, ჯერ-ჯერობით უკეთესობისკენ წასვლის პერსპექტივა არ არსებობს. აქტიურ მუშაობას განაგრძობს ჩვენი კომპანია და გაყიდვების სამსახური.

20 წელზე მეტია ამ სფეროში ვარ, წარმოვადგენთ სექტორის ყველაზე მსხვილ მოთამაშეს რადიოჰოლდინგ” ფორტუნას”, რომელიც 4 რადიოსადგურს აერთიანებს, თუმცა, პირველად არის ცხოვრებაში, რომ არ ვიცი, რა პროგნოზი შეიძლება მქონდეს. მედიაგაყიდვების კუთხით, აბსოლუტურად ბუნდოვანია 2021 წელი.  ვფიქრობ, რადიოსექტორის გადასარჩენად ხელისუფლების მხარდაჭერა აუცილებელ და იმედია, მოგვაქცევენ ყურადღებას და სექტორი კიდევ უფრო მეტ სიახლეს შესთავაზებს მსმენელს“.

 

 

რომ არ გაკოტრდნენ უნდა შევეშველოთ კომპანიებს, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას: ვახტანგ ჭარაია

 

 

რადიოსექტორის მხარდასაჭერად არსებულ სახელმწიფო რესურსებზე საუბრობს ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია.

„იმის თქმა, რომ სახელმწიფოს არ აქვს შესაძლებლობები ტყუილი იქნება, თუმცა, გადაჭარბებულადაც არ ღირს ამ შესაძლებლობების შეფასება, რადგან დღეს ყველა ითხოვს და ყველას სჭირდება დახმარება და რა რესურსიც არ უნდა იყოს ასეთ დროს ბიუჯეტში, ძალიან რთულია მისი ისე გადანაწილება, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს.

თუმცა იმის თქმა ნამდვილად შესაძლებელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს, თავისის რესურსით თუ საგარეო მოზიდული ფინანსებით ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა რომ ბიზნესს დაეხმაროს და ფართო გაგებით, აკეთებს კიდევ ამას.

თუმცა რადგან რადიოსეგმენტთან მიმართებაში სახელმწიფოს ჯერ არ გამოუჩენია მსგავსი ტიპის მხარდაჭერა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მას როგორც ბიზნესს, ისე მიექცეს ყურადღება, რადგან ის როგორც სხვა სექტორი ქმნის სამუშაო ადგილებს, მასაც შეექმნა პრობლემები და თუ სრულიად გაჩერებული ბიზნესი იმსახურებს ყურადღებას, არანაკლებ პრინციპულია, იმ ბიზნეს მიექცეს ყურადღება, რომელიც ქმნის ეკონომიკურ აქტიურობას. რადგან ერთია, ჩვენ ვეხმარებით უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს, მაგრამ იმისათვის რომ იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩდნენ სხვა დასაქმებულებიც, უნდა შევეშველოთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას და არ გაკოტრდნენ -ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ვახტანგ ჭარაიას მოსაზრებით, სახელმწიფომ რადიოსექტორის მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

 

შეგახსენებთ, რადიომაუწყებლების ხელმძღვანელებმა სექტორის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ინფორმირებისა და გადარჩენის კონკრეტული ხედვით/გეგმით მთავრობას, უკვე, მეორედ მიმართეს.  ისინი ხელისუფლებასთან შეხვედრას და დიალოგის დაწყებას მე-10 თვეა ითხოვენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები