„თუ დედა უკრძალავს რაღაცას ბავშვს, მამა ნებას არ უნდა რთავდეს“ - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

გადაცემის ლაივი LIVE

რაში გამოიხატება ქცევითი პრობლემები ბავშვებში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან ფსიქოლოგმა მაია მაჭავარიანმა ისაუბრა.

რას ნიშნავს ქცევითი პრობლემა?

სპეციალისტები ქცევას, როგორც პრობლემურს, განვიხილავთ შემდეგში:

1)როდესაც უშლის ბავშვს სრულფასოვან სოციალურ ურთიერთობაში და ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში, ამ შემთხვევაში პრობლემურია აგრესიული ქცევაც და ისეთიც, როდესაც ბავშვს უჭირს კონტაქტი თანატოლებთან, არ იცის როგორ გაიცნოს, როგორ ჩაერთოს თამაშის პროცესში.

2)როდესაც ქცევა სახიფათოა სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის (ვერ აფასებს რისკებს).

3)ხელს უშლის ბავშვის განვითარებას (ფიზიკურს, გონებრივს, სოციალურს).

4)ქცევა ჭარბია, ან პირიქით ძალიან იშვიათი და/ან შეუსაბამოა კონკრეტულ სიტუაციაში.

როგორი რეაგირებაა საჭირო მშობლის მხრიდან?

მშობელი ბავშვისათვის ქცევითი მოდელია. თუ ევოლუციურად მშობლის მთავარი ფუნქცია არის საკუთარი ნაშიერის ფიზიკური გადარჩენა, თანამედროვე საზოგადოებაში, არის კიდევ სხვა გამოწვევებიც, როგორ აღვზარდოთ ბავშვი, ისე რომ მოერგოს იმ კულტურულ გარემოს სადაც ცხოვრობს, ასევე სოციალური უნარები, ემოციური რეგულირების და შესაბამისი კოგნიტური განვითარების გამოწვევები. საჭიროა ბალანსის დაცვა. ერთის მხრივ, მშობელმა უნდა უზრუნველყოს უკუკავშირი პრობლემურ ქცევაზე (მისაღებია, არ არის მისაღები), მეორეს მხრივ, უნდა შესთავაზოს ალტერნატივა ბავშვს და დაეხმაროს ალტერნატიული ქცევის გამომუშავებაში. ხშირად მხოლოდ ერთ ნაწილით შემოვიფარგლებით, ვაძლევთ შენიშვნას, მაგრამ არ ვეუბნებით სამაგიეროდ რა გვინდა/რა არის მისაღები. ან ვეუბნებით, მაგრამ ბავშვმა არ იცის როგორ განახორციელოს მისაღები ქცევა, ამის გამოცდილება არ აქვს, ზოგჯერ კი შესაძლოა რესურსიც არ გააჩნდეს.

რა შედეგი აქვს მშობლის მხრიდან ამ პრობლემების იგნორირებას?

გააჩნია იგნორირებას. ხშირად სპეციალისტები, პრობლემური ქცევის შემთხვევაში ურჩევენ მშობლებს ე.წ. დაგეგმილ იგნორირებას, როდესაც მშობელი მიზანმიმართულად არ რეაგირებს კონკრეტულ ქცევით გამოვლინებაზე (მაგალითად, ბავშვის მხრიდან მანიპულაციის მიზნით ტირილის შემთხვევაში) და ყურადღებას აქცევენ მხოლოდ მისაღებ ქცევით გამოვლინებებს. თუმცა, არის შემთხვევები რომ მშობელი არ ,,იმჩნევს“ შვილის ცუდ საქციელს, სანამ არ ილახება თავად მშობლის ინტერესი, ანუ სანამ პირადად არ შეწუხდება, რეაგირება არ აქვს. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში სხვადასხვა რეაგირება აქვს ერთსა და იმავე ქცევაზე სხვადასხვა სიტუაციაში. მაგალითად, როდესაც სახლში გარკვეულ ქცევას ასრულებს ბავშვის ოჯახის წევრები ხალისობენ, იცინიან და განამტკიცებენ, ხოლო იგივე ქცევაზე ბავშვს საზოგადოებრივ ადგილას ან სტუმრების თანდასწრებით შეიძლება შენიშვნა მისცენ.

ანუ მშობლების ფაქტორი არის ძალიან

მნიშვნელოვანი?

პრობლემური ქცევის აღმოცენებასა და შენარჩუნებაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი მშობლის ფაქტორი: მშობლის პიროვნული წყობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური მდგომარეობაც კი. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია თავად ბავშვის ტემპერამენტი. არიან ,,იოლი“ ტემპერამენტის მქონე ბავშვები, ხოლო ზოგს აქვს რთული ხასიათი. ეს ნერვული სისტემის თავისებურებაა და თანდაყოლილია. თუმცა არ ნიშნავს, რომ ვერაფერს მოვიმოქმედებთ. დამოკიდებულია მშობლის აღზრდის სტილზე. მშობელმა უნდა უზრუნველყოს მკაფიო ჩარჩოს, გარკვეული საზღვრების შემოტანა, რათა ბავშვი მიხვდეს რა შეიძლება და რა არა.

რა შედეგების წინ დადგება მშობელი თუ არ მოხდეს შესაბამის რეაგირებას?

ასაკთან ერთად პრობლემური ქცევა რთულდება. ინტელექტის განვითარებასთან ერთად მანიპულაციის ხასიათიც და ხარისხიც იზრდება და უკვე მოზარდობის პერიოდში შეიძლება სიტუაცია უკონტროლოც გახდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩარევა, სიტუაციის გამოსწორება დროულად უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს.

7 რჩევა მაია მაჭავარიანისგან:

1.შევეცადოთ ქცევის უკან დავინახოთ მისი მიზეზები. რატომ არის ბავშვი გაღიზიანებული ან აგზნებული? ხომ არ დაიღალა? სტრესშია? განაწყენებულია თუ მშობლის ყურადღების მიღება სურს?

2. შევეცადოთ გავაკონტროლოთ საკუთარი ემოცია და ობიექტურად შევხედოთ სიტუაციას. ძალიან რთულია, რადგან პირველი რაც გვაწვება პრობლემური ქცევის შემთხვევაში, არის ნეგატიური ემოცია, ვბრაზდებით, გვრცხვენია და ა.შ. შეეცადეთ ამ ემოციას შეხედოთ როგორც წითელ ალამს – ხდება რაღაც რაც არ მომწონს, რა შემიძლია გავაკეთო, რომ გავანეიტრალო ეს.

3. იყავით თანმიმდევრულები. ეს ძალიან ხშირი პრობლემაა აღზრდის პროცესში, მაგრამ ამის გარეშე შედეგზე გასვლა შეუძლებელია. ამისათვის მშობელს თავად უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა, რა არის მისთვის მისაღები და მიუღებელი.

4. უნდა გვახსოვდეს, რომ უნდა მივცეთ ბავშვს საკუთარი ნეგატიური ემოციის გამოხატვის უფლება. თუ უჭირს გამოხატვა, ვეხმარებით ვახმოვანებთ მის ემოციას, ვეხმარებით დაარქვას სახელი. მაგალითად: ,,მე მესმის რომ გული დაგწყდა, მაგრამ ახლა ამ სათამაშოს ვერ ვიყიდით“, შემდეგ ვუხსნით კონკრეტულად ამ მომენტში რატომ არა.

5. ბავშვთან ბევრჯერ მოგიწევთ ერთი და იმავეს გამეორება, სანამ ბავშვი აითვისებს წესს.

6. მოდელირება ყველაზე ეფექტური სწავლების საშუალებაა. თუ მშობელი თავად არ ასრულებს გარკვეულ წესებს, მაგალითად ჭამის წინ არ იბანს ხელს, შესაბამისად, გაუჭირდება ამ ჩვევის გამომუშავება შვილთანაც.

7. მოიპოვეთ ოჯახის წევრების მხარდაჭერა. ოჯახის წევრები ერთმანეთს მხარს უნდა უჭერდნენ და ერთი აღზრდის სტრატეგიით ხელმძღვანელობდნენ. თუ დედა უკრძალავს რაღაცას ბავშვს, მამა არ უნდა რთავდეს ამის ნებას. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთშეთანხმება ძირითად საკითხებზე და ერთმანეთის მხარდაჭერა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ როდესაც მშობელი ემოციურად არის ,,გადამწვარი“, სტრესშია ან სხვა სახის ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი