LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტვ პირველის საქმე, პრემიერის ვიზიტი ევროსაბჭოში, ვაქცინაციის დაწყება და ქალებზე ძალადობის საგანგაშო სტატისტიკა – “კვირის თემის” პოდკასტი

4
კვირის თემა 11 მარტი
  • გამოძიების ინტერესი თუ საფრთხე მედიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის?

          ნათია კაპანაძე, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ კოორდინატორი

 

  •  საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ელოდებიან – რა შედეგით დასრულდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული დაპირისპირება?

         კოკი იონათამიშვილი „საქართველო – სამი ზღვის ინიციატივა“-ს წარმომადგენელი 

 

  • 13 მარტიდან საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა  – რამდენად ვართ მზად ვაქცინაციის დასაწყებად?

          ბიძინა კულუმბეგოვი – ექიმი, ალერეგოლოგ-იმუნოლოგი 

 

  • მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია

        გოგა ხატიაშვილი – ექსპერტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე 

 

 

საგანგაშო განჩინებაა, აჩენს მეტ შანსს პროკურატურამ გაიგოს ინფორმაციის წყარო: ნათია კაპანაძე TV პირველის საქმეზე

 

გამოძიების ინტერესი თუ საფრთხე მედიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის? – ამ საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ნათია კაპანაძე “კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” წარმომადგენელმა, ნათია კაპანაძემ ისაუბრა.

 

 

სასამართლოს განჩინებას, რომლითაც პროკურატურას “ტვ პირველიდან” გარკვეული მასალების ამოღების შესაძლებლობა მიეცა, ნათია კაპანაძე საგანგაშოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ “რჩება საფრთხე, მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშწორების სამიზნედ”.

გადაცემის წამყვანის მთავარ შეკითხვას, მიმდინარე პროცესი გამოძიების ინტერესია თუ აღიქმება მედიაზე პოლიტიკური ანგარიშწორების საფრთხედ, კაპანაძე პასუხობს, რომ გამოძიებას აინტერესებს არა ჩანაწერი, არამედ ამ ჩანაწერის წყარო. “კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ გამოძიების ინტერესი უნდა იყოს შინაარსი და გაჟღერებული ინფორმაცია.

“ძალიან საგანგაშოა სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, საკმაოდ უხეში ჩანაწერებით. სასამართლო ფაქტიურად აძლევს ნებართვას პროკურატურას შევიდეს მედიაორგანიზაციაში და გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები, იმისთვის, რომ გაჩნდეს მეტი შანსი გაიგოს ინფორმაციის წყარო. ჩვენმა მსენელმა კარგად იცის, რომ სამწუხაროდ, გამოძიება არ მიდის გაჟღერებული დანაშაულების შესახებ, გამოძიება მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორ ჩაუვარდა ეს ინფორმაცია კონკრეტულ წყაროს და როგორ გაავრცელა ის “ტვ პირველმა. გამოკვეული უნდა იქნეს დანაშაული, ინფორმაციის წყარო კი, რომელიც ჟურნალისტური საქმიანობის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, არ შეიძლება იყოს გამოკვლეული ან  გამოაშკარავებული. არ შეიძლება სახელმწიფო შეეცადოს მედია დააშინოს და შეუქმნას საფრთხე.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წევრები აკეთებენ განსხვავებულ განმარტებებს, მაგრამ სამართლებრივად მთავარი გახლავთ განჩინება, სადაც აბსოლუტურად სხვა რამ წერია. განჩინებაში წერია, რომ პროკურატურას აქვს შანსი შევიდეს მედია ორგანიზაციაში და ჩაატაროს მისთვის მისაღები ღონისძიებებით ჩხრეკა, რაც რა თქმა უნდა, დაუშვებელია.

საზოგადოებას უკვე აქვს მაღალი მგრძნობელობა მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიიღებენ მონაწილეობას ქვეყანაში შენარჩუნდეს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი და ჟურნალისტების სამუშაო გარემო არ დადგეს რისკის ქვეშ და ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს პროცესი”. – აღნიშნა ნათია კაპანაძემ.

ნათია კაპანაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, “ტვ პირველის” გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა კი შესაძლებელია ჟურნალისტებში თვითცენზურის ნიშნები გააჩინოს.

“როდესაც დავინახეთ რისკი და საფრთხე იმის, რომ ნებისმიერი ჟურნალისტის სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამუშაო მეთოდები და ხერხები, წყაროსთან ურთიერთობის ტაქტიკა, ხელისუფლებისთვის იქნება მიუღებელი, ის აუცილებლად დასჯის და სამწუხაროდ, ბევრი ჟურნალისტი ამბობს, რომ თვითცენზურის სუნი სცემს. ძალიან რთული პროცესია”.- დასძინა კაპანაძემ.

 

 

“ტვ პირველი” სასამართლოს დღევანდელ განჩინებას უახლოეს პერიოდში გაასაჩივრებს. როგორც ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, არც სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გამორიცხავენ.

სასამართლოს განჩინებას დღეს არაერთი გამოხმაურება მოყვა როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან.

 

 

ვერ ვაჩვენეთ, რომ ევროპელები ვართ, დამარცხდება ქვეყანა და მხოლოდ მკვლევრებს დააინტერესებთ, ეს ირაკლი ღარიბაშვილის ბრალი იყო თუ ელენე ხოშტარიას: კოკი იონათამიშვილი

 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება აუცილებელია. ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში კონკრეტული შედეგით ელოდებიან.

ორივე მხარე შეთანხმდნენ, რომ შეთანხმდებიან. თუმცა ამ დრომდე ჩვენ კონკრეტული შეთანხმება და გადაწყვეტილება არ გვინახავს.

დაპირისპირების შედეგად დაზარალდება მთელი საზოგადოება. ევროპაში კი ერთი ორი ადამიანისა და მკვლევარის გარდა არავინ დაინტერესდება, ვის გამო მოხდა ეს. ოპოზიციონერი ლიდერის, თუ ხელისუფლების გამო. მთლიანად ქვეყანა დამარცხდება,  – ასე აფასებს შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას  „საქართველო – სამი ზღვის ინიციატივა“-ს წარმომადგენელი კოკი იონათამიშვილი „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად.

„ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ პრობლემა მოგვარდეს და ამისთვის დგამს ქმედით ნაბიჯებს. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ მან ამ მიზანს ვერ მიაღწია, შემდეგ შეიძლება მოხდეს გარკვეული გაუცხოება. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი პარტნიორი ევროპაში, რომელიც სკეპტიკურად უყურებს საქართველოს  ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მათ ექნებათ გაცილებით მეტი საბაბი, რომ თქვან, რომ  საქართველო არ იყო მზად იმისთვის, რომ ევროპული არჩევანი გაეკეთებინა.

შარლ მიშელის ვიზიტის დროს ჩვენს პოლიტიკურ ძალებს უნდა ეჩვენებინათ ერთადერთი რამ, რომ ისინი ევროპელები არიან. მაგრამ ჩვენ ეს მათ ვერ ვაჩვენეთ“.- ამბობს იონათამიშვილი.

იონათამიშვილის თქმით, როდესაც ასეთი მაღალი დაინტერესებაა შენი ქვეყნის პრობლემის მოგვარების, შენ ტაქტიკურად მაინც უნდა შეცვალო შენი გეგმები და დასძენს, რომ  ვერ ვაჩვენეთ, რომ ევროპელები ვართ.

„შარლ მიშელთან შეხვედრის წინ და შეხვდრის შემდგომ არანაირი დინამიკა და აქცენტები არც პოზიციას და არც ოპოზიციას არ შეუცვლია. ის წასულიც არ იყო თბილისიდან, რომ ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება მოახდინა .

ხელისუფლებამ კი მათ ხისტი განცხადებებით უპასუხა და აქტივისტები დააკავა. ეს ყველაფერი არანაირ დიპლომატიაში არ ჯდება და არც გონივრულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. ევროკავშირის ასეთი მაღალი თანამდებობის პირი ძალისხმევას იჩენს და შენ ელემენტარული დიპლომატია მაინც უნდა გამოაჩინო და თუნდაც ტაქტიკურად შეცვალო შენი გეგმები“, – განმარტავს იონათამიშვილი.

მისი განმარტებით, ძირითადი პასუხისმგებლობა მოდის ხელისუფლებაზე.

 

 

„ბუნებრივია ძირითადი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. თუმცა ოპოზიციასაც საკმაოდ დიდი ეფექტის  მოხდენა შეულია და თუ საქართველო აღმოჩნდა, რომ ამ ყველა ვიზიტის შემდეგ ვერ მოახდინა გარკვეული პოლიტიკური კონსოლიდაცია და ესკალაცია არ დაცხრა, ჩვენ ყველა დამარცხებული გამოვალთ.

მხოლოდ თქვენს კოლეგებს დააინტერესებს, ეს ვისი ბრალი უფრო იყო, ირაკლი ღარიბაშვილის, თუ ელენე ხოშტარიას. ზოგადად ევროპას ექნება ისეთი ხედვა, რომ მთლიანად საქართველო დამარცხდა, მთლიანად საქართველო გადაჰყვა შიდაპოლიტიკურ გამოწვევებს და არ ეყო პოლიტიკურ იშთიბლიშმენტის ისეთი ხედვა, რომ საკითხისთვის გლობალურად შეეხედა.

გლობალურად ხედვა კი არის ის, რომ გვინდა, თუ არ გვინდა, ვართ რთულ ეკონომიკურ პირობებში და პანდემია ყველაზე მეტად სწორედ ისეთ ქვეყნებს დააზარალებს, როგორიც ჩვენ ვართ.

პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობა გვჭირდება, სადაც პრობლემა გვაქვს. პრობლემა კი არის პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკური კრიზისი. მაგრამ პარტნიორ ქვეყნებთან შეხვედრაზე ამ თემაზე მეასეხარისხოვნად საუბრობენ. შეხვედრის დასაწყისში ისინი კითხულობენ, რა ხდება ნიკა მელიასთან დაკავშირებით. ახლა შეიძლება იკითხონ, რა ხდება „ტვ პირველთან“ დაკავშირებით“, – აცხადებს კოკი იონათამიშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში.

წამყვანის კითხვაზე, რატომ აღმოვჩნდით ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, კოკი იონათამიშვილი პასუხობს:

„პოზიციაშიც და ოპოზიციაშიც (არ მინდა ვინმე დავაკნინო), ბევრი იბრძვის უკეთესი საქართველოსთვის. რეალურად რაც არჩევნებიდან დღემდე ხდება, შეგვიძლია, 10-15 წინადადებაში ჩავატიოთ.

ჩატარდა არჩევნები, ვიღაცამ არ აღიარა. ამ ტურბულენტურ მდგომარეობაში ამდენი ხანი რომ დგას ქვეყანა, ისევ ვიმეორებ პირველ რიგში ხელისუფლების ბრალია. თუმცა მე ყოველთვის ვიყავ მომხრე, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო. დარწმუნებული ვარ, რომ შესულიყვნენ, ისინი გაცილებით უფრო ეფექტურები იქნებოდნენ თავიანთი მიზნების განხორციელების თვალსაზრისით.

დღის წესრიგია შესაცვლელი. დღეს საზოგადოების მთავარი პრობლემა არის ვაქცინაცია. დაინფცირებულთა რაოდენობა აუცილებლად მოიმატებს, იმიტომ რომ ჩვენ შეზღუდვები მოვსენით. შემდგომ დაიწყება კრიზისული ვითარება, სადაც არის ვაქცინა და რას აკეთებს ხელისუფლება.

ქართველი პოლიტიკოსები კონსოლიდაციის საჭიროებას ვერ აღიქვამენ. კონსოლიდაცია აღიქმება როგორც წარუმატებლობა, ამიტომ ხისტი დამოკიდებულება ცხოვრების წესია მათთვის.

ერთი ნაბიჯი უკან ორი წინ ასეთი რამ მათ აბსოლუტურად გაუგებრად მიაჩნიათ. მაკონსოლიდირებელი მესიჯით ვინც გამოვა, ის ლიდერის პოზიციას იმ წუთას დაკარგავს.

პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ხისტი მესიჯებით შეიძლება ფონს გავიდნენ. აქედან გამომდინარე საკმაოდ რთულია, რომ კონსოლიდაციას მივაღწიოთ“,-ამბობს იონათამიშვილი.

15-17 მარტს მივემგზავრებით ბრიუსელში, უნდა ვიხელმძღვანელოთ ქართველი ხალხის ინტერესებით: ღარიბაშვილი

„ფორტუნასთან“ საუბარში მას ლიეტუვის მაგალითი მოჰყავს, როცა პოლიტიკოსები აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად შეთანხმდნენ და შედეგმაც არ დააყოვნა.

„რამდენიმე წლის წინ ლიეტუვაში იყო რთული პოლიტიკური ვითარება, მაგრამ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომ ნატოში თუ მიიღებდნენ, არც ერთი პარტია არ იქნებოდა იმის წინააღმდეგი, რომ ქვეყნის მშპ 2 პროცენტზე ნაკლები გადაეხადა ბიუჯეტში. კონსოლიდაცია გააკეთეს ურთულეს საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურმა მტრებმა და შედეგმაც არ დააყოვნა, რამდენიმე წელიწადში მიიღეს ნატოში.

ჩვენთან ასეთი რამ წარმოუდგენელია და შედეგად დაზარალდება მთელი საზოგადოება. ერთი ორი ადამიანისა და მკვლევარის გარდა არავინ დაინტერესდება, ვის გამო მოხდა ეს. ოპოზიციონერი ლიდერის თუ ხელისუფლების გამო და მთლიანად ქვეყანა დამარცხდება“,- ამბობს იონათამიშვილი.

 

 

რამდენად საშიშია ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანა, მაშინ როცა ევროპის 5-მა ქვეყანამ მისი გამოყენება შეაჩერა – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით,  ქვეყანაში ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა.  მინისტრის თქმით, ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ დაპირებული-  43 200 დოზა ვაქცინა შემოვა.

13 მარტიდან საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა – ეკატერინე ტიკარაძე

თუმცა დღესვე ცნობილი გახდა, რომ ავსტრია, ესტონეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი და ლატვია “ასტრაზენეკას“ გამოყენებას აჩერებს.  ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს,  რაც 4 ადამიანს ვაქცინის მიღების შემდეგ სისხლის შედედების საშიში მდგომარეობა დაუდგინდა.

რამდენად სწორია ამ სიტუაციაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის საქართველოში შემოტანა, ამ თემაზე იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა  „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად ისაუბრა.

მისი თქმით, ვაქცინაციის დაწყების ყველა დღესა და საათს მნიშვნელობა აქვს, მით უფრო, რომ საქართველო ევროპის რუქაზე იმ ძალიან ცოტა ქვეყანას შორის იყო, სადაც ვაქცინაცია დაწყებული არ იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მთელი მსოფლიო ჩართულია ამ ვაქცინაციის პროცესში. მესამე მსოფლიო ომითაც კი იხსენიებენ ამ თემას ვაქცინების მოპოვებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პანდემიის დამარცხება ეთიოტროპული წამლისა და ვაქცინაციის გარეშე რთულად წარმოსადგენია.

შესაბამისად ვაქცინაცია არის წინა პირობა იმისა, რომ მსოფლიო სრულფასოვან ცხოვრებას სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც დაუბრუნდეს. გაიხსნას ქვეყნების ეკონომიკა და საზღვრები. მოგვეცეს უსაფრთხო მოგზაურობისა და საქმიანი შეხვედრის შესაძლებლობა.

ყოველთვის ვამბობდით, რომ ვაქცინაციის დაწყების თვითოეულ დღეს და თვითოეულ საათს მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ მსოფლიოში 131 ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი  და 300 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე აცრილია. ჩვენთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ ევროპის რუქაზე იყო ძალიან ცოტა ქვეყანაა დარჩენილი, რომელსაც ვაქცინის ერთი დოზაც კი არ ჰქონდა გამოყენებული. ახლა საქართველო შეუერთდება იმ ყვეყნების  რიგს, სადაც ვაქცინაცია დაწყებულია“. – ამბობს კულუმბეგოვი „ფორტუნასთან“ საუბარში.

კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ქვეყანაში ვაქცინაციის მსურველი ყველა იქნება, შეუძლებელია, ყველას ვაქცინაცია მოხდეს.

 

 

„რასაკვირველია, ვაქცინა ყველა მსურველის არსებობის შემთხვევაშიც ყველა მსურველისთვის ვერ იქნება. საყოველთაობა პრაქტიკულად არც ერთ ქვეყანას არ აქვს. ვაქცინა დასაწყისში პრიორიტეტული ჯგუფებისთვისაა ხელმისაწვდომი.  ეს პრიორიტეტული ჯგუფები ყველა ქვეყანაშია განსაზღვრული, რომელიც  თითქმის ყველგან ერთმანეთს ჰგავს.

საქართველოში როგორც ცნობილია ჯერ აიცრებიან მედიკოსები, შემდეგ ასაკოვანი ადამიანები. შემდგომ პრიორიტეტულ ჯგუფებში შემოვა პოლიცია და ჯარი შემდგომ იქნება მოსახლეობის ის სეგმენტი, რომელიც 60-დან 65 წლამდე ასაკის არიან, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.

რა თქმა უნდა, ვაქცინაციის ეფექტი არ იქნება პანდემიის დასრულება. ვირუსმა შეიძლება იმოძრაოს საზოგადოებაში და ეს შეიძლება ერთი წელიც კი გაგრძელდეს. მაგრამ  თუ ჩვენ საავადმყოფოები გვექნება ცარიელი და სიკვდილიანობა იქნება ერთეული, ეს კარგი შედეგი იქნება. რა ვქნათ, ადამიანის ბუნება ასეა მოწყობილი. დაავადებამ შეიძლება,  რომ ადამიანებს რაღაც დაუშაოს. ამიტომ ვაქინაციის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ძალიან გამიხარდა ვაქცინის შემოტანის ვადის გადმოწევა. რაც უფრო სწრაფად დაიწყება ვაქცინაცია, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი“. – განმარტავს კულუმბეგოვი.

კულუმბეგოვის თქმით, ვაქცინაციის სანდოობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა.

„ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებაა. ზოგიერთ ქვეყანაში საზოგადოება დიდ სანდოობას უცხადებს ვაქცინაციას. ისრაელი არის სამაგალითო ქვეყანა, სადაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკვე გაიკეთა ვაქცინაციის პირველი დოზა და 40 %-ზე მეტმა გაიკეთა მეორე დოზა. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ სამუშაო გვაქვს და ადამიანებს უნდა ავუხსნათ და ვუთხრათ, რომ ვაქცინაცია კაცობრიობის მიღწევაა და მიუხედავად იმისა, რომ  დროში ეს ვაქცინები უფრო სწრაფად შეიქმნა, კომპრომისი რაიმე სახის უსაფრთხოების სახით არ ყოფილა. ყველა ეტაპი გაიარა ვაქცინებმა, რასაც ათი წლის განმავლობაშ გადიოდნენ ვაქცინები. უსაფრთხოების საკითხი არავის მიუფუჩეჩებია.

ამ ვაქცინებმა ყველა ეტაპი კარგად და სწორად გაიარეს, რა თქმა უნდა, ყველა ვაქცინა არაა მედიკამენტი და არ არსებობს მედიკამენტი გვერდითი მოვლენის გარეშე.

სულ რაღაც 2 თვის განმავლობაში მსოფლიოში აიცრა 326 მილიონი ადამიანი. ადამიანები უკვდავები ხომ არ ვართ. ვიღაცას რაღაც დაავადებები ბუნებრივად ემართება. აქ  საუბარია, რომ მეთვალყურეობა იყოს ისეთი, რომ აცრასა და აუცრელ ჯგუფებს შორის წინა წლებთან შედარებით სტატისტიკური სხვაობა არ მოგვცეს დაავადებულებმა.

ჯერჯერობით აშშ-ში ჩატარებული 23 მილიონ დოზაზე მოხდა გვერდითი მოვლეების მონიტორინგი და ითქვა, რომ პლაცებო, ანუ რომელიმე დაავადების ხელშესახები გაზრდა, არ ყოფილა. ალერგიული რეაქციები ვაქცინაზე შედარებით უფრო ხშირია, ვიდრე წინა ტრადიციულ ვაქცინებზე ვლინდებოდა ხოლმე, ანუ დაახლოებით 1 მილიონი დოზა ვაქცინიდან  5 ალერგიული მძიმე რეაქცია გამოვლინდა. ადრე იყო მილიონიდან მხოლოდ ერთი.

ეს ჩვეულებრივი პროცესია, შეიძლება არაა კორექტული შედარებაა, მაგრამ წელიწადში მინიმუმ 6-7 ავიაკატასტროფა ხდება, მაგრამ ამის გამო ავიაციის შეწყვეტა არავის გადაუწყვეტია. მესმის, თვითოეული ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ძალიან მნიშვნელოვანია. ერთბაშად ერთმა მილიონმა კაცმა „იბუპროფენი“ რომ დალიოს, იქედან დარწმუნებული ვარ, რაღაც პროცენტს სისხლის შედედების პრობლემაც დაემართება და როცა  ერთბაშად ამდენი ადამიანი იკეთებს აცრას, ბუნებრივია იქ  პრობლემებიც გამოუვლინდებათ. ამით იმის თქმა მინდა, რომ გვერდითი მოვლენების გარეშე არაფერი არ არსებობს და პირველ რიგში ამას ჩვენ ვხვდებით, ექიმები“, – განმარტა კულუმბეგოვმა.

 

 

როგორ ეხმარება ძალადობის მსხვერპლებს სახელმწიფო – რთული გზა, რომელსაც ქალები თავისუფლებამდე მიჰყავს

 

ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები მხოლოდ საქართველოსთვის არაა პრობლემური. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ამბობს, რომ ყოველი მესამე ქალი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.

2020 წლის სტატისტიკას შეუძლებელია, მშვიდად გაეცნო.

გასული წლის მხოლოდ 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალია მოკლული, ხოლო 20 ქალის მიმართ მკვლელობის მცდელობაა ჩადენილი.

სამეგრელოში 11 მარტს დააკავეს 1981 წელს დაბადებული მამაკაცი,  რომელმაც სამეგრელოში 60 წლის ქალზე სექსუალურად იძალადა.

სამეგრელოში 65 წლის ქალზე სექსუალურად იძალადეს

რა ბარიერებს გადიან ქალები, რატომ ვერ აღწევენ თავს რთულ სიტუაციას, რატომ უწევთ მძიმე პირობების ატანა – ამ თემებზე  ექსპერტმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში გოგა ხატიაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად ისაუბრა.

„არსებული რეალობა მოწმობს იმას, რომ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა არის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა. ჩვენ თუ დავუკვირდებით ბოლო პერიოდის დინამიკას, გამოვლენის მაჩვენებელი არის მკვეთრად გაზრდილი, რაც, რა თქმა უნდა, არის პოზიტიური, მაგრამ ისეთი შემთხვევებიც რჩება, რომელიც არის გამოვლენის მიღმა.

სამწუხაროდ მსხვერპლს უჭირს საუბარი. არაა მარტივი და ვერ დგამენ ნაბიჯებს, რომ მათ დასახმარებლად მიმართონ შესაბამის ორგანოებს.

როგორც საწყის ეტაპზე, ისე შემდგომში ისინი აწყდებიან სერიოზულ ბარიერებს.  ეს ბარიერები შეიძლება იყოს საზოგადოებრივი სტერეოტიპები და დამოკიდებულებები. ეს შეიძლება იყოს არასაკმარისი ეკონომიური დამოუკიდებლობა.

ხშირად მსხვერპლი მოძალადეზე ფინანსურადაა დამოკიდებული და არ იცის, როგორ გააგრძელებს ცხოვრებას მასთან დაშორების შემდეგ.

მათ ასევე აქვთ მართლმსაჯულების უნდობლობა, ინფორმაციის ნაკლებობა.

მე მინახავს მსხვერპლები, რომლებმაც უბრალოდ არ იცოდნენ ერთი მხრივ რომ ეს იყო ძალადობა და მეორეს მხრივ არ ფლობდნენ ინფორმაციას, რომ ვისთვის უნდა მიემართათ დასახმარებლად.

ეს საკითხები ერთობლიობაში ან ცალცაკლე წარმოდგენს ბარიერებსა თუ დაბრკოლებებს, რის გამოც უჭირთ მიმართვა მართლმსაჯულებისადმი და ყოველთვის, როდესაც მსხვერპლი დგამს იმ ნაბიჯს, რომ მიმართოს დასახმარებლად პოლიციას, როგორც წესი ეს არის ხოლმე უკიდურესი შემთხვევა. როდესაც მას სხვა გამოსავალი აღარ რჩება, თავის დასაცავად“,- ამბობს ექსპერტი.

 

 

ექსპერტი განმარტავს, რატომ რჩება მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში მხარდამჭერის გარეშე.

„ყოველთვის ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ,  რეაგირებაზე. ეს შეიძლება იყოს ყველაზე ცხელი ნაწილი. გამართული სისტემის რეაგირებაზე უნდა შევთანხმდეთ უპირობოდ ყველა, თუმცა ეს არის პირამიდის შუა ნაწილი. ამა აქვს დასაწყისი და ამას აქვს თავისი დაბოლოება.

საზოგადოების ცნობიერება იზრდება, მაგრამ საზოგადოების ქცევა არ იცვლება.

როდესაც მსხვერპლი პოლიციაში რეკავს, მას პირველ რიგში უსაფრთხოება სჭირდება და კიდევ სჭირდება, რომ ყველა გარემოება შეუქმნას სახელმწიფომ, იმისთვის, რომ მისი უსაფრთხოება იყოს პირველ რიგში მთავარი და ამას უზრუნველყოფდეს პოლიცია.

მაგრამ როდესაც გადის დრო და მსხვერპლი წყნარდება, მშვიდდება. სათანადოდ აანალიზებს ამ შემთხვევას, თვითონ არ იცის, როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება.  ის რჩება მხარდამჭერის გარეშე.

არ აქვს სათანადო ეკონომიკური შესაძლებლობა და არ იცის, როგორ უნდა არჩინოს შვილი, როგორ უნდა ირჩინოს თავი და ის იწყებს ნელნელა პოზიციის შერბილებას. ამიტომაც მხოლოდ სადამსჯელო ორგანიზაციებით ვერ მივაღწევთ შედეგს, თუ არ ვიზრუნეთ ეკონომიკურ გაძლიერებაზე და მსხვერპლის მხარდაჭერაზე. მისი უსაფრთხოება იქნება მხოლოდ დროებითი“, – ამბობს ხატიაშვილი.

ექსპერტი ქალებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ძალადობის მსხვერპლი არიან, ურჩევს გადადგან ნაბიჯი და არ შეეშინდეთ გამოსავალის ძიება.

„მსხვერპლმა პირველ რიგში უნდა დარეკოს 112-ში, რაც უზრუნველყოფს პოლიციის დროულ გამოძახებას. გარკვეულ შემთხვევებში საჭიროებიდან გამომდინარე შემაკავებელი ორდერის გამოწერას და გამოძიებას.

ასევე არსებობს 24 საათიანი უფასო მომსახურება, ცხელი ხაზი-  116  006, რომელზეც შეუძლია, დარეკოს ნებისმიერ მოქალაქეს და უბრალოდ კონსულტაცია გაიაროს.

თუ ფიქრობს მსხვერპლი, რომ სახელმწიფო მას სათანადოდ ვერ ეხმარება, უნდა დარეკოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე. 14 41, რომელიც დაეხმარება უწყებებთან ეფექტიან ურთიერთობას“, – ამბობს ექსპერტი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები