LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უყურადღებობა ექიმის ყველაზე დიდი დანაშაულია” – ნეიროქირურგი გოჩა ჩუტკერაშვილი

52

გადაცემის ლაივი LIVE

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

14 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკა „ინოვას“ კლინიკური დირექტორი, ნეიროქირურგი, პროფესორი გოჩა ჩუტკერაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ნეიროქირურგისა და პაციენტის სპეციფიურ ურთიერთობაზე ისაუბრა.

– ბატონო გოჩა, როგორ დაახასიათებდით ნეიროქირურგისა და პაციენტის ურთიერთობას თანამედროვე ეპოქაში. ხშირად ამბობენ, თითქოს ტექნოლოგიების განვითარებამ სრულად ჩაანაცვლა ადამიანური ურთიერთობა. პირადად თქვენ რამდენად ახერხებთ პაციენტებთან კომუნიკაციის დამყარებას და ზოგადად რა სიტუაციაა ქართულ ნეიროქირურგიაში?

– რა თქმა უნდა მანამდეც კარგად განვითარებული ტექნოლოგიები 21-ე საუკუნის დასაწყისში კიდევ უფრო განვითარდა, რამაც თავის მხრივ ზოგადად მედიცინის და მათ შორის ნეიროქირურგიის წინსვლას შეუწყო ხელი. მნიშვნელოვნად განვითარდა მიკრონეიროქირურგია და დიაგნოსტიკა, დაიხვეწა ოპერაციის შესრულების მეთოდები და გაუმჯობესდა საბოლოო შედეგი. მართალია, ბევრად გამარტივებული დიაგნოსტიკის პირობებში პაციენტთა რიცხვიც გაიზარდა, უფრო სწრაფად ვახერხებთ ზუსტი დიაგნოზის დასმას და პაციენტიც დროულად ხვდება სპეციალისტთან, მაგრამ არსებობს პათოლოგიები, რომელთა აღმოფხვრა დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაშიც საკმაოდ რთულია.  გამომდინარე აქედან, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ მკურნალობის დახვეწილი მეთოდების მიუხედავად, ექიმი მაინც ვერ იქნება ყოვლისშემძლე, რომელიც ყველა პაციენტს დაეხმარება. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას პაციენტთან –  ჯერჯერობით ვერცერთი კომპიუტერი ვერ ცვლის ადამიანის თავის ტვინს, ამიტომ, ვერც კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი შეცვლის ექიმს, რადგან ტექნოლოგიების განვიათარება მხოლოდ ზუსტი მონაცემების შეგროვებაში გვეხმარება, შემდგომ მკურნალობას კი, ყოველთვის თვითონ ვგეგმავთ, რადგან შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი პროფესიონალის გარეშე არც მონაცემებს აქვს ფასი. რა თქმა უნდა, მედიცინაში მთავარი – ნდობაა ექიმსა და პაციენტს შორის, თუმცა, თანამედროვე ეპოქაში, როცა ყველა ჩქარობს და ყველამ ყველაფერი იცის, ზედმეტად მოუთმენელ პაციენტებს ხშირად ზედმეტი მოთხოვნები და პრეტენზიები აქვთ, ჩვენ კი, ვალდებული ვართ, ყველას ინდივიდუალურად მივუდგეთ, რადგან უყურადღებობა ექიმის ყველაზე დიდი დანაშაულია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ერთ მუშტად შეკურლი გუნდიც, რომელიც სწრაფად მოიპოვებს პაციენტის ნდობას, უშუალო ურთიერთობას დაამყარებს მასთან და ყველაფერს გააკეთებს მის დასახმარებლად.

– გაიდლაინების ეპოქაში, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ყველა პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომის პრინციპი?

– სინამდვილეში, გაიდლაინი მხოლოდ მიდგომის ზოგად პრინციპებს განსაზღვრავს, პაციენტთან ურთიერთობა კი, აუცილებლად ინდივიდუალური უნდა იყოს, რადგან ყველას სპეციფიური მკურნალობა სჭირდება. ვფიქრობ, პაციენტი ყოველთვის ცალკეულ ინდივიდად უნდა აღვიქვათ, გაიდლაინი კი, საკუთარი შეხედულებით, გამოცდილების გათვალისწინებით გამოვიყენოთ მისი დაავადების სამკურნალოდ.

– მაშინ, როცა პაციენტს ექიმის ნდობა აქვს დაკარგული, რამდენად თამამი და თავისუფალია ექიმი მოქმედებაში, იქნებ უკეთესია ზუსტად მიჰყვეს არსებულ გაიდლაინს?

– გერმანიაში მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ ადგილობრივი ექიმები ყოველთვის გაიდლაინებით მუშაობენ, თუმცა როცა იძულებული არიან დაარღვიონ წინასწარ დადგენილი საზღვრები, ბევრად გამოცდილ ექიმს მიმართავენ და სწორედ მასთან ათანხმებენ შემდგომი მოქმედების გეგმას. ვფიქრობ, პრობლემის ასე მოგვარება ერთადერთი მართებული გადაწყვეტილებაა.

– როგორია თანამედროვე ქართველი ნეიროქირურგის პაციენტი, ძირითადად რა პრობლემებს აწყდებით მასთან ურთიერთობისას?

– მართალია, ნებისმიერი პაციენტი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც სწორედ ექიმისგან ელის დახმარებას, მაგრამ ქართველები ცოტა განსხვავებულად უყურებენ საკუთარ ჯანმრთელობას – ან ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და ყველა წვრილმანზე შფოთავენ, ან პირიქით, ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვთ ნებისმიერი დაავადების მიმართ. ვფიქრობ, მთავარი ექიმის დროული კონსულტაციაა, რადგან ამ შემთხვევაში დიაგნოზის დასმა და მკურნალობაც ბევრად შედეგიანია.

– თქვენი დაკვირვებით, რამდენად მოქმედებს პაციენტის განკურნებაზე მისი განწყობა?

– ექიმის მთავარი მოვალეობა პაციენტის ნდობის მოპოვება და დარწმუნებაა, რომ ის აუცილებლად გამოჯანმრთელდება, რადგან ნდობის გარეშე არც მკურნალობას აქვს აზრი, არც ოპერაციის გაკეთება ღირს.

– დღეს ძალიან მარტივია ინფორმაციის მოპოვება, თუმცა ზოგჯერ ადამიანი არასწორადაა ინფორმირებული და საკმაოდ სუბიექტური წარმოდგენა აქვს საკუთარ დაავადებაზე. რამდენად რთულია ექიმისთვის ცუდად ინფორმირებული პაციენტის გადარწმუნება?

– ძალიან რთულია, როცა სამედიცინო განათლების გარეშე ადამიანი სპეციფიურ ტერმინოლოგიას ეჭიდება, რადგან მეტწილად არასწორად გებულობს და დასკვნაც მცდარი გამოაქვს, რაც თავის მხრივ, სერიოზულ პრობლემას ქმნის, როცა მის დათანხმებას ვცდილობთ ამა თუ იმ მანიპულაციის ჩატარებაზე. ვფიქრობ, ბევრად უკეთესია, როცა ნაკლებად გაცნობიერებული პაციენტი სრულად ენდობა და მხოლოდ ექიმის რჩევებს ითვალისწინებს. მართალია, ექიმი ვალდებულია განუმარტოს პაციენტს რა პროცედურის ჩატარებას გეგმავს და რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამგვარმა მანიპულაციამ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში პაციენტებს მხოლოდ საკუთარ შეკითხვებზე სურთ პასუხის მიღება და ყოველთვის სრულ გარანტიას ითხოვენ, რომელსაც ვერცერთი ექიმი ვერ გასცემს. სხვათაშორის, ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა, საზღვარგარეთული კლინიკების რეკლამა, ბევრი ცდილობს უცხოეთში წასვლას და სამწუხაროდ უმეტესობა იმედგაცრუებული ბრუნდება. რა თქმა უნდა, ზოგჯერ პაციენტებს თვითონ ვურჩევთ საზღვარგარეთ გამგზავრებას, თუმცა, მეტწილად პაციენტები მეტად მარტივი ოპერაციის გასაკეთებლად ითხოვენ უცხოეთში მივლინებას.

– მალე ნიუ-იორკში მიემგზავრებით, სადაც ქართველ ემიგრანტებს შეხვდებით. საინტერესოა, ვინ გაერთიანდა დელეგაციაში და რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

– სექტემბრის ბოლოს ნიუ-იორკში ქართული ბრენდის დღეები ეწყობა, რომელსაც მედიცინის წარმომადგენლებიც დავესწრებით. ალბათ იცით, რომ საქართველოსგან განსხვავებით, სადაც პაციენტს ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს ექიმს, საზღვარგარეთ ექიმთან ვიზიტი ბევრად რთულია და დიდ დროსაც მოითხოვს. ამიტომ, სიამოვნებით ველით ქართველებთან შეხვედრას, რომელთაც უფასოდ ჩავუტარებთ გამოკვლევებს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები