LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ველი, რომ კვლავ აქტუალური გახდება სააკაშვილის შეწყალების საკითხი” / “ნატო ვერ ახერხებს რუსეთის შეჩერებას” / რა როლი აქვს „საუნივერსიტეტო დიპლომატიას“ კონფლიქტური ვითარების პროცესში / “კვირის თემის” პოდკასტი

3
fortuna.ge (78)

უკვე მეორედ, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს ესწრება – სამართლებრივი პროცესი პოლიტიკური დატვირთვით – საკითხს „კვირის თემაში“ შეფასებს იურისტი, ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი

ნატო-ს მინისტერიალი და საქართველოს გზა ევროატლანტიკური სივრცისკენ – გადაცემის სტუმარია მამუკა გამყრელიძე, ანალიტიკოსი, ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი;

რა როლი აქვს „საუნივერსიტეტო დიპლომატიას“ როგორც საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ფორმა-სახეობას, კონფლიქტური ვითარების პროცესში – გადაცემის სტუმარია ზურაბ ხონელიძე, პროფესორი, დიპლომატი, სოხუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი და ავტორი წიგნისა „მშვიდობის ქართული პარადიგმა“

 

“ველი, რომ კვლავ აქტუალური გახდება სააკაშვილის შეწყალების საკითხი – ეს საქმეები სასამართლო ხელისუფლების გამოწვევაა”

 

„ისეთი სახელმწიფოს სასამართლოს პირობებში, როგორიც საქართველოს რეალობაშია, ყოფილი პირველი პირის თანამდებობის გასამართლების პრეცედენტი არ არსებობს,“ – ამის შესახებ „ფორტუნას“ გადაცემაში – „კვირის თემა“ იურისტმა და ანალიტიკოსმა, ლევან ალაფიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე საქმის შეფასებისას განაცხადა და განმარტა, რომ ყოფილი პრეზიდენტის საქმე არა მხოლოდ სამართლებრივი კუთხით, არამედ ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

როგორც ლევან ალაფიშვილმა აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყნებში უმაღლესი თანამდებობის პირების გასამართლების პრეცედენტი, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა დამოუკიდებელი და ნდობის მქონე სასამართლოს პირობებში.

 

 

„საქართველოში, ასეთ პოლიტიკურად არანეიტრალური და ნდობა შერყეული სასამართლოს პირობებში, ქვეყნის ყოფილი პირველი პირის მიმართ მართლმსაჯულება, მსოფლიო სამართლებრივ სივრცეში, პრაქტიკულად არ მოიძებნება.

ეს საქმეები გამოწვევაა არა მხოლოდ მისი რომელიმე ფიგურანტის მიმართ, საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, მისი დამოუკიდებლობის, თითოეული მოსამართლისა და მისი დამოუკიდებლობის, ასევე ქვეყნის დემოკრატიისთვის,“ – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა გადაცემაში „კვირის თემა.“

რა გავლენა შეიძლება იქონიოს ექსპრეზიდენტის გასამართლებამ, როგორც პრეცედენტულმა საქმემ, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესსა და ამავე დროს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივაზე – ამ კონტექსტში წამყვანის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, იურისტმა უპასუხა, რომ „ძალიან ბევრი რამ, რაც დემოკრატიულია, უკვე დარღვეული ვიხილეთ, როდესაც საქმეების განხილვა, პრაქტიკულად დაწყებული არ იყო.“

ლევან ალაფიშვილი იმედოვნებს: თითოეული მოსამართლე გააცნობიერებს, რომ პერსონალურად ამ საქმის ფიგურანტის ბედი კი არ წყდება, არამედ, ქვეყნისა და დემოკრატიის განვითარების ბედი წყდება.

„და შესაბამისად, გადაწყვეტილებას დაასახელებს მაღალი სტანდარტით, პროცესებს წარმართავს სამართლიანი სასამართლოს სრული დაცვით. ამდენად, შემცირდება ან აღარ იარსებებს კითხვები, რომელიც ასე ჭარბადაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების თუ ორგანიზაციების მხრიდან, განსაკუთრებით სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მისი პოლიტიკურად  ნეიტრალურობის კუთხით,“ – აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე – ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ კონტექსტთან დაკავშირებით, რომელიც ასევე მის „განახლებულ იმიჯს“ მოიაზრებს, როგორც ამას ანალიტიკურ წრეებსა და მის ოპონენტებში ამბობენ, ლევან ალაფიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს, „აკადემიურად წარსდგა“, „სტილი შეცვალა“ და ა.შ.

„თუკი ვინმეს ეგონა, რომ გისოსებში მყოფი პირი სირბილს დაიწყებდა, გულწრფელად ვერ ვხვდები ამ მოლოდინს და თანავუგრძნობ მათ, ვისაც ასევე ჰქონდა მოლოდინი, რომ ვიღაცა  ყვირილს ატეხდა, რკინებს გაღრღნიდა და ა.შ.

დაუწუნეს სიწყნარე… სიწყნარე აკადემიურობას არ ნიშნავს ხომ? იგივე აკადემიური სტილით, როგორც ამას უწოდებენ, იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ, გარანტირებულ უფლებას – სასამართლო სხდომებს, რომელსაც იყენებს ბუნებრივია, საკუთარი პოზიციის წარმოსაჩენად.

თუკი ეს ასეა, ამ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ მის საქმეებზე და ბუნებრივია, ის ამ დროს უმაღლესი, პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო. შესაბამისად, საქმის განხილვა პოლიტიკას შეეხება. ბუნებრივია, ის პოლიტიკოსი, რომლის განვლილი პერიოდიც მის პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირდება, პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრებს, თუ რა იყო მანამდე,“- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

რაც შეეხება პერსპექტივაში მოსალოდნელ შედეგებს – წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს, როგორც იურისტს საქმის მსვლელობის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის როლსა და მის გავლენებზე, ალაფიშვილმა უპასუხა:

„ერთი რამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, საქართველოს პოლიტიკურ პარტიაში წევრობა, აგიტაცია ნამდვილად არ შეეძლება, რადგან ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.

მით უფრო, რომ ის გისოსებს მიღმა იმყოფება და მხედველობაში მაქვს ის განაჩენები, რომლებზეც სასჯელი მისჯილი აქვს და მიმდინარე საქმეებიც ემატება. მოქალაქე რომც იყოს, მას ხმის მიცემის უფლებაც არ აქვს, კანდიდატი ვერ იქნება და პარტიის წევრობა არ შეეძლება.

 

“მეათე წელია მმართველი პოლიტიკური ძალის „ისტებლიშმენტი“ ცდილობს წაშალოს, პოლიტიკური რუკიდან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები გააქროს, ეს შეუძლებელია”

 

ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე სტაბილური ამომრჩეველი ჰყავთ. შეიძლება ადამიანი არ მოგწონდეს, მისი განადგურება გინდოდეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მისი იდეები და მხარდამჭერები ნადგურდებიან. ვიღაცისთვის შეიძლება მისაღები იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ნახევარი მილიონი მხარდამჭერების განადგურება,“ – დასძინა ლევან ალაფიშვილმა.

ხოლო კითხვას ექსპრეზიდენტის სამომავლო გეგმებთან და მის მსჯავრთან დაკავშირებით, ანალიტიკოსმა ასე უპასუხა:

„ის ალბათ საკუთარი ამომრჩევლებისთვის მუხტის მიცემას გააგრძელებს და მეორე, რაც მმართველი ძალისთვის გამოწვევაა – მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და შესაბამისად, საქართველო-უკრაინის სტრატეგიული ურთიერთობა, შესაძლოა ერთი დაუფიქრებელი განცხადებითაც კი დაზარალდეს.

ასე რომ ყველას გონიერებისკენ მოვუწოდებ – სასამართლოსაც და ჩვენს პოლიტიკოსებსაც, რომ არა მხოლოდ სასამართლოსთან დაკავშირებული შეფასებები, არამედ სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენი ევროპული მომავალი ეჭვქვეშ არ დააყენონ. იმიტომ, რომ საქართველო და ევროპა ერთი ნაწილია – საქართველო მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის ერთიანი ჯაჭვის ნაწილია, რომლის გარღვევაც მხოლოდ პუტინის სურვილია. საბოლოო ჯამში კი, დემოკრატიული განვითარების მიღმა აღმოვჩნდებით.

საბოლოო ჯამში, პროგნოზის გაკეთება ნამდვილად ძალიან რთულია, მაგრამ ერთი, რასაც ნამდვილად ველი, მინიმუმ ის სამი საქმე, რომელიც განხილვაშია და ჯერ არ დასრულებულა, ერთ წელიწადში არ დასრულდება (შესაძლოა მეტ წელს გაგრძელდეს) ამიტომაც, შესაძლოა მათი განხილვის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი უკვე მოხდილი ჰქონდეს.

აქვე შუალედში, განხილვების პერიოდში, ველი, რომ კვლავ აქტუალური გახდება მისი შეწყალების საკითხი,“ – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად.

 

 

 

 

“ნატო ვერ ახერხებს რუსეთის შეჩერებას”

 

2022 წელს მადრიდში იქნება ნატოს სამიტი, უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელსაც შევადარებდი ბუქარესტის სამიტს, ჩემი აზრით, იქ მოხდება განხილვა საქართველოსა და უკრაინის მიღებისა, ამაზე ყველაფერი მიგვანიშნებს, – ამის შესახებ ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში, პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორ მივალთ მადრიდის სამიტამდე.

“იმ სტრატეგიის განხილვა, რომელიც უნდა მიიღონ მადრიდის სამიტზე, ამ მინისტერიალზე დაიწყო. ეს კონცეფცია არის ნატოს საიტზეც, ძალიან ვრცელია და ამის განხილვას ვერც მოვასწრებ, მთავარი არის რომ მსოფლიო იცვლება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაქრა მტრის ხატი. ამერიკაში იქნება კონფერენცია, სადაც ჩვენი რეგიონიც არის მიწვეული, მხოლოდ ჩვენ და სომხეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი არა. მსოფლიოს გადანაწილება მიმდინარეობს და ამას ჩვენ ძალიან ღიად ვხედავთ, ამაში ჩართულია რუსეთი. სწორედ ამ პროცესის საწინააღმდეგოდ ხდება ნატოს მობილიზება. ჩანს კიდეც, რომ ნატო ვერ ახერხებს რუსეთის შეჩერებას”,- განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

 

„არ გამოვრიცხავ, რომ ზამთარში, როდესაც ტანკებს შეეძლებათ გაყინულ მიწაზე ადვილად გადაადგილება რუსეთი შეიჭრას უკრაინის ტერიტორიაზე, ახლა ვერ შედიან, რადგან თბილა“

 

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში „ფორტუნას“ ეთერში გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის განცხადებას, იმის შესახებ რომ „რუსეთს ესაჭიროება გარანტიები, რომ ნატო აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდება, რაც გამყრელიძის თქმით, ღიმილისმომგვრელი განცხადებაა.

„ასეთი გარანტიების მიღება დღეს აბსურდის ტოლფასია, ვინაიდან მსოფლიო არის დუღილის პროცესში. რეალურად, ჩვენ არ ვიცით ის წესები, რითაც იცხოვრებს მომავალი მსოფლიო. სხვათა შორის, ამაზე ხმამაღლა ისაუბრა ლატვიის საგარეო მინისტრმა, რომელმაც პირდაპირ მოუწოდა ნატოს და ევროკავშირს, თუ შეიძლება ძალიან მკვეთრად აგვიხსენით როდის და რა ზომებს მიიღებთ, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიას კიდევ შეეხება. ხისტი მოწოდებაა, ჩვენ არ ვიცით, როდის და როგორ ირეაგირებს ნატო“, – აღნიშნა მამუკა გამყრელიძემ და დასძინა, რომ აუცილებელია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, ვინაიდან ეკონომიკური სანქციები არ მუშაობს.

„არ გამოვრიცხავ, რომ ზამთარში, როდესაც ტანკებს შეეძლებათ გაყინულ მიწაზე ადვილად გადაადგილება რუსეთი შეიჭრას უკრაინის ტერიტორიაზე, ახლა ვერ შედიან, რადგან თბილა, მერე როგორ იქნება ის სამიტი, არავინ იცის“, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

 

 

 

“ალტერნატივა არ აქვს  მშვიდობას” – რა როლი აქვს „საუნივერსიტეტო დიპლომატიას“ კონფლიქტური ვითარების პროცესში

 

რა როლი აქვს „საუნივერსიტეტო დიპლომატიას“ როგორც საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ფორმა-სახეობას, კონფლიქტური ვითარების პროცესში – საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ პროფესორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და ავტორმა წიგნისა „მშვიდობის ქართული პარადიგმა“, ზურაბ ხონელიძემ ისაუბრა.

 

 

ზურაბ ხონელიძე დიპლომატიისა და  განათლების პოლიტიკის შერწყმის გზით, გვთავაზობს ახალი ხედვას საუნივერსიტეტო დიპლომატიას, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების განახლებული ფორმას. მისი განცხადებით, ეს არის უნივერსიტეტის განახლებული მისია და მშვიდობის მშენებლობის თანამედროვე ფორმა.

როგორც პროფესორი განმარტავს, ნებისმიერი კონფლიქტის საფუძველი და სათავე უნდა ვეძებოთ ურთიერთობებში.

ზურაბ ხონელიძის მოსაზრებით, ქართული სახელმწიფოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით, უნდა შეიქმნას ახალი თავისუფალი „სივრცე“, სადაც სააზროვნო ველი და სამეტყველო ენა იქნება აკადემიური და დიპლომატიური.

„უნივერსიტეტი არ შევა კონფლიქტში და არც კონფლიქტს შემოვიტანთ უნივერსიტეტში. ვერ დამისახელებთ თქვენ კონფლიქტს, რომელიც კონფლიქტამდე და კონფლიქტის შემდეგ იდენტური იყოს. მე ვამბობ, რომ არც მოგვარდება და ნუ ვკლავთ დროს, ნუ ვიტყუებთ საკუთარ თავს არ მოგვარდება არა იმიტომ, რომ რომელიმე მათგანს არ აქვს სურვილი ან რესურსი კონფლიქტის მოგვარების, მაგრამ ეს რესურსი არ არის საკმარისი. მეტიც, მათი ინტერესები არ არის იდენტური. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ შეზღუდული რესურსების გაერთიანება. ამას სჭირდება ახალი ფორმატი.

 

“ჩვენ ვაღიარებთ კონფლიქტის მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზას”-  რაზე გადის მშვიდობიანი გზა?

 

ორი გზა არსებობს კონფლიქტის დარეგულირების – მშვიდობიანი და ძალისმიერი. ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ მშვიდობიან გზას. რაზე გადის მშვიდობიანი გზა? პირველი,  განათლება, მეორე მეცნიერება, რომელიც ნებისმიერ პასუხს ობიექტურად გასცემს პასუხს და მესამე, საზოგადოების ყველაზე პრაგმატულად მოაზროვნე ნაწილი – ახალგაზრდობა.

 

 

ეს სამი კომპონენტი თავმოყრილია უნივერსიტეტში, მაგრამ დღეს უნივერსიტეტს არ აქვს რესურსი იქცეს სამშვიდობო პროცესის მედროშედ. თუმცა მას აქვს თავისუფლების მაღალი ხარისხი, რაც აუცილებელია კონფლიქტის დარეგულირებაში. მაგრამ ახალ სიცოცხლეს ერთი სუბიექტი არ ყოფნის, მას სჭირდება პარტნიორი. უნივერსიტეტის ერთადერთი პარტნიორი არის დიპლომატია. თუ არ გვინდა გავიმეოროთ შეცდომები და ვებრძოლოთ შედეგებს, დიპლომატია არის მოლაპარაკების მეცნიერება და ურთიერთობის ხელოვნება.

 

“ჩვენ ჩამოვრჩით დროს – საუნივერსიტეტო სივრცეში იქმნება ახალი ფორმატი”

 

საუნივერსიტეტო სივრცეში იქმნება ახალი ფორმატი, სადაც კონფლიქტის დარეგულირების პროცესის მონაწილე ხელისუფალი, არასამთავრობო და საერთაშორისო თავისუფლდება აზროვნების, გამოხატვის ფორმის და მოქმედების თავისუფლებას. ეს სამივე გვჭირდება იმისთვის, რომ ერთად დავადგინოთ კონფლიქტის მიზეზი, მისი საფუძველი და გავწეროთ სტრატეგია და ტაქტიკა“, – განაცხადა ზურაბ ხონელიძემ.

პროფესორის თქმით, „ჩვენ ჩამოვრჩით დროს, არ გვაქვს დროის ობიექტური აღქმა. დრო ცვლილების პროდუქტია, უნივერსიტეტი არ არის ადეკვატური დროის”.

“მეორე, დრო არ მოდის, დრო მიდის. ვინც ელოდება კარგ დროს, ის ცუდს ახანგრძლივებს. ცუდი დრო ქმნის ძლიერ ადამიანებს, ისინი კი კარგ დროს. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვცდილობთ, დრო მოვკლათ და ვერ ვხდებით, რომ დროის მოკვლა შეუძლებელია. ამ დროს რა ხდება? პირიქით, დრო გვკლავს ჩვენ. მოიტანა უნივერსიტეტმა ადეკვატურობა დროსთან მიმართებაში? არა. მინდა შეგახსენოთ, როგორ მოხდა პირველი დედა უნივერსიტეტის ფორმირება. იდეა ილია ჭავჭავაძის თავში გაჩნდა და ამას არ სჭირდება კითხვის ნიშნები, რატომ. მაგრამ ილია ჭავჭავაძემ ვერ მოახერხა იდეის რეალიზაცია, რადგან შესაბამისი დრო არ იყო.

როგორც კი დადგა გარდამავალი პერიოდი, მაშინვე იდეის რეალიზაცია შეძლო ივანე ჯავახიშვილმა, მელიქიშვილთან და დანარჩენ თავის მეგობრებთან ერთად. ჩვენი პირველი საუნივერსიტეტო პარადიგმა ეფუძნებოდა საქართველოს კულტურისა და სამართლის ისტორიას, მთელი ათეული წლის განმავლობაში ის ასრულებდა ფუნქციას- იყო მედროშე, ერის, თავისუფლების იდეის რეალიზაციის. დღეს აბსოლუტური არაფერი არსებობს და საქართველო პირობითად თავისუფალია. დღეს უნივერსიტეტს არ აქვს ასეთი იდეა. რას უნდა ემსახურებოდეს? ყველაზე დიდი პრობლემა ამ სამყაროში არის ის, რასაც არ აქვს ალტერნატივა. ალტერნატივა არ აქვს – მშვიდობას“,- განაცხადა ზურაბ ხონელიძემ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები