LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიცი, რომ ბევრს არ ვუყვარვარ,ზოგი მაკრიტიკებს” – სოფო ჭყონია შვილებზე და კარიერაზე გადაცემაში „არტ-FM“

29
sofo-chkonia-news23234

გადაცემის ლაივი LIVE

5 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ სოფო ჭყონია სტუმრობდა, რომელმაც Mercedes-Benz Fashion Week-ის წლევანდელ, მეათე სეზონზე ისაუბრა.

– სოფო, ძალიან თვითკრიტიკული ხართ და ყოველთვის მაქსიმალურ ყურადღებას აქცევთ დეტალებს. როგორ შეაფასებთ წლევანდელ მოდის კვირეულს არა ორგანიზატორის, არამედ სტუმრის თვალით?

– ვფიქრობ, კრიტიკა ყოველთვის საჭიროა მიღწეულის გასაუმჯობესებლად. ძალიან მახარებს ქართული მოდის პროგრესი, რადგან დროთა განმავლობაში სულ უფრო შემოსავლიანი ბიზნესი ხდება,  დიზაინერები კი, წარმატებით საქმიანობენ საერთაშორისო ასპარეზზე. მოდა ყოველთვის ძალიან ძვირი სიამოვნება იყო, უამრავი მსოფლიო ბრენდი გააკოტრა კრიზისმა, ქართველი დიზაინერები კი, მწირი რესურსებით უწევენ კონკურენციას უმსხვილეს ბრენდებს. რა თქმა უნდა, ამ მხრივ კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენი კვირეულის მიზანიც სწორედ ესაა – გაუწიოს პოპულარიზაცია ქართველ დიზაინერებს, თუმცა მე ბევრად მეტის გაკეთების სურვილი მაქვს.

– მრავალფეროვანი ჩვენებების ფონზე, თქვენთვის რომელი აღმოჩნდა ყველაზე შთამბეჭდავი?

– სამწუხაროდ, იდეალური ჩვენების მოწყობა შეუძლებელია, რადგან წინსვლის მიუხედავად, ქართული მოდის ინდუსტრია მაინც ვერ დაიკვეხნის სრულფასოვანი ფუნქციონირებით, ამიტომ გარკვეული ხარვეზები ჩვენც გვაქვს. ძალიან მომეწონა დათუნა სულიკაშვილის ჩვენება, რომელმაც ბრწყინვალედ გააერთიანა მოდა და მუსიკა. ყოველთვის საინტერესოა მსგავსი ექსპერიმენტები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს შერწყმა და ამჯერადაც ძალიან ეფექტური გამოვიდა.

– წლების წინ საქართველოს ნაკლებად იცნობდა მსოფლიო მოდის ინდუსტრია, რამ განაპირობა ქართველი დიზაინერების პოპულარობა? 

– ვფიქრობ, პირველ რიგში დემნა გვასალიას დამსახურებაა, რომელიც საკუთარ შემოქმედებასთან ერთად, საქართველოსაც აქტიურად აცნობდა უცხოელებს და სასურველ შედეგსაც მიაღწია – დღეს მოდის სფეროში ყველამ იცის, რომ ქართველები საინტერესო და ძალიან თვითმყოფადი დიზაინერები არიან. სხვათაშორის, პარიზის მსგავსად საქართველოშიც გაჩნდა ე.წ. მოდის ტურიზმი, როცა მოდის მოყვარულები ნაკლებად ესწრებიან ჩვენებებს, თუმცა სიამოვნებით მონაწილეობენ საერთო დღესასწაულში. ძალიან მახარებს, რომ ჩვენც უამრავი „მოდური ტურისტი“ გვსტუმრობდა, ვინც ქართველი დიზაინერების, მათი ნამუშევრების გაცნობა მოისურვა.

– როგორ აფასებთ დემნას კოლექციებს?

– კოლექციებს ნაკლებად ვაფასებ, დემნა მათ გარეშეც გენიოსად მიმაჩნია, რადგან სრულიად ახალი მიმართულება შექმნა მსოფლიო მოდაში.

– რამდენად ეხმარება Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული ქართველ დიზაინერებს საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში?

– უცხოელი სტილისტები მუდმივად სიახლის ძიებაში არიან, ქართველი დიზაინერებით კი, უცხოელი ჟურნალისტები ინტერესდებიან, რომლებიც დეტალურად აშუქებენ მათ საქმიანობას და სწორედ მათი დახმარებით ურთიერთობენ უცხოელი სტილისტები ჩვენს დიზაინერებთან.

– რამდენად აქტიურად მონაწილეობთ ჩვენებაში, აძლევთ თუ არა რჩევებს დიზაინერებს?

– მართალია, ყველაფერში ჩარევის და გაკონტროლების ცუდი ჩევვა მაქვს, რადგან მინდა ყველა ჩვენება გამართული, კვირეული კი, სრულყოფილი იყოს, მაგრამ დიზაინერების შემოქმედებაში მაინც ნაკლებად ვერევი და მხოლოდ ლოკაციას ვათანხმებ მათთან, რადგან თვითონაც მაქსიმალურად ცდილობენ ინდივიდუალური, ორიგინალური ჩვენების მოწყობას. ვფიქრობ, წელს განსაკუთრებით მოინდომეს, რადგან კვირეული მართლაც გამორჩეული გამოვიდა.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, რა სიახლეს შესთავაზებთ მოდის მოყვარულებს?

– კონკრეტულად ჯერ ვერაფერს ვიტყვი, თუმცა თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ შემდეგი კვირეულისთვის მოდურთან ერთად სოციალური პროექტებიც მრავლად გვექნება.

– როდის დაინტერესდით მოდით?

– სრულიად შემთხვევით მოვხვდი ამ სფეროში. მართალია, მოდით 14-15 წლის ასაკში დავინტერესდი, როცა პირველად დავათვალიერე ჟურნალი Vogue, მაგრამ კინემატოგრაფიით უფრო ვიყავი გატაცებული, პროფესიაც კინომცოდნის ავირჩიე და ნამდვილად არ მეგონა, რომ ოდესმე ჩემს მთავარ საქმედ მოდა იქცეოდა.

– რას საქმიანობს თქვენი ქალიშვილი?

– მარიამი 22 წლისაა და ჩემი საუკეთესო მეგობარია. კინორეჟისურის ფაკულტეტი დაასრულა, მერე მედიით და კომუნიკაციით დაინტერესდა, თუმცა მაინც კინოში გეგმავს დაბრუნებას, რადგან ძალიან უყვარს ეს პროფესია.

– თქვენს ვაჟიშვილს ხომ არ აურჩევია საქმიანობის სფერო?  

– ვაჟიშვილი მხოლოდ 11 წლისაა და ნაკლებად ფიქრობს მომავალ პროფესიაზე, თუმცა ბოლო დროს კულინარიამ გაიტაცა და ძალიან გემრიელი კერძებით გვანებივრებს.  საბოლოოდ რას გადაწყვეტს არ ვიცი, მაგრამ დღეს უამრავი გატაცება და ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს.

– მოდის კვირეულის პარალელურად, კინემატოგრაფიაშიც ხომ არ გეგმავთ საქმიანობას?

– სხვათაშორის, მოდის კვირეულს ჩემი უსაყვარლესი რეჟისორი პაველ პავლიკოვსი სტუმრობდა, რომლის მეუღლე – ცნობილი მოდელი, პოლონური Vogue-ს მთავარი რედაქტორია. ძალიან საინტერესო ღია შეხვედრა მოვაწყვეთ და იმედი მაქვს, მსგავს ღონისძიებას მომავალ წელსაც წარმატებით გავმართავთ.

– რამდენადაც ვიცი, დევიდ კომასთანაც გეგმავთ თანამშრომლობას…

– დევიდ კომა ჩემი კარგი მეგობარია და მოდის კვირეულსაც ხშირად სტუმრობს. მართლაც გრანდიოზული პროექტის განხორციელებას გეგმავს, თუმცა მასშტაბურობის და შრომატევადობის გათვალისწინებით, ნამდვილად არ ვიცი რამდენად მოესწრება მაისის თვისთვის მომზადება.

– რა როლს ასრულებს მამა თქვენს ცხოვრებაში?  

– მართალია, მოდის კვირეულს არასდროს სტუმრობს, მაგრამ საკუთარ აზრს მაინც ყოველთვის მიზიარებს. რა თქმა უნდა, წლების წინ, როცა კვირეული ფეხს იდგამდა, ძალიან მეხმარებოდა, თუმცა მე მაინც ყველაფრის დამოუკიდებლად კეთება მირჩევნია. მამასთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა მქონდა და ვცდილობ თვითონაც კარგი მეგობარი ვიყო შვილებისთვის.

– ყველაზე ღირებული რჩევა, რომელიც ოდესმე მიგიღიათ?

– ბევრი სასარგებლო რჩევა მიმიღია. მართალია, წლების წინ რჩევებიც ძალიან მაღიზიანებდა და კრიტიკაც, მაგრამ მივხვდი, რომ ყოველთვის აუცილებელია განსხვავებული აზრის მოსმენა, რადგან ის, რასაც თვითონ ვერ ამჩნევ, აუცილებლად სხვა დაინახავს. ჩვენს ქვეყანაში ძალიან არ უყვართ რჩევის მიღება, რადგან ყველა დარწმუნებულია, რომ თვითონ ყველაზე მეტი იცის, თუმცა თვითონ არასდროს ვთაკილობ კომპეტენტური ადამიანის აზრის მოსმენა, ყოველთვის მაინტერესებს მარიამის აზრი და რჩევასაც სიამოვნებით ვითვალისწინებ.

– რჩევა, რომელსაც საკუთარ შვილებს აძლევთ?

– ზოგადად, ძალიან არ მიყვარს რჩევების მიცემა, რადგან ყველას თავისი ცხოვრება აქვს და უკეთ იცის, როგორ იმოქმედოს. არსებობს გამოთქმა, „იცხოვრე მომენტით!“ იგივეს ვურჩევ ყველას და პირველ რიგში, ჩემს შვილებს, რადგან დრო ძალიან სწრაფად გადის და პრაქტიკულად ვერასდროს ვასწრებთ ცხოვრებას.

– თქვენი აზრით, რამდენად კრიტიკული შემფასებელია ქართველი მოდის მოყვარული?

– არა მხოლოდ მოდის მოყვარულები, ზოგადად ქართველები ვართ ყველაფრის მიმართ კრიტიკულად განწყობილი. სხვათაშორის, წელს უამრავი მნახველი, ძალიან ჭრელი პუბლიკა გვსტუმრობდა, რამაც ძალიან გამაკვირვა და გამახარა, რადგან ნამდვილად არ ველოდი ამგვარ აქტიურობას.

– თქვენი აზრით, როგორ გახასიათებენ უცნობები?

– ვიცი, რომ ბევრს არ ვუყვარვარ,ზოგი მაკრიტიკებს, ზოგი კი, პატივს მცემს, თუმცა სხვათა დამოკიდებულება ნაკლებად მაინტერესებს, რადგან ჩემთვის მხოლოდ ახლობლების აზრია მნიშვნელოვანია.

– რას ვერ ელევით, რისი დატოვება გიჭირთ წარსულში?

– ყველაფერს მარტივად ველევი, რადგან ძალიან არ მიყვარს წარსულის გახსენება, დღევანდელი დღით ვცხოვრობ და ნაკლებად ვზრუნავ მომავალზე.

– შეკითხვა, როემლსაც მუდმივად უსვამთ საკუთარ თავს?

– უამრავი შეკითხვა მაქვს, ძალიან კრიტიკული ვარ და ყოველთვის ომი მაქვს გამართული საკუთარ თავთან.

– გაქვთ თუ არა საიდუმლო, რომელსაც ახლობლებსაც არ უმხელთ?

– საკმაოდ ბევრი საიდუმლო მაქვს.

– პროფესიული წარმატება უფრო მნიშვნელოვანია თუ წარმატება პირად ცხოვრებაში?

– იდეალურია როცა ორივე გაქვს, თუმცა ჩემთვის პროფესიული წარმატება უფრო მნიშვნელოვანია, რადგან პირად ცხოვრებაში ჯერჯერობით სიცარიელეა და არაფერი ხდება.

– ნიჭს და იღბალს შორის რომ ირჩევდეთ, რომელს მიანიჭებდით უპირატესობას?

– ორივე კარგია, მაგრამ მე იღბალს ავირჩევდი, რადგან საშინელებაა, როცა ნიჭიერ ადამიანს იღბალი არს სწყალობს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები