LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვიცით, რომ იქ არის ძალადობა, იძულებით ოთახებში ჩაკეტვა” – ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები

7
ana 4

დღევანდელ გადაცემაში ბავშვთა უფლებებზე ვსაუბრობთ. ახალი არ არის, მათი უფლებები რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა, თუმცა ამ შემთხვევაში თემა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებულ პრობლემებზე, რასაც უფლებადამცველების მყისიერი რეაქცია მოჰყვა. მათ სურდათ ადგილზე მისვლა, მაგრამ სასამართლომ უარი უთხრათ. გადაცემის ,,კანონის ფარგლებში” სტუმარია უფლებადამცველი ანა არგანაშვილი.

– პირველ რიგში გვითხარით, რა ვიცით ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ, ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებულ ვითარებაზე?

– მსმენელებს შევახსენებ, რომ საქართველოში ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, არაერთი ბავშვია მოკლებულნი მშობელთა ზრუნვას, ამიტომ მათზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი. არსებობს 24 საათიანი ბავშვთა სახლები, რომლებიც შექმნა საპატრიარქომ. სწორედ მათ დაქვემდებარებაში არსებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში არ უშვებენ სახალხო დამცველს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ იქ ბავშვებზე ძალადობენ, ოთახებში კეტავენ, იძულებითი ლოცვა ხდება. იქ სოციალურ მუშაკსაც აღარ შეუძლია თურმე შესვლა.

– მიზეზი რა იყო არშეშვების, უარი რატომ უთხრეს?

– თურმე სახალხო დამცველი უმცირესობების უფლებებს იცავსო. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული. გარდა ამისა, ლიცენზირების დარღვევაც არის ეს უარი. არც ერთი სიტყვა უთქვამს მთავრობას, არც საპატრიარქოს. ამიტომ წავედით სასამართლოში, საიდანც მივიღეთ უარი. დაახლოებით 10 წელია ბავშვთა უფლებებზე ვმუშაობ და ასეთი შემთხვევა არ მახსოვს.

– რატომ არ დაკმაყოფილდა ეს შუამდგომლობა, მიზეზი რა არის?

– სასამართლომ გვითხრა, რომ ვერ წარმოადგინეთ დღევანდელი მონაცემები, რომელიც დაადასტურებდა, რომ იქ ბავშვთა უფლებები ირღვევაო. თუ იქ არ შესულა სახალხო დამცველი და არავის უშვებენ, ამ მონაცემებს ვინ წარმოადგენს. ეს მონაცემები რომ მივიღოთ, უნდა შევიდეთ

– თუმცა, კონკრეტული ფაქტებით ხომ მიხვედით?

კი, ფაქტები არის ცალსახა. 2015 წელს, როცა ჰქონდა მონიტორინგის საშუალება სახალხო დამცველს, გამოიტანა ეს დარღვევები. ეს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშშიც კი არის შეტანილი. ამ დარღვევაზე ეჭვიც რომ არსებობდეს, მაინც უნდა მოხდეს რეაგირება. ძალიან შემაშფოთებელია სასამართლოს ეს გადაწყვეტილება. ახლა წავედით სააპელაციოში. გვაქვს იმედი, რომ გამოჩნდება ვინმე გულისხმიერი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ბავშვებს ვერ დავტოვებთ ამ მდგომარეობაში. ამ ბავშვებზე კანონიერი წარმომადგენელი არის სახელმწიფო. წარმოიდგინეთ, რომ მას არ უშვებენ

– ამ რთულ ვითარებაში, რა გამოსავალი რჩება, გარდა იმისა, რომ ელოდებით სააპელაციოს?

– გამოსავალი უნდა იყოს სისტემურ დონეზე. ის, რომ ბავშვები გვყავს ბავშვთა სახლებში, დაფარული, დამალული, წარმოუდგენელი დარღვევაა. დღეს იქნება თუ ხვალ, შეუძლებელია, არ შევიდეს პანსიონატში სახალხო დამცველი. თუ ბავშვები ვერ ბრუნდებიან ოჯახებში, მაშინ მცირე ზომის საოჯახო ტიპის საცხოვრისებში ან მინდობით აღზრდაში და არა დიდი ზომის ბავშვთა სახლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები