LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის ინტერესში შედის და რა გავლენას მოახდენს წინასაარჩევნოდ ფარული ჩანაწერების გავრცელება / “კვირის თემის” პოდკასტი

7
კვირის თემ 16,09

ვის ინტერესში შედის და რა გავლენას მოახდენს წინასაარჩევნოდ ძალთა ბალანსზე სავარაუდო ფარული ჩანაწერების გავრცელება?

პოლიტიკური კომპრომატები და არჩევნები, როცა საარჩევნო პროგრამები თითქმის ყველაზე არააქტუალურ საკითხად იქცა.

რა გეგმა აქვთ მერობის კანდიდატებს თბილისის განვითარებისთვის?  –  საკითხს გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილი სტუმრებთან ერთად განიხილავს

  • ანა დოლიძე  – “ანა დოლიძე – ხალხისთვის” მერობის კანდიდატი

  • ანა ბიბილაშვილი – პარტია “ლელოს” მერობის კანდიდატი

 

 

ანა დოლიძე: ალბათ, ჩემსა და თქვენს ინტერვიუსაც იწერს ვიღაცა უსაქმური უშიშროების თანამშრომელი, რომელი 917-ე კომისიის შექმნას ვითხოვთ?

ვის ინტერესში შედის და რა გავლენას მოახდენს წინასაარჩევნოდ ძალთა ბალანსზე სავარაუდო ფარული ჩანაწერების გავრცელება? – ამ საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” პარტიის “ანა დოლიძე-ხალხისთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა ისაუბრა.

ანა დოლიძის განცხადებით, სავარაუდოდ, სუს-ის ფაილების გავრცელება საქართველოში აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის არარსებობაზე მიუთითებს.

 

მისივე თქმით, ბოლო დღეებში მომხდარი სისხლიანი გარჩევები ასევე, მიუთითებს, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობის პერსპექტივა არ არსებობს.

“გუშინ თბილისში ფაქტობრივად, ორი სისხლიანი გარჩევა მოხდა, ერთი ვერაზე და ერთი წყნეთში. დაჭრილია იყო სამი ადამიანი, გარდაიცვალა ერთი. თბილისი გადაქცეულია კრიმინალური თარეშის, გარჩევის ადგილად. კანონის უზენაესობის პერსპექტივაც არ არსებობს ამ ქვეყანაში.

აქეთ სუს-ი უსმენს ვისაც უნდა, აქეთ კრიმინალი დარბის ქალაქში, ქილერებს ქირაობს ხალხი და როგორც უნდა ისე ხოცავს ხალხს, არ ვიცი, ლათინოამერიკაში იყო კლანებად დაქუცმაცებული სახელმწიფოების იმიტაცია და მაგ ეპოქაში ვარ. ამიტომ, აუცილებელია უსწრაფესად დავიძვრინოთ თავი ამ ხელისუფლებიდან.

მიუხედავად წნეხისა, საშინელი საარჩევნო კლიმატისა, ჩვენ ვართ აქტიურ რეჟიმში. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ ყოველთვის მათ გვერდზე ვიქნებით. ახლა სუს-ის ფაილების ფონზე რისი იმედი უნდა გქონდეს?

ალბათ, ჩემსა და თქვენს ინტერვიუსაც იწერს ვიღაცა უსაქმური უშიშროების თანამშრომელი, ჩვენდა სამწუხაროდ. ამ პირობებშიც კი, ჩვენ შევძლებთ, რომ გამოვკვეთოთ ის შუა, რომელსაც უნდა ცვლილება და სიახლე”, – განაცხადა ანა დოლიძემ გადაცემაში “კვირის თემა”.

პარტია “ანა დოლიძე-ხალხისთვის” თბილისის მერობის კანდიდატი  გავრცელებული ფაილების საქმეზე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივასაც ეხმიანება და აცხადებს, რომ წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, მსგავსი კომისიის შექმნის აზრს ვერ ხედავს.

“რომელი 917-ე კომისიის შექმნას ვითხოვთ უკვე ჩემის ჩათვლით? 5 განცხადება მაქვს შეტანილი საარჩევნო პერიოდიდან, მათ შორის ჩემზე თვალთვალზე, პირადად ჩემზე ადევნებაზე და ჩემს ბინაზე ჩაწერაზე.

არსებობს პირველწყარო და არცერთი არ არის გამოძიებული. გამოიძიებენ თუ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად იქნება სარგებლიანი. ესენი მალევე უნდა ჩავანაცვლოთ, ეს არის გამოსავალი”- განაცხადა ანა დოლიძემ.

 

„პარტია „ხალხისთვის“ ჩემს შვილზე პატარაა, ყველა კვლევით ვლახავთ ბარიერს“ – რა გეგმა აქვს ანა დოლიძეს თბილისის განვითარებისთვის

 

ადამიანებზე მორგებული ინფრასტრუქტურა, მწვანე სივრცე და ინფრასტრუქტურული რეფორმების დასრულება – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომელსაც პარტია “ანა დოლიძე-ხალხისთვის” საარჩევნო პროგრამა მოიცავს.

 

როგორც პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა, თბილისს სჭირდება მერი, ვინც დედაქალაქს ბეტონის ჯუნგლების ნაცვლად დაუბრუნებს მწვანე ქალაქის სტატუსს.

„ქალაქი ხალხისთვის“ – ასე დავარქვით ჩვენს პროგრამას. დღეს თუ შეხედავთ თბილისს, ეს არ არის ქალაქი ხალხისთვის, ეს არის ქალაქი ბეტონის გეტოებით. ღმერთმა იცის ვისთვის არის განკუთვნილი ახალი მშენებლობები. ხშირად, აჩრდილები დადიან ამ ახალაშენებულ კორპურსებში. ხალხი მე იქ არ მინახავს. ამავდროულად, აქ არიან შავი ჯიპების ადამიანები. ქვეითის, ასაკოვანი ადამიანების, ბავშვის, ოჯახის ადგილი ადეკვატურად არ არის. ეს ქალაქი პირველ რიგში, უნდა გახდეს ხალხისთვის.

ჩვენ ვიყავით პირველი პარტია, ვინც ეკოლოგია პირდაპირ ჩაწერა საარჩევნო პროგრამაში. აქედან გამომდინარე, მე ვპირდები, რომ არცერთი საჯარო სივრცე სახელმწიფო მფლობელობაში, არცერთი ნაკვეთი ქალაქის ცენტრში არ გაიცემა მშენებლობისთვის. მარტივი დაპირებაა.

შარშან კამპანიის დროს 4 ნაკვეთი ვნახე ჩუღურეთში, სადაც მოსახლეობა ითხოვდა პარკს. ჩუღურეთი არის ყველაზე დაბინძურებული ადგილი დიდუბესთან ერთად. ოთხივე ნაკვეთი მიწა კალაძის მერობის დროს, ჰექტრობით გაიყიდა კერძო სექტორზე.

პანდუსები და ტროტუარები შეიძლება სახვეწნარი გვქონდეს?”,- აღნიშნა ანა დოლიძემ.

პარტია “ანა დოლიძე-ხალხისთვის” თბილისის მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ თბილისს სჭირდება მერი, რომელიც შექმნის მოქნილ ბიუროკრატიას.

“ერთ მხარეს არიან მოქალაქეები, რომლებიც წლებია ელოდებიან განცხადებებზე პასუხს – ზოგს ხის მოჭრა უნდა, ზოგს სახურავის შეკეთება. ზოგი კომპანიისთვის ძალიან ადვილია 3 თვეში 25 სართულიანი შენობის წამოჭიმვა, იქ სადაც ეს არც კი იყო იდეაში. საერთოდ, რომ შევაჯამოთ რამდენი დაიხარჯა საახალწლო ნათურებზე, ამასობაში თბილისში  რამდენიმე ნათურების ქარხანა აშენდებოდა.ასეულობით მილიონ ლარზეა საუბარი. იგივე ნაგვის გადამუშავების საკითხი, სადაც შეიძლება აქეთ ვიშოვოთ ფული. ეს ყველა პროექტი გაჩერებულია. სავარაუდოდ, ყველგან სადაც უთანასწორო მიდგომაა, ყველგან ვიღაცის ინტერესია ჩადებული. ჩვენ გვაქვს იდეები, როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი გამჭვირვალე”,- განაცხადა პარტია “ანა დოლიძე-ხალხისთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა გადაცემაში “კვირის თემა”.

ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია და ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მისი პარტია ბარიერს გადალახავს.

“როგორც პარტიას, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი შედეგები თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ პარტია “ხალხისთვის” ორი თვისაა, ჩემს შვილზე პატარაა. ყველა კვლევით ჩვენ ვლახავთ ბარიერს.

საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა, მე მოვხვდებოდი თუ არა პარლამენტში, მაინც ვწერდი იმ კანონებს, რომელიც დარწმუნებული ვარ, საქართველოსგან უკეთეს ქვეყანას გააკეთებს. იგივე ეხება მერობას

მე მინდა, რომ დავასრულო ორპოლუსიანობა, ის რაც მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს. მოვრჩეთ ამ კინკლაობას, უბედურებას და ჩააბაროს ეს ხელისუფლება ვინმე სუფთას, მაგრამ კომპეტენტურს. ყველა კვლევა იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. 48 – ჩვენი ნომრის წარმომადგენლები იქნებიან ნამდვილი მებრძოლები”,- აცხადებს ანა დოლიძე.

 

 

 

 

“ლისაბონმა, სადაც სადოქტოროზე ვმუშაობდი, 3 წელიწადში მოახერხა, ცხადია, თბილისშიც შესაძლებელია” – რას გვთავაზობს “ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატი, ანა ბიბილაშვილი

ყოველი არჩევნების წინ, აქტუალურია კითხვა – გამოჩდებიან თუ არა ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები, რომლებიც საკუთარი ცოდნითა და პროფესიონალიზმით დაანახებენ მოქალაქეებს უკეთეს ქვეყანაში ცხოვრების პერსპექტივას და განხორციელების რეალურ შესაძლებლობას.

ქართულ პოლიტიკურ ველზე ბოლოდროინდელი მოვლენები გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური პარტიების გარკვეულმა ნაწილმა ეს საკითხი წინა პლანზე წამოწია. ამის მაგალითია ლელოს თბილისის მერობის კანდიდატი, ანა ბიბილაშვილი, რომელიც პოლიტიკაში სრულიად სპონტანურად მოხვდა, იმისთვის, რომ როგორც თავად ამბობს, 15 წლიანი გამოცდილებითა და ცოდნით შეცვალოს ადამიანების ცხოვრება.

პროფესიით არქიტექტორი და ურბანისტია.

მრავალი წელია მუშაობს ქალაქის გამწვანებისა და ეკოლოგიის მიმართულებით, არის ქალაქის გამწვანების აქტიური დამცველი და ქაოტური, საფრთხისშემცველი მშენებლობების მოწინააღმდეგე.

საარჩევნო კამპანიასა და ძირითად გზავნილებზე ანა ბიბილაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ისაუბრა.

 

 

ანა ბიბილაშვილის პოლიტიკურ ველზე შემოსვლის მიზანი და ამოცანა

 

„მე მიყვარს ეს ისტორია. ყველას აქვს განცდა, თითქოს პოლიტიკურ პროცესებში ნაცნობობის გამო შედიხარ ვიღაცებთან ერთად და არავის სჯერა, როდესაც ვამბობ, რომ ლელოში დაფუძნებამდე მივედი. არცერთ ადამიანს არ ვიცნობდი. მისამართი ვიდეორგოლის, შენობის ფასადის მეშვეობით ვიპოვე.

ჩემი პროფესია არქიტექტურა და ურბანისტიკაა. შესაბამისად, ისედაც შეგიძლია რაღაცეები ძირეულად შეცვალო. ჩემთვის ესეც საკმარისი იყო. სხვადასხვა ფორმით ვთანამშრომლობდი თვითმმართველობებთან, ვატარებდი ტრენინგებს და ვუწევდი კონსულტაციებს. მეტიც, როდესაც პირველად დავაფუძნე საპროექტო ორგანიზაცია ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად ავიღე, რომ სრულიად უფასოდ, უსასყიდლოდ გამეწია კონსულტაცია ადამიანებისთვის, რადგან მაშინ რეგულაციები ჯერ კიდევ ახალი შემოსული იყო და მერიაში ცოტანი იყვნენ კომპეტენტური პასუხის გამცემი ადამიანები.

როდესაც დავინახე, რომ ადამიანებს სჭირდებოდათ დახმარება, ჩავთვალე, რომ იქნებ აქაც შემეტანა ჩემი წვლილი, მაგრამ 2019 წელს ძალიან ბევრი რამ მოხდა ქვეყანაში.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გავრილოვი, რომელიც პარლამენტში დავინახე და მივხვდი, რომ რაც არ უნდა ვაკეთოთ როგორც პროფესიონალებმა, კეთილსინდისიერმა მოქალაქეებმა შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს ამ ყველაფერს საფრთხე შეექმნას, რადგან ქვეყანამ აირჩიოს განსხვავებული კურსი. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო 20 ივნისის ღამე. 

პირადად ჩემთვის პოლიტიკა არის ის, როდესაც შეგიძლია ადამიანებისთვის რაღაც შეცვალო და შენი დრო, რესურსი და ენერგია მოახმარო მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. რადიკალურად პოლიტიკაში ჩართვა ანაკლიაში მამუკა ხაზარაძის განცხადებამ გამოიწვია, როდესაც თქვა, რომ „თქვენ თუ ხართ პროფესიონალები და გინდათ ამ ქვეყანაში რამე შეცვალოთ ლელო არის ეს ადგილი“. ვიფიქრე, მე უნდა მივიდე და ვნახო, რა შემიძლია შევცვალო.

აი, ასე სრულიად უცნობი ადამიანი მივედი და ავუხსენი, რომ ასე ვფიქრობ ამ ქვეყანაზე, მის განვითარებაზე და ჩემს წვლილზე. მთელი ორი წლის განმავლობაში ჩემი მიმართულება იყო ურბანული პოლიტიკა, ტრასპორტი, გარემოს დაცვა და ა.შ. ასე რომ ქალაქთან მიმართებაში ეს გადაწყვეტილება ბუნებრივი იყო“, – აცხადებს ანა ბიბილაშვილი.

 

რა სჭირდება ქალაქის სწორად მართვას – ლელოს თბილისის მერობის კანდიდატის ხედვა

 

“პროფესიონალიზმი, გუნდი და სტრატეგია – ეს სჭირდება ქალაქის სწორად მართვას. ეს ყველაფერი თავს იყრის ლელოში და ქალაქის გააზრების კონტექსტში ჩემი პროფესია და 15 წლიანი გამოცდილება, მათ შორის გარემოს დაცვის მიმართულებით. მაგალითად, ორი წელია ვებრძვი დიღმის ჭალებისთვის, რომელიც არავინ იცოდა, როცა მე და ადგილობრივებმა დავიწყეთ მისი გადარჩენისთვის ბრძოლა. მიუხედავად წარმატებული მაგალითებისა, (უკანონო სამუშაოები შევაჩერეთ, სასამართლო პროცესი მოვიგეთ, და ა.შ) შედეგი ჯერ ნამდვილად არ არის. ეს ტერიტორია დღემდე განადგურებულია, არადა ძალიან კარგად შეიძლება განვითარდეს.

შესაბამისად, ჩემი პროფესიონალიზმით, გუნდით, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ, რამდენად საინტერესო ადამიანები არიან ის ათი მაჟორიტარობის კანდიდატები და ლიდერებით, რომელთაც აქვთ გამოცდილება ინვესტიციების მოზიდვის, სამუშაო ადგილების შექმნის, ჩვენი ამბიციური პროექტით 4 წელიწადში შეგვიძლია რეალურად დავინახოთ შედეგი”

ანა ბიბილაშვილის განცხადებით, ლელოს მიერ შეთავაზებული ცხრაპუნქტიანი გეგმა მოიცავს ყველა კომპონენტს, რომელიც ქალაქსა და ადამიანებს სჭირდებათ. ამბობს, რომ მათი ხედვა მასშტაბურია. მთავარი კომპონენტი კი – ქალაქი ქალაქშია.

ბიბილაშვილი თბილისის, როგორც დიდი პოტენციალის მქონე ქალაქის განვითარების საკუთარ ხედვაზე დეტალურად საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჩვენს დედაქალაქს აქვს რესურსი გახდეს ფინანსების მოზიდვის რეგიონალური ცენტრი.

ლელოს თბილისის მერობის კანდიდატი საერთაშორისო ანალოგიებს იშველიებს.

 

 

“ლონდონს, ფრანკფურტს და პარიზს აქვს ასეთი გამოცდილება, როდესაც ფინანსური ცენტრი გაიტანა ქალაქიდან ოდნავ მოშორებით და ამით დაიცვა ისტორიული განაშენიანება. თბილისში კი ვხედავთ უზარმაზარ ცათამჯენებს, რომელიც ქალაქს ანადგურებს. ჩვენ გვინდა მცირე ლოკაციები შევქმნათ, სხვადასხვა ფუნქციებით დავტვირთოთ და ამ ფუნქციებში მოვიზიდოთ ინვესტიციები”

ასევე, ჩვენ გვაქვს კონცეფცია, რომ გვქონდეს სამუზეუმო ქალაქი – სივრცე, სადაც თავს მოიყრის სამუზეუმო ინფრასტრუქტურა. რაღაც ისეთს კი არ ვქმნით, რაც ქალაქს არ შეუძლია, არამედ რაც შეეძლო და ამ წუთას გაფანტულია. ჩვენ თავს მოვუყრით და ქალაქი იქნება ინვესტორისთვის, როგორც პარტნიორი. დღეს, ჩვენს ქალაქში ინვესტიციების ნაკლებობას ბევრი კომპონენტი იწვევს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია – ბიუროკრატია და ჩაკეტილი კარი, რომელიც მერიაში არსებობს”

ანა ბიბილაშვილი დარწმუნებულია, რომ მარშალის გეგმით, რომლის დიდი ნაწილი სატრასპორტო პოლიტიკას მოიცავს, თბილისს საცობებისგან გაათავისუფლებს.

აღიარებს, რომ ეს საკმაოდ ამბიციური განაცხადია, თუმცა დასძენს, რომ გეგმის განხორციელებას 4 წლის განმავლობაში შესძლებს.

“ჩვენი ხედვით, დამერწმუნეთ, შესაძლებელია, რომ თბილისი გათავისუფლდეს საცობებისგან. ასეთი გამოცდილება აქვს ევროპას, მაგრამ ეს არ ხდება მოგლეჯილად, როგორც დღეს წარმოუდგენიათ. ერთი ქუჩა გაარემონტეს, ჭავჭავაძე თუ ხიზანიშვილი. ცხადია, შედეგი ასეთი უნდა იყოს, მაგრამ ერთი ქუჩა გავარემონტოთ და მთელი სატრანსპორტო პოლიტიკა არ შეცვალოთ, გაცილებით უარეს შედეგებს გამოიწვევს.

ლისაბონმა, სადაც მე სადოქტოროზე ვმუშაობდი, სამი წლის განმავლობაში მოახერხა სრული რეორგანიზაცია სატრასპორტო პოლიტიკის და ცხადია, თბილისში შესაძლებელია ამ გეგმის განხორციელება 4 წლის განმავლობაში და ჩვენ გვაქვს ეს ამბიცია.

ვერ წარმოიდგენთ რამდენად ცუდი სტატისტიკური მონაცემები გვაქვს, ვწუხვარ ხოლმე, ამის გამეორება რომ მიწევს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა ჰაერის ხარისხით სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ბავშვებში სისხლში ტყვიის მაჩვენებელი მუდმივად იზრდება, სიმსივნური დაავადებების ჯამური მაჩვენებელი წელიწადში 8%-ით იზრდება. ეს ქალაქი საშიშია სიცოცხლისთვის თავისი გარემოთი. ეს ყველაფერი უნდა შევაჩეროთ”,- განაცხადა ლელოს თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა.

 

“რეალურად, სახელმწიფოებრიობას გვიკარგავენ და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაჩეროთ” – 2 ოქტომბრის მოლოდინში

 

ანა ბიბილაშვილი დარწმუნებულია, რომ  „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ მიუახლოვდება .

“2 ოქტომბერს ჩვენ ავირჩევთ სწორ გზას. ჩვენ ადამიანებს მივეცით ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობა. ჩვენ ადამიანებს ვეუბნებით, რომ გარდა იმ დიდი პოლიტიკისა, გარდა იმისა, რომ ეს არის რეფერენდუმი და ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ამის გარდა ჩვენ გვაქვს პასუხები თქვენს ამოცანებზე.

„ქართული ოცნება“ ვერ უნდა მიუახლოვდეს დათქმულ 43%-ს, რომელსაც თითქოს თვითონ არ აღიარებს, მაგრამ შეთანხმებიდან გასვლა ესე მარტივად არ ხდება.

ჩვენ ვესაუბრებით ადამიანებს ყოველდღე და ვიცით განწყობები – მათ სჭირდებათ ცვლილებები. ჩვენ ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ და ქვეყანას დავაყენებთ დასავლურ გზაზე”- განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები