„წარმატების მიღწევის უმოკლესი გზა ნებისმიერ ადამიანსა თუ მოვლენაში პოზიტიურის დანახვაა“ – ნათია გოცაძე

25 მარტს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ PR აკადემიის დამფუძნებელი ნათია გოცაძე სტუმრობდა.

მდიდარი სამუშაო გამოცდილება ქალბატონმა ნათიამ ჟუნნალისტიკასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში შეიძინა, მუშაობდა ტელეკომპანია „იბერიაში“ რედაქტორად, გადაცემის ავტორად და წამყვანად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის კურსს უძღვებოდა ტრენერის პოზიციაზე, არის ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის ლიცენზირებული წარმომადგენელი საქართველოში, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, მოწვეული პროფესორი და საგანმანათლებლო ცენტრის PR აკადემიის დამფუძნებელი.

– ქალბატონო ნათია, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ნებისმიერ სამსახურში პოულობთ საყვარელ საქმეს. ტელევიზიაში ძალიან საინტერესო გადაცემაზე მუშობდით, რომელიც თბილისის მივიწყებულ რაიონებს აცოცხლებდა. რამდენად გენატრებათ ჟურნალისტიკა და რა ტიპის გადაცემის აუცილებლობას ხედავთ დღეს?

– ტელევიზიაში მუშაობა ძალიან მენატრება, რადგან როგორც აღნიშნეთ, მართლაც ნებისმიერ სამსახურს ვერგები და საქმესაც ყოველთვის თავდაუზოგავად ვაკეთებ. ჩვენი გადაცემა, რომელიც თანამედროვე ქალაქით ჩანაცვლებული ძველი და ყველასთვის კარგად ნაცნობი თბილისის დაბრუნებას ცდილობდა, იმ პერიოდისთვის მეტად ნოვატორული და რაც მთავარია პოპულარული აღმოჩნდა, რადგან უფროსი თაობის უამრავი წარმომადგენელი მხვდებოდა და მემადლიერებოდა. ვფიქრობ, დღევანდელ მაყურებელს პოზიტიური გადაცემები აკლია. სინამდვილეში, ძალიან ბევრი კარგი რამ ხდება ჩვენს გარშემო, თუმცა ჩვენ, რატომღაც ცუდს უფრო ვამჩნევთ და არც გაზვიადებას ვერიდებით.

– თქვენი აზრით, რა არის მთავარი პროფესიის არჩევისას?

– პროფესიის არჩევა გემოვნების და გამოცდილების საქმეა. ვფიქრობ, მთავარი საკუთარი თავის რწმენა და გააზრებულად მოქმედებაა, რადგან თუ პროფესია ახლოსაა ადამიანის ფასეულობებთან, მაშინ საქმესაც მთელი გულით აკეთებს და აუცილებლად კარგად გამოსდის.

– ყველაზე მეტად რა გხიბლავთ სტუდენტებთან ურთიერთობაში?

– ნებისმიერი, ვისთანაც ვურთიერთობ, ახალი გაცდილება, ერთგვარი წიგნია, რომელიც ჩემს ცოდნას აღრმავებს, რადგან სხვისგანაც იმდენივეს ვსწავლობ, რამდენსაც თვითონ ვასწავლი, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სტუდენტსაც ვზრდი და მეც მათთან ერთად ვიზრდები.

–  PR აკადემია დაფუძნების დღიდან მუდმივად წინსვლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. რას გეგმავთ სამომავლოდ?  

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ PR აკადემია შვილივით მიყვარს, რაზეც ჩემი შვილები ძალიან ეჭვიანობენ. რა თქმა უნდა, ჩვენი აკადემია სტაბილურობას ინარჩუნებს, თუმცა მაინც დინამიურად ვითარდება, ყოველ ახალ ეტაპზე იკვლევს, რწმუნდება საკუთარ შესაძლებლოებებში და აგრძელებს წინსვლას. სხვათაშორის, ექვსი წლის წინ აკადემია ერთ ოთახში და მხოლოდ ჩემი მონდომებით დაარსდა, დღეს კი, უკვე საგანმანათლებლო ცენტრია, რომლის ბაზაზე სულ ცოტა ხნის წინ ახალი – მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი „ალტერ ბრიჯი“ შეიქმნა. ვფიქრობ,  PR აკადემიის მთავარი მიღწევა მისი კურსდამთავრებულები არიან, რომელთაც ძალიან სწრაფად შეძლეს თვითრეალიზაცია როგორც პიროვნული, ისე პროფესიული თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ აქცენტს PR აკადემია კომუნიკაციის სფეროზე აკეთებს, რომელიც საკმაოდ მოიკოჭლებს ჩვენს ქვეყანაში, რადგან საზოგადოებასთან ურთიერთობა ნაკლებად ისწავლება პროფესიონალურ დონეზე, უნივერსიტეტი „ალტერ ბრიჯი“ კი, აპრილის თვეში ახალ ფსიქოლოგიურ-შემეცნებით პროგრამას შესთავაზებს 13-15 წლის მოზარდებს და ერთის მხრივ, პიროვნული „მე“-ს გაცნობიერებაში, მეორეს მხრივ კი, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეეხმარება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ძლიერი პროგრამა შევიმუშავეთ და იმედი მაქვს, წარმატებულიც იქნება. გარდა ამისა, გევქნება ძალიან საინტერესო პროექტი „პროფესია მშობელი“. ჩემი აზრით, ყველაზე რთული სწორედ მშობლის პროფესიაა, რადგან ძალიან რთულია არ დაუშვა შეცდომა ბავშვის აღზრდისას. პირადად მე უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე ამ სფეროში და მინდა სხვასაც გავუზიარო, რათა არ გაიმეოროს ჩემი შეცდომები.

– საქმიანობის რომელ სფეროში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?  

– ვფიქრობ, PR აკადემიაში ყველაზე კარგად შევძელი საკუთარი თავის პოვნა და შესაძლებლობების რეალიზება, რადგან ბავშვობიდან მხიბლავს პედაგოგიური მოღვაწეობა.

– როგორ უნდა შევძლოთ ნიჭისა და შესაძლებლობების სრულად რეალიზება?

– მთავარი, საკუთარი თავის გაცნობა და სურვილების, შესაძლებლობების ზუსტად განსაზღვრაა. ადამიანი ხშირად იტყუებს თავს, რადგან არ უნდა ნეგატივის დანახვა და სწორედ ასე ცდილობს სტაბილურობის, თვითრწმენის შენარჩუნებას, თუმცა გულწრფელობა მაინც საჭიროა, რათა რეალურად გაერკვეს საკუთარ სურვილებისა და მიზნებში.

– რას ნიშნავს თქვენთვის ბიზნეს-ეტიკეტი?

– ჩემი აზრით, ბიზნეს-ეტიკეტი ურთიერთპატივისცემას უფროა, ვიდრე წესების დაცვა. უამრავ საქმიან შეხვედრას ვმართავ, თუმცა კომუნიკაციის ფორმას არასდროს ვცვლი.

– გაქვთ თუ არა განსაკუთრებით საყვარელი აქსესუარი?

– ძალიან მიყვარს ჩემი სამაჯური.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ძალიან სწრაფი ვარ, ამიტომ გადაწყვეტილებასაც სწრაფად ვიღებ.

ბლიცკითხვები:

– PR აკადემიის სლოგანი?

– „ცვლილებები იწყება შენით!“

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ვხვდები, რომ ძალიან ბედნიერი ვარ.

– სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობთ დღის განმავლობაში?

– მართალია, ძალიან მიყვარს ფრაზა „ყველაფერი კარგადაა!“, მაგრამ ბოლო დროს ხშირად ვაღიარებ, რომ დავიღალე.

– რომელია თქვენი საყვარელი წიგნი?

– ძალიან მიყვარს ბიზნეს ლიტერატურის კითხვა.

– რა გიქმნით პოზიტიურ განწყობას?

– სიყვარული.

– კერძი, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით მაზადებთ?

– ძალიან კარგი მზარეიული ვარ და კერძებსაც სიამოვნებით ვამზადებ.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ალბათ, გულს.

– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?

– ვფიქრობ, წარმატების მიღწევის უმოკლესი გზა ნებისმიერ ადამიანსა თუ მოვლენაში პოზიტიურის დანახვაა. მართალია, მუდმივად დადებითის ძიებამ პირადად მე ბევრი სიკეთე მომიტანა, მაგრამ იმედგაცრუების მიზეზიც ხშირად გამხდარა. თუმცა, ყოველთვის სწრაფად ვივიწყებ წარუმატებლობას და ისევ ენთუზიაზმით ვაგრძელებ საქმიანობას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი