LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარუმატებლობის მართვა – FM ქოუჩი

8
sopo-jiadze-mtav

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ ვმართოთ წარუმატებლობა – ამ თემაზე გადაცემაში FM ქოუჩი ტრენერმა სოფო ჯიაძემ ისაუბრა.

წარუმატებლობა  – იარლიყი არ არის, რომელიც საკუთარ თავს უნდა მივაკრათ და მთელი ცხოვრება ვატაროთ.

წარუმატებლობის გამოცდილება ყველა ადამიანს აქვს. ეს განცდა ცხოვრების ყველა ეტაპზე გვხვდება: საბავშვო ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში, პირად ცხოვრებასა, თუ საკუთარ თავთან ურთიერთობაში. ერთადერთი რაც ადამიანებს განგვასხვავებს არის ის, თუ როგორ ვხვდებით და ვიღებთ მოვლენებს ჩვენს ირგვლივ.

მნიშვნელოვანია როგორ აღვიქვამთ წარუმატებლობას: როგორც განაჩენს, თუ როგორც გაკვეთილს და გამოწვევას?

,,მაინც არ გამომივიდოდა“, ,,მე ვერ შევძელი“, ,,როდის მიმართლებდა, რომ…“, ,,მე არ ვიმსახურებდი“, ,,მაინც ვერ ჩავაბარებ“, ,,ვიცოდი, ვერ გავიმარჯვებდი“, ,,მე ვინ დამაწინაურებს“, ,,რა აზრი აქვს“…

თუ ჩვენს თავს და გონებას ამას დავაჯერებთ, წარუმატებლობის შიში, წარმატების სურვილზე ძლიერი გახდება. შედეგად კი, მივიღებთ დემოტივირებულ, თვითკრიტიკულ, პასიურ მეს, რომელიც შეწყვეტს განვითარებას, მონდომებას და საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვას.

გეშინოდეს წარუმატებლობის იმ დონეზე, რომ ვერ გაბედო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, შენი იდეების გაჟღერება, ემოციების გამოხატვა – ავტომატურად ნიშნავს საკუთარი თავის და მომავლის პარალიზებას.

ნუ მოირგებ მსხვერპლის როლს:

წარუმატებლობის პერსონიფიცირებას და დამსახურებულ განაჩენად მიღებას, ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორის: დაბალი თვითშეფასება, დაბალი თავდაჯერებულობა, პოზიტიური აზროვნების ნაკლებობა, მხარდამჭერი ადამიანების და ურთიერთობების ნაკლებობა, საკუთარი თავის სხვებთან შედარება, გადაჭარბებული მოლოდინები და ა. შ.

ნუ ჩადგებით მსხვერპლის როლში და ნუ მიიღებთ წარუმატებლობას პერსონალურად. წარუმატებლობა ყველა ადამიანის ცხოვრების ნაწილია და არა, თქვენი განაჩენი. მაგალითად, ერთ ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსი – ავტომატურად გულისხმობს, რომ ათობით და ასობით კონკურსანტს შორის, მხოლოდ ერთი პირი შეირჩევა. ყველა სხვა მონაწილე კი, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა და პოტენციალისა – უარს მიიღებს. ნებისმიერი საქმის წარუმატებელი შედეგი, არ ნიშნავს იმას, რომ პირადად თქვენ ხართ წარუმატებელი და ეს ყოველთვის ასე იქნება.

არ შეადარო თავი სხვებს:

ვუყურებთ სოციალურ მედიას, ვკითხულობ სხვა ადამიანების სიახლეებს, ვისმენთ ისტორიებს მათ მნიშვნელოვან მიღწევებზე და ვიწყებთ, საკუთარი თავის მათთან შედარებას და განსჯას. შენს, ან შენზე პატარა ასაკში – ,,ის უკვე“… ამ დროს კი – ,,შენ კიდევ“… და ვუბრუნდებით ჯადოსნურ დასკვნას ,,მე არაფერი გამომივა“…

სხვა ადამიანების წარმატება, ჩვენს წარუმატებლობას არ ნიშნავს. ის რომ ვიღაცამ ჩვენს, ან ჩვენზე პატარა ასაკში მეტს მიაღწია, არ ნიშნავს, რომ ჩვენ არაფრისთვის მიგვიღწევია და მით უფრო, ვერც მომავალში მივაღწევთ. ყველას ჩვენი წარმატების გზა და საზომი გვაქვს. ამ გზაზე კი, ყველა თავის წილ წარუმატებელ ნაბიჯებს და შედეგებს გადის. შეაფასე საკუთარი თავი საკუთარი პროგრესის მიხედვით, ვინ იყავი გუშინ, თუნდაც 5-10 წლის წინ და ვინ გინდა, რომ გახდე ხვალ.

იფიქრე პოზიტიურად:

ის რაც ცვლის ჩვენს ცხოვრებას, არის ჩვენივე აღქმა და დამოკიდებულება არსებულ რეალობასთან და მოვლენებთან მიმართებაში. წარუმატებლობა, ისევე როგორც წარმატება – დროებითი მოვლენაა. ჩვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა კი ყველაზე მნიშვნელოვანია.

ნუ მისცემთ ნეგატიურ ფიქრებს უფლებას გახდნენ ბარიერი თქვენსა და თქვენს მიზნებს შორის. პროცესებისა და საკუთარი თავის შეფასების დროს გამოიყენეთ პოზიტიური ფორმულირებები, რომ მაგალითად ,,ამ კონკრეტულ კონკურსში ვერ გაიმარჯვეთ და მომავლისთვის უკვე იცით, როგორ უნდა მოემზადოთ“, რომ ,,ამჯერად, არ გამოვიდა… მაგრამ მომავალში…“ დააფასეთ, იზრუნეთ და გიყვარდეთ საკუთარი თავი.

მიიღე შენი წარუმატებლობა, შეცვალე და გააუმჯობესე:

წარსული წარუმატებლობა არ განსაზღვრავს მომავალს. ის, რომ ჩვენ 15-ჯერ ვერ გავედით გასაუბრებაზე, არ ნიშნავს რომ მე-16 გასაუბრებაზე ვერ ვიქნებით წარმატებულნი. ის, რომ პირადი ურთიერთობის არასასურველი გამოცდილება გვაქვს, არ ნიშნავს რომ არასდროს ვიქნებით ბედნიერნი.

ნებისმიერ ჩვენს ქმედებას, საქმეს ისევე აქვს წარმატების შანსი, როგორც წარუმატებლობის. შეცდომებს ყველა უშვებს. თუმცა, იმისთვის რომ ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ არ დავუშვათ, მნიშვნელოვანია ვისწავლოთ მისგან, ავიღოთ გაკვეთილი და გადავაზღვიოთ სამომავლო რისკები. შეაფასო, გაანალიზო და ისწავლო შენი შეცდომებისგან – ნიშნავს – გამოიყენო წარუმატებლობა, წარმატების მისაღწევად.

დაიწყე მცირე მიღწევებით და რეალისტური მიზნებით:

წარუმატებლობა, წარმატების განცდის ნაკლებობაა. იმისთვის, რომ გვქონდეს წარმატებული შედეგები – სწორად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი პრიორიტეტები, რესურსები და შესაძლებლობები. დავისახოთ რეალისტური მიზნები.

თუ ჰორიზონტზე არ სჩანს დიდი წარმატება, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად და ერთიანად შეცვლის.  გამოიჩინეთ მოთმინება და დაიწყეთ, მცირე ნაბიჯებით.  თითოეული ცვლილება და პროგრესი,  ავტომატურად შეცვლის თქვენს ხედვას და დამოკიდებულებას საკუთარი თავის და ცხოვრების მიმართ.

იპოვე შენი მიზეზი გზის გასაგრძელებლად:

შესაძლოა, სხვა ადამიანების ისტორია ჩვენთვის ინსპირაციაც გახდეს, მაგრამ წარმატების მისაღწევად – ყველას საკუთარი მიზეზები გვაქვს. იპოვეთ საკუთარი მიზეზი და მოტივაცია, რატომ გჭირდებათ და უნდა გააკეთოთ ეს. რა შედეგს მოგიტანთ და შეცვლის თქვენს ცხოვრებაში. რას კარგავთ, თუ დანებდებით.

არ დანებდე:

ბევრი ხტუნვით დაღლილი რწყილი, რომ  ღორთან, მუხასთან, ყვავთან, კრუხთან, ორმოსთან, თაგვთან, კატასთან, ან ძროხასთან დაღლილიყო და ხელი ჩაექნია – ჭიანჭველა აუცილებლად დაიხრჩობოდა.

დაბრკოლებებისა და სხვა ადამიანების შეფასებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია თავად გჯეროდეთ საკუთარი თავის, იდეის და იმოძრაოთ დასახული მიზნის მისაღწევად.

სცადე ახალი გზა, მეთოდი, მიდგომა; გაიჩინეთ ახალი წრე, გქონდეთ ურთიერთობა მხარდამჭერ ადამიანებთან, მოირგეთ ახალი როლი. ყველაფერი რისკენაც მივისწრაფვით და გვინდა, ხშირად ჩვენი კომფორტის ზონის მიღმაა.

კრახის განცდა, საბოლოო შედეგის დადგომამდე, არ ნიშნავს დასასრულს. პრობლემების გადალახვის ყოველ ახალ ეტაპს კი, საბოლოოდ წარმატებამდე მივყავართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები