LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველას დაღუპული ვეგონე, საკუთარ გადარჩენას ჩვენს პატრიარქს უნდა ვუმადლოდე… ლელა წურწუმიამ კი, სისხლი გადმომისხა” – „შვიდკაცა“

12
giorgi-lomtatidze-show-art-fm

3 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრები – გიორგი ლომთათიძე და დავით შიშნიაშვილი სტუმრობდნენ ახალი ნამუშევრების „გამოდი“ და „მუხამბაზი“ პრეზენტაციით.

– გიორგი, რატომ გადაწყვიტეთ სიმღერის „გამოდი, გამოდი“ თქვენეული ვერსიის ჩაწერა?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ „გამოდი“ ჩვენი ბოლო ნამუშევარია. გეთანხმებით, კონსტანტინე პევზნერის სიმღერა მართლაც ძველია და ყველასთვის კარგად ნაცნობი, თუმცა, ჩვენ მისი ახლებურად ჩაწერა გადავწყვიტეთ და ვფიქრობ, ნოდარ მეტრეველის სოლირებით საკმაოდ საინტერესოდ გამოგვივიდა.

– დათო, რამდენად მოგწონთ სიმღერა „მუხამბაზი“?

– გოგი ცაბაძის არაჩვეულებრივი სიმღერა პირველად  ქალბატონმა ნანი ბრეგვაძემ შეასრულა, ჩვენ კი, ხმებში გავშალეთ და ჯერ ნიკოლოზ რაჭველის ვერსია შევასრულეთ ანსამბლის 20 წლის იუბილეზე, მერე კი, დავით მაზანაშვილის ორკესტრის აკომპანირებით ჩავწერეთ.

– გიორგი, უცნაურია, მაგრამ ანსამბლის წევრთა უმეტესობას არა მუსიკალური, არამედ სამედიცინო განათლება აქვს…

– გეთანხმებით, დათო მოქმედი ვენეროლოგია, მე ოფთალმოლოგი ვარ, თუმცა ანსამბლის დატვირთული ცხოვრება არ მაძლევს პროფესიით მუშაობის საშუაალებას, ზუსტად ისე, როგორც ლევან თოლორდავას და დათო ნოზაძეს, რომელთაც ჩემსავით მუსიკის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი.

– დათო, რამდენად რთულია ორი პროფესიის შეთავსება?

– როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, ყველაფერი მარტივად გამოგდის. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან ფანტასტიკური მეგობრები მყავს „შვიდკაცაში“ და ბრწყინვალე კოლეგები სამსახურში.

– გიორგი, ოჯახურ ცხოვრებას კამათი და კონფლიქტიც ყოველთვის თან ახლავს. თქვენ რა პრეტენზიით მოგმართავთ მეუღლე?

– მე მეტწილად დროის სიმცირის გამო მსაყვედურობს მეუღლე.

– წარმატებული მუსიკალური კარიერის პარალელურად, საკუთარი საქმეც გაქვთ. რატომ გაგიტაცათ ბიზნესმა?

– გული დამწყდა, რომ ოფთალმოლოგობა ვერ შევძელი, ამიტომ მამის დაწყებულ საქმეს, მეც სიამოვნებით შევუერთდი.

– რამდენად შემოსავლიანია ქართული შოუბიზნესი?

– ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა, რადგან მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლის წყალობით, უამრავ კონცერტს ვაწყობთ როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ და გარკვეული შემოსავალიც გვაქვს, თუმცა  სხვა სფეროების მსგავსად, შოუბიზნესშიც ბევრია დასახვეწი და მოსაწესრიგებელი.

– დათო, საკუთარ ორეულს რომ შეხვედროთ, რა ურთიერთობა გექნებოდათ მასთან. იმეგობრებდით, თუ მუდმივად კონკურენციას გაუწევდით? 

– სხვათაშორის, ხშირად მინატრია მყოლოდა ორეული, რომელსაც ერთდღიან ტურებში გავუშვებდი, მე კი, სიამოვნებით დავისვენებდი. ვფიქრობ, სწრაფად გავუგებდით ერთმანეთს და კარგი მეგობრები ვიქნებოდით.

– გიორგი, რა ასაკში მიხვდით, რომ გაიზარდეთ და იძულებული ხართ გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე?

– პირველად მოსწავლეობის პერიოდში მომაჩვენა, რომ უკვე დიდი ვიყავი. თუმცა, სინამდვილეში, მაშინ იზრდები, როცა მშობელს ჰკარგავ.

– თქვენს ცხოვრებაზე ფილმს რომ იღებდნენ, ვის ისურვებდით რეჟისორად?

– ალბათ, ელდარ შენგელაიას, რადგან დიდ პატივს ვცემ და ძალიან მომწონს მისი ფილმები.

– დათო, როცა განვლილ ცხოვრებაზე ფიქრობთ, რა გაკვირვებთ ყველაზე მეტად?

– ისეთ საშინელ ავარიაში მოვყევი, მართლა ძალიან მიკვირს, როგორ გადავრჩი ცოცხალი, მითუმეტეს, ყველას დაღუპული ვეგონე. საკუთარ გადარჩენას, პირველ რიგში ჩვენს პატრიარქს უნდა ვუმადლოდე, რომელიც გვიან ღამით მოვიდა ჩემს სანახავად კლინიკაში, ლელა წურწუმიამ კი, სისხლი გადმომისხა და მერე თვითონ გახდა შეუძლოდ.

– მთავარი კითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად უსვამთ საკუთარ თავს?

– ალბათ, მთავარი ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაა – რამდენად ვექცევი სხვას ისე, როგორც სხვა მინდა რომ მომექცეს, თუმცა შეცდომებსაც ყოველთვის ვაღიარებ.

– გიორგი, რაში დახარჯეთ პირველი ჰონორარი?

– პირველმა ჰონორარმა სულ რაღაც 50 ლარი შეადგინა, ამიტომ დასახარჯიც ბევრი არაფერი იყო, მხოლოდ მეგობრებთან ერთად ავღნიშნე პირველი ხელფასი.

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს?

– ვურჩევ არასდროს დაიზარონ და გადადების გარეშე შეასრულონ ყველაზე რთული საქმეც, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება მიზნის მიღწევა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები