LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აცრა და სკრინინგი – თამარ ალიბეგაშვილი საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ

41
tamar-alibegashvili

გადაცემის ლაივი LIVE

იანვრის ბოლო კვირას, მთელს ევროპაში “საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის” კვირეული აღინიშნება, რომელსაც  საქართველოც უერთდება. რა უნდა ვიცოდეთ საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმპტომებზე, რას გულისხმობს სკრინინგი და პრევენცია, რა ინფორმაციას გვაძლებვს პაპ-ტესტი და გვიცავს თუ არა ვაქცინაცია – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ეროვნული სკრინინგ ცენტრის ექიმმა, მეან-გინეკოლოგმა, კოლპოსკოპისტმა თამარ ალიბეგაშვილმა ისაუბრა.

რა არის საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ძირითადი მიზეზი?

საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი  ყველაზე ვერაგი დაავადებაა. თუ დაავადება უკვე თავს იჩენს, ე.ი. საკმაოდ შორს წასული პროცესია. მსოფლიოში წლიდან წლამდე მატულობს ამ დიაგნოზის სიხშირე.  საერთაშორისო ორგანიზაცია „გლობოკანი“ ითვლის სიმსივნეების სტატისტიკას. 2012 წლის მონაცემებით,  მსოფლიოში 530 ახალი შემთხვევა ფისქსირდებოდა, 2018  წელს კი, ციფრი 570 ათასამდე გაიზარდა. შესაბამისად, მატულობს  სიკვდილიანობაც.  საშვილოსნოს ყელის კიბოს 85%-მდე შემთხვევები გვხვდება განვითარებად ქვეყნებში, საქართველოში გამოვლენილი ახალი შემთხვევების მონაცემები მერყეობს. 2017 წელს 280 შემთხვევა, 2016 წელს კი, 340 შემთხვევა დაფიქსირდა. ფაქტია, რომ წლიდან წლამდე იცვლება გამოვლენილი შემთხვევების სტადიურობა და  გაცილებით ადრეულ სტადიებზე ისმება დიაგნოზი,  რაც მკურნალობის თვალსაზრისით ძალიან ეფექტურია. ამ ყველაფრის მიზეზი კი, სკრინინგული პროგრამაა, რომელიც  საქართველოში 2008 წლიდან ფუნქციონირებს.

მთელს მსოფლიოში საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ მთავარ მიზეზად პაპილომას ვირუსული ინფექცია ითვლება. 1970 წლამდე გამომწვევ მიზეზად ჰერპეს–ვირუსული ინფექცია ითვლებოდა, მაგრამ 1980-იანი წლებიდან გერმანელმა მეცნიერმა, ჰარალდ ზურ ჰაუსენმა  პირველად გამოთქვა ეჭვი პაპილომა ვირუსთან დაკავშრებით და მან ჩაატარა ექსპერიმენტალური კვლევები. 2008 წელს კი მან ნობელის პრემია მიიღო ამ მიმართულებით. პაპილომა ვირუსი ძალიან ხშირია, მაგრამ საბედნიეროდ მხოლოდ ეს ინფექცია არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო განვითარდეს. უნდა არსებობდეს დამატებითი რისკ-ფაქტორები და მათ შორის აღვნიშნავდი ადრეულ ეტაპზე სქესობრივი ცხოვრების დაწყებას და მრავალი სქესობრივი პარტნიორის არსებობას. მნიშვნელოვანია მწეველობის ფაქტორი,  რადგან ნიკოტინი მკვეთრად აქვეითებს ლოკალურ იმუნიტეტს, შესაბამისად მარტივად ხვდება ქალის ორგანიზმის დაინფიცირება და შემდგომ, ინფექცია ხანგრძლივად ნარჩუნდება  ორგანიზმში.  მდგრადი იმუნური სისტემის მქონე ქალების ორგანიზმიდან გაცილებით მარტივად განიდევნება ეს ვირუსი. რისკ-ფაქტორებში ასევე შედის: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ტრიხომონიდული ინფექცია, ჰერპესული ინფექციები, ქლამიდიური ინფექციები. ეს ინფექციები ერთის მხრივ, აქვეითებენ იმუნიტეტს. მეორეს მხრივ კი, ქმნიან ხელსაყრელ პირობებს იმ ქსოვილების ადვილად დაინფიცირებისთვის, რომელიც ყველაზე მეტადაა ტროპული პაპილომა ვირუსის ინფექციისადმი. ცალკე გამოვყოფდი ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი დროით მოხმარებას.  ქალი, რომელიც ამ მეთოდით იცავს თავს, აღარ იყენებს ბარიერულ კონტრაცეფციის საშუალებას, კონდომს. შესაბამისად, არ ხდება დაცვა როგორც პაპილომა, ასევე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.

 ამბობენ, რომ ხშირად მძიმე დაავადება უსიმპტომოდ ვითარდება, აქვს თუ არა საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმპტომები და რა ითვლება პრევენციის ოქროს სტანდარტად?

საშვილოსნოს  ყელის კიბოს  ნულოვანი და პირველი სტადია შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ. სკრინინგი კი ემსახურება იმას, რომ არა მხოლოდ კიბო, არამედ კიბოს წინარე მდგომარეობა  უნდა იქნეს გამოვლენილი. საშვილოსნოს ყელის კიბოს პროცესის განვითარებას ახასიათებს ის, რომ მას წინ უსწრებს კიბოს წინარე მდგომარეობა და სკრინინგის მიზანი სწორედ ის არის. როდესაც უკვე მოდის სიმპტომი , სისხლიანი გამონადენი საშოდან, ეს ის პირველი საეჭვო ნიშანია, რომელსაც უნდა მიაქციოს ყურადღება ქალმა. ასევე მენსტრუალური ციკლის დარღვევები, შეიძლება ეს იყოს გახანგრძლივებული  ციკლი, სისხლიანი გამონადენი პოსტ მენოპაუზურ ასაკში, რისი მიზეზიც შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბო იყოს.

რა სიხშირით უნდა ჩავიტაროთ სკრინინგი და რას გულისხმობს პრევენცია?

ტერმინი სკრინინგი ნიშნავს გადარჩევის პროცესს, როდესაც მოსახლეობის დიდი მასიდან გარკვეული ტესტის საშუალებით ხდება ვიწრო ჯგუფის , რისკის მატარებელი ქალების გადარჩევა, სადაც უკვე გაღრმავებელი კვლევები უნდა ჩატარდეს. საქართველოში სკრინინგი ციტოლოგიური კვლევით მიმდინარეობს, საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის შეფასებით. თუ კი უჯრედული ნორმიდან გადახრა გვხვდება,  ეს უკვე ერთ-ერთი ნიშანია გაღრმავებული კვლევების დაწყების. შემდგომი ეტაპია საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპით დათვალიერება, კოლპოსკოპია და ამ დროს ფასდება, გვაქვს თუა რა საქმე  პათოლოგიურ ყელთან. თუ კოლპოსკოპიურად ცვლილება დადგინდა,  შემდეგ უკვე ბიოფსიის საშუალებით ხდება  ხარისხის დადგენა.  სკრინინგში 25-დან 60-წლამდე ასაკის მოსახლეობა მონაწილეობს და ინტერვალი 3 წლიანია, ანუ თუ ციტოლოგიური კვლევით ნორმაშია ყველაფერი, შემდეგი კვლევა 3 წლის შემდეგ უნდა ჩატარდეს. ქალებს მინდა მივმართო, ერთხელ ჩატარებული ციტოლოგიური კვლევა არაფერს არ ნიშნავს. კვლევის განმეორება დინამიკაში უნდა მოხდეს, რადგან არ არსებობს ისეთი ციტოლოგიური ტესტი, რომელსაც 100%-იანი მგრძნობელობა აქვს. არის ხოლმე ცრუ დადებითი ან ცრუ უარყოფითი პასუხები. განმეორებითობასაც აქვს თავისი სტანდარტი. ევროპა თვლის, რომ თუ ქალმა სამ წელიწადში ერთხელ ჩაიტარა პაპ–ტესტი, ის დაცულია. დღეს უკვე სხვა, დამატებითი ტესტებიც არსებობს,  სკრინინგულ ტესტად მოისაზრება პაპილომა ვირუსის ტიპირების ტესტი,  რომელიც გვეუბნება, არის თუ არა ორგანიზმში ონკოაგრესიული ვირუსები. ნელ–ნელა მსოფლიო გადადის ციტოლოგიური კვლევიდან პაპილომა ვირუსის ტესტით ჩატარებულ სკრინინგზე.

აცრა პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ, ამ ვაქცინას დღემდე მშობლები არაერთგვაროვნად უყურებენ, რამდენად მყარად გვიცავს ის მომავალში კიბოს განვითარების რიკსისგან?

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მეცნიერების უდიდესი მიღწევაა. მსოფლიოში უკვე სამი ვაქცინა არსებობს,  „გლაქსოს“ ვაქცინა და „მერკის“ ორი ვაქცინა. „მერკმა“ ოთხვალენტიანი ვაქცინით დაიწყო, რაც იცავდა ქალს მეექვსე და მეთერთმეტე  პაპილომა ვირუსებისგან და მეთექვსმეტე-მეთვრამეტე ტიპის პაპილომა ვირუსებისგან. აქედან მეექვსე, მეთერთმეტე არ არის ონკოაგრესიული შტამები, მაგრამ მათ შეუძლიათ ისეთი უსიამოვნო დაავადების გამოწვევა , რომელიც თავს იჩენს ახალგაზრდა გოგონებში. ეს არის მახვილწვეტიანი კონტილომა. მეთექვსმეტე-მეთვრამეტე კი, არის ყველაზე ონკოაგრესიული პაპილომა ვირუსის ტიპი, საშვილოსნოს ყელის კიბოს 70% შემთხვევებში მიზეზი სწორედ ის არის.

მნიშვნელოვანია, როდის არის გაკეთებული ვაქცინაცია. უპრიანია ეს მოხდეს სქესობრივი კავშრის დაწყებამდე, სახელმწიფო პროგრამით 2008-2009 წელს დაბადებული გოგონების ვაქცინაცია ხდება 9-10 წლის ასაკში და ითვლება, რომ სწორედ ამ პერიოში ყალიბდება ყველაზე მყარი იმუნიტეტი. ვაქცინის ისტორიას თუ გადავხედავთ, უკვე 10 წელზე მეტია რაც განვითარებულ ქვეყნებში შესულია მოხმარებაში. იყო მოსაზრება, რომ  საჭირო გახდებოდა რევაქცინაცია, მაგრამ უკვე 10 წელზე მეტი გავიდა და ანტისხეულების დონე  ჯერ კიდევ იმდენად მაღალ დონეზეა შენარჩუნებული, რომ რევაქცინაციის საჭიროება არ დგას.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის პროცესი ვერ ჩაანაცვლებს სკრინინგის პროცესს, რადგან ის მხოლოდ 70%-ით იცავს. უკვე ვახსენე მესამე ტიპის ვაქცინა, რომელიც არის შედარებით ახალი და მსოფლიომ გაიცნო რამდენიმე წლის წინ, „მერკის“ ცხრავალენტიანი ვაქცინა, რომელიც კიდევ ხუთი, ონკოაგრესიული ტიპის საწინააღმდეგოა. ითვლება, რომ ბოლომდე ვერც ის იცავს ქალს, მხოლოდ 90%-ით.

მომავალში სკრინინგის პროცესი აუცილებლად იარსებებს იმ პოპულაციისთვის, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული.  იმ გოგონების შემთხვევაში კი, რომლებსაც ახლა უტარდებათ ვაქცინაცია, აუცილებლად შეიცვლება  სკრინინგის დიზაინი.

 ნიშნავს თუ არა ორგანიზმში პაპილომა ვირუსის არსებობა, რომ ჩვენ აუცილებლად ვდგავართ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკის ქვეშ?

ცალსახად არა! პაპილომა ვირუსი ყველაზე ხშირია ახალგაზრდა  20-25 წლის ასაკის გოგონებში, პაპილომა ვირუსის პიკი 2-3 წელიწადში იწყებს კლებას და  მდგრადი იმუნიტეტის მქონე გოგონებში იწყება ამ ვირუსის განდევნა.

პაპ-ტესტი(პაპა ნიკოლაოს ტესტი)  ეს არის საშვილოსნოს ყელის ზედაპირიდან აღებული ნიმუშის უჯრედების მიკროსკოპული შესწავლა, რომლის შეღებვა ხდება განსაკუთრებული ე.წ. პაპა ნიკოლაოს მეთოდით.  ასეთი უჯრედული შესწავლის შედეგად ვლინდება,  საქმე გვაქვს ნორმასთან, ანთებით ცვლილებასთან, ასაკობრივ ცვლილებასთან, თუ გვაქვს პაპილომა ვირუსით გამოწვეულ კიბოს წინარე მდგომარეობის ამსახველი უჯრედები. როდესაც ვლინდება  ატიპია, იწყება გაღრმავებული კვლევა, რომელიც საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპულ დათვალიერებას მოიცავს და ამ დროს ხდება გარკვეული ტესტების ჩატარება, ე.წ. ძმარმჟავას ტესტი, შილერის ტესტი, იოდის გამოყენებით ტესტი. იქიდან გამომდინარე, თუ როგორ იცვლის საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი თავის ხასიათს ტესტების ზემოქმედების შემდეგ, ჩვენ ვავლენთ,  რა ტიპის  პათოლოგიასთან გვაქვს საქმე.  ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ეს არის ჭეშმრიტი კიბოს წინარე მდგომარეობა თუ პაპილომა ვირუსული ინფექცია, ანუ საშვილოსნოს ყელის მსუბუქი დაზიანება თუ მაღალი ხარისხის დაზიანება.

რას ეტყოდით ქალებს, რომლებსაც დიაგზონის ეშინიათ და კველავზე მოსვლას თავს არიდებენ?

ეს მცდარი, არასწორი მიდგომაა. ვთხოვ მათ, შიშის ფაქტორი გადადონ გვერდზე. ჩვენთან ცენტრში ასეთი მიდგომაა,  ჯობია პაციენტმა იცოდეს სიმართლე, არ შეიძლება ამ დიაგნოზის დამალვა და შელამაზება, მან უნდა იცოდეს, რასთან აქვს საქმე, რომ სრული მობილიზებით მიუდგეს საკითხს.

სანამ ქალი ჯანრთელად თვლის თავს, მანამდე უნდა მივიდეს სკრინინგზე, ხშირად სწორედ ამ დროს ვლინდება კიბოს წინარე მდგომარეობა, რომელიც მარტივად სამართავია და მხოლოდ დაკვირვებაც საკმარისია ხოლმე. საჭიროების შემთხვევებში კი, სამკურნალო მანიპულაციებით ვერევით, ეს მანიპულაციებიც საკმაოდ მარტივი პროცედურებია და გვიცავს წინარე მდგომარეობიდან არ გადავიდეს კიბოს სტადიაში. ეს ყველაფერი ტარდება ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, დაწყებული პირველადი ციტოლოგიური დეტექციიდან, კიბოს წინარე მდგომარეობის მკურნალობის ჩათვლით.

საშვილოსნოს ყელის კიბო და ორსულობა, რამდენად არის კავშირში ეს ორი ფაქტორი ერთმანეთთან, უშლის თუ არა ხელს საშვილოსნოს ყელის პრობლემები ორსულობის დადგომას?

 როდესაც ჩვენ კიბოს წინარე მდგომარეობის დიაგნოზს ვსვამთ და ვფიქრობთ, როგორ ვმართოთ ესა თუ ის კლინიკური შემთხვევა, აუცილებლად ვითვალისწინებთ ქალის სურვილს მისი შემდგომი ორსულობის დაგეგმვასთან დაკავშრებით. არის მოცემულობები, კიბოს წინარე მდგომარეობის შემთხვებში, როდესაც პირიქით, ვურჩევთ ქალბატონებს ორსულობას და მშობიარობას. იმისათვის, რომ  მშობიარობის შემდეგ გვქონდეს საშუალება აქტიურად ჩავერიოთ. მანიპულაციებს, რომლებიც საშვილოსნოს ყელზე ტარდება მკურნალობის პროცესში, ახასიათებს გარკვეული უკუეფექტი შვილოსნობასთან მიმართებაში. ითვლება, რომ ორსულობის ცხრა თვე არ არის ის ვადა, როდესაც მაგალითად მსუბუქი ან საშუალო დისპლაზიიდან მივიღებთ საშვილოსნოს ყელის კიბოს.

რა სიახლეები იგეგმება ეროვნულ სკრინინგ ცენტრში?

იანვრის ბოლო კვირას, მთელს ევროპაში “საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის” კვირეული აღინიშნება  და ეს ერთი კვირა განსაკუთრებულად ემსახურება საშვილოსნოს ყელის კიბოს საკითხებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის ამაღლებას, არა მხოლოდ ქალებში, არამედ თვითონ ექიმებშიც. რა თქმა უნდა, მთელი წლის განმავლობაში უნდა გვახსოვდეს ეს საკითხი, უბრალოდ იანვრის ბოლო კვირა კამპანიურ ხასიათს იძენს, მასმედიაში, ვიწრო ფოკუს ჯგუფებში, ორგანიზაციებში, სტუდენტებთან ამ  საკითხების წინ წამოწევა და განხილვა ხდება. ექიმებთან მიმართებაში მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული სკრინინგ ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი  და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოება იანვრის ბოლო კვირის შაბათ დღეს ყოველთვის ატარებს ამ პრობლემაზე მომუშავე ექიმებისთვის სემინარს, რომელიც წელსაც ჩატარდა და მთავარი თემა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის კლინიკური ასპექტები იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები