LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგულებელყოფილი ბავშვები – ვინ არის დამნაშავე, დედა თუ სახელმწიფო

foto

9 წელია მარი ვაგონში ცხოვრობს და მის ქირაში 25 ლარს იხდის. 7 წლის წინ პირველი შვილი სწორედ აქ შეეძინა. ახლა 4 ბავშვი ჰყავს და მათგან ყველაზე პატარა 7 თვისაა. ყველა მათგანი დედასთან, ვაგონში გაიზარდა. თუმცა, უკვე ორი კვირაა, ისინი დედასთან აღარ ცხოვრობენ.

სოციალურმა სამსახურმა ბავშვები მინდობით აღზრდაში გაუშვა. სახელმწიფო უწყებაში, რომელიც ოჯახთან ბოლო 8 თვეა მუშაობს, თავიდან გვითხრეს, რომ ბავშვები ცუდი პირობების გამო გამოიყვანეს, მოგვიანებით კი განმარტეს,რომ პატარები უგულებელყოფილნი იყვნენ დედის მხრიდან. სოციალურ სამსახურში ამბობენ, რომ ოჯახს სერვისები მიეწოდებოდათ, თუმცა, ამის მიუხედავად, დედა ბოლო პერიოდში შვილებზე აღარ ზრუნავდა. ერთადერთი პრობლემა, რასაც უგულებელყოფის ნაწილში სოციალური სამსახური აკონკრეტებს, ჰიგიენური ნორმების დაუცველობაა. თუმცა, მარისთვის გაუგებარია, რატომ გაახსენდათ ჰიგიენური ნორმები 9 წლის შემდეგ და რატომ არავინ მიაქცია ოჯახს ყურადღება ამ ხნის მანძილზე.

როგორც მარი გვიყვება, ბინით დაკმაყოფილებაზე განცხადება რამდენჯერმე დაწერა, თუმცა უშედეგოდ. გამოხმაურება მხოლოდ ცოტა ხნის წინ ჰქონდათ, გამგეობა ბინის ქირისთვის 300 ლარს გამოუყოფს, დარჩენილ თანხას კი აკა სინჯიკაშვილის დახმარებით დაფარავს. ოჯახის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად, სოციალურ ქსელში სწორედ, აკა სინჯიკაშვილმა გაავრცელა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში “პარტნიორიბა ადამიანის უფლებებისთვის” განმარტავენ, რომ ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა უკიდურესი ზომაა და მანამდე სახელმწიფოს ყველა სხვა საშუალება ამოწურული უნდა ჰქონდეს. ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ამბობს, სახელმწიფოს ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე უნდა ეზრუნა.

სოციალურ სამსახურში აცხადებენ, რომ თუ დედა რესურსების მობილიზებას შეძლებს და ბავშვებზე იზრუნებს, შვილებს დაუბრუნებენ, ხოლო სოციალური სამსახური გარკვეული რესურსების მოძიებას ადგილობრივ თვითმმართველობაშიც შეეცდებიან. ადგილობრივი თვითმმართველობა ასეთ დროს ოჯახის ქირით გაყვანას იღებს საკუთარ თავზე. კითხვაზე, აქამდე თუ სცადეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან ოჯახის გადამისამართება, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, მარი წერეთელი ამბობს, რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. თუმცა, ფაქტი სახეზეა –  სოციალური სამსახური მაისის თვიდან მუშაობს ოჯახთან, რომელიც ზამთრის ცივ სეზონს, წინა წლების მსგავსად, ისევ ვაგონში შეხვდა.

ვრცლად სახელმწიფოს პოზიცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.