22 აგვისტოს ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრმა ნუცა ბუზალაძის სოლოკონცერტს უმასპინძლა.

მომღერალმა დარბაზში მისულ მაყურებელსა და გულშემატკივარს თავისი ძველი და ახალი რეპერტუარი შოუს თანხლებით შესთავაზა. კონცერტზე შედგა ორი ახალი დუეტის პრემიერა. მომღერალს გვერდს უმშვენებდნენ ბენდის წევრები, გამორჩეული მუსიკოსები და ასევე მოცეკვავეები.
საღამოს განმავლობაში ნუცა მაქსიმალურად დაიხარჯა სცენაზე. მან რამდენჯერმე გამოიცვალა კოსტიუმი და ჩვეული ენერგიულობით დაამახსოვრა თავი მაყურებელს.
ნუცა თავის გუნდთან ერთად შოუსთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა.

fortuna.ge-ს ის შოუს დეტალების შესახებ ესაუბრება და ასევე უყვება, თუ როგორ აღმოჩნდნენ მის ბენდში ცნობილი ამერიკელი მუსიკოსების ბენდის წევრები. მათ შორის იყვნენ დრამერი Derrick Wright, რომელიც 2008 წლიდან დღემდე ბრიტანელ შემსრულებელსა და „გრემის“ მფლობელთან, ადელთან უკრავს და ასევე Walter Barnes Junior, რომელიც ამერიკელი შემსრულებლის, ტონი ბრექსტონის ბასისტი გახლავთ. Davy Nathan, რომელიც ნუცას მუსიკალური დირექტორია, ტონი ბრექსტონისა და კრისტინა აგილერას პიანისტი და მუსიკალური დირექტორია.
„ნუცა საუკეთესოა, ძალიან მიყვარს. ორი წლის წინ გავიცანი, სტუდიაში ერთად ვმუშაობთ, ერთად ვწერთ სიმღერებს და ახლა ამ სიმღერებს სცენაზე ვაცოცხლებთ. ის ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტია მსოფლიოში…“ – ამბობს დეივი ნათანი.
„მჯერა, რომ მომავალში ის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და როგორც არტისტი, კიდევ უფრო გაიზრდება. ვფიქრობ, ის საოცარია…“, აღნიშნავს დერიკ რაითი.
„ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მათთან ერთად სიმღერების შესრულება. უცხოელ მუსიკოსებს შეუერთდნენ ჩემი საყვარელი ქართველი მუსიკოსები“, დასძინა თავად მომღერალმა.

ნუცა ბუზალაძე კონცერტის შემდგომ ემოციებს fortuna.ge-ს უზიარებს:
„კონცერტმა იმაზე უკეთ ჩაიარა, ვიდრე წარმომედგინა. ჩემთვის ძალიან ემოციური და განსაკუთრებული საღამო იყო. დარბაზი სავსე იყო, საოცარი ენერგია მოდიოდა მსმენელისგან და ყველაზე ბედნიერი ვარ იმით, რომ ის ემოცია და სათქმელი, რაც ამ შოუში ჩავდეთ მე და ჩემმა გუნდმა, მაყურებლამდე მივიდა.
ამ კონცერტზე ძალიან დიდი გუნდი მუშაობდა და სცენაზე თითოეული დეტალი სიყვარულით იყო შექმნილი. ჩემთვის ეს უბრალოდ კონცერტი არ ყოფილა. ეს იყო ჩემი მუსიკალური გზის, ჩემი ფესვების და იმ ყველაფრის ერთგვარი ზეიმი, რაც აქამდე გამოვიარე“.
