LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „საქართველოში ძალიან კარგი ცხოვრება მქონდა, არაფერს გავურბოდი, მაგრამ მაინც წავედი საზღვარგარეთ, რადგან ჩემი თავი მეპოვა და ვიპოვე კიდეც…“ – ჯაბა ქარსელაძის ახალი ნამუშევრის სანახავად მთელი შოუბიზნესი შეიკრიბა

4825
ჯაბა ქარსელაძე 1

16-წლიანი პაუზის შემდეგ, მომღერალმა ჯაბა ქარსელაძემ ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერა წარუდგინა საზოგადოებას. „მონოგრაფში“ შეკრებილი შოუბიზნესის ცნობილი სახეები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ ერთმანეთის ხილვით და ჯაბას მადლობას უხდიდნენ იმისთვის, რომ კლიპის პრეზენტაციამ წლების წინანდელი გარემო გაახსენათ, როდესაც ყოველ კვირას ახალი ქართული ვიდეოს პრემიერა იმართებოდა.

სხვათა შორის, ჯაბა იყო ერთ-ერთი, ვინც ახალ-ახალ ნამუშევრებს სთავაზობდა მსმენელს და წლების წინ დიდი პოპულარობაც მოიპოვა. ახლა ის ბარსელონაში ცხოვრობს, დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი და საკუთარ ცოდნას ფინანსების მიმართულებით, როგორც ლექტორი, სტუდენტებს უზიარებს, თუმცა სიმღერა მისთვის მნიშვნელოვან და საყვარელ საქმედ რჩება, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ სიმღერაზე, რომელიც ლილიკო ნემსაძემ დაბადების დღეზე აჩუქა, ვიდეორგოლი შეექმნა.

ვიდეოზე რამდენიმე ქვეყანაში იმუშავეს, ვინაიდან ის მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. სიმღერის ვერსია ნიკა ნიკვაშვილს ეკუთვნის. ჯაბამ პრეზენტაციაზე თავისი მეგობრები მიიწვია, რომლებთან ერთადაც მოგვიანებით სიმღერა შეასრულა, სცენა ასევე დაიკავეს მერაბ სეფაშვილმა, აჩიკო მეფარიძემ და ჯაბას სხვა მეგობრებმა, თავად ჯაბამ კი სიამოვნებით შეასრულა ჰიტები თავისი წარსულიდან, რომლებიც დღესაც აქტუალურია.

მომღერალმა ემოციები fortuna.ge-ს გაუზიარა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი შესრულებულია.

16 წლის შემდეგ, ახალი კლიპი წარუდგინე საზოგადოებას. როგორია ემოციები?

ემოციები არის ძალიან უჩვეულო. გამახსენდა ძველი შეგრძნებები. ხატია რომ აცხადებდა ამ ყველაფერს, აჩიკო მეფარიძეს ვეუბნებოდი, ცრემლები წამომივიდა-მეთქი. პირველ რიგში, ეს კლიპი იმიტომ გავაკეთე, რომ ხალხს მოვფერებოდი, მაგრამ უკან ძალიან დიდი სიყვარული მივიღე. ამ ემოციებმა ის გამახსენა, რაც დიდი ხანია, არ მქონია და ძალიან შემავსო. აქ არიან ჩემი საუკეთესო მეგობრები, ხალხი, ვისთან ერთადაც მაქვს გატარებული ბევრი წელი, მაქვს საერთო მოგონებები. ვფიქრობ, მისია შევასრულე.

ამ ნამუშევრის შესახებ მოგვიყევი…

ეს სიმღერა ლილიკო ნემსაძემ მაჩუქა დაბადების დღეზე. ნიკა ნიკვაშვილმა გააკეთა არაჩვეულებრივი არანჟირება ორკესტრთან ერთად, ჩავწერეთ გიგა კუხიანიძის სტუდიაში. იმდენად მოეწონა ყველას, ლილიკოსაც ვუთხარი, რომ არ მინდოდა, ეს სიმღერა მხოლოდ დაბადების დღისთვის ყოფილიყო შექმნილი და მხოლოდ ამ დღეს მემღერა. კლიპის გადაღება, დროის უქონლობის გამო, გამიჭირდებოდა. მივაგენი ამ გამოსავალს – ეს არის ეი აი კლიპი, ანუ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი, რომელიც მომზადდა სამ ქვეყანაში, ისრაელში, ესპანეთსა და საქართველოში, ზოგან სცენარი, ზოგან მხატვრული დიზაინი. ელი ლევი ჰქვია ახალგაზრდას, რომელმაც შემომთავაზა, რომ ეს მისთვისაც სიახლე იქნებოდა და ცდიდა და გააკეთებდა კლიპს. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ოთხი თვე ვმუშაობდით. 30 ვერსია არსებობს ამ ვიდეორგოლის. თავიდან ერთნაირი იყო ყველაფერი, მაგრამ ნელ-ნელა დაიხვეწა დეტალები. მოთმინებითა შენითაო, რომ იტყვიან, ზუსტად ასე იყო… ეს არის ის პროდუქტი, რითაც კმაყოფილი ვარ. იმის ფონზე, რაც დღეს ხელოვნური ინტელექტით კეთდება, ერთ-ერთი კარგი ნამუშევარია. ეს არის ლევის დამსახურებაც, სცენარისტებისაც და ჩემი მეგობრებისაც, რომლებიც იდეებს მაწვდიდნენ.

პირველი კლიპი რომ გადაიღე, რამდენი წლის იყავი?

16 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი პირველი კლიპი გამოვიდა. ეს არის ორი სხვადასხვა ადამიანი, რა თქმა უნდა. დიდი განსხვავებაა, რადგან ადრე სულ სხვა პრიორიტეტები მქონდა, სხვანაირად ვაზროვნებდი. დღეს მიმაჩნია, რომ სიმღერა არის ჩემი ცხოვრების ნაწილი…ვასწავლი ფინანსებს უცხოეთში, მაგრამ ჩემს სტუდენტებს სულ ვეუბნები, ძალიან კარგია განათლება, ფინანსები, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მხოლოდ ეს არაფერს მოგიტანთ იმის გარდა, რომ იყო პროფესიონალი და იშოვო ფული, მაგრამ სულიერი საზრდო სხვაა. ჩემთვის სულიერი საზრდო ყოველთვის იყო სიმღერა და ვარჯიში. სულ მინდა, რომ ვიღიღინო, ვიმღერო. ეს არის ჩემი საუკეთესო მედიტაცია.

ეს სიმღერა რომელიმე კონკრეტულ ადრესატს თუ ეძღვნება?

არა. ტექსტი დაწერა ირინა სანიკიძემ, მაგრამ ყველა გასაღები სიტყვა, იყო ჩემი… ასეთი ტექსტია – „მიყვარხარ ალბათ პირველი წამიდან, და ამ სიყვარულად ღირდა ცხოვრება ჩვენი“. მე ძალიან ერთგული ადამიანი ვარ. თუ ადამიანი მიყვარს, მიყვარს ძალიან. ამ სიმღერას კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს, მაგრამ მიმაჩნია, რომ სიყვარულს ლიმიტი არ აქვს. სიყვარულზე ძლიერი გრძნობა მსოფლიოში არ არსებობს, ეს შეიძლება იყოს მეგობრის, მშობლის, ქალის სიყვარული… სიმღერის კიდევ ერთი აზრი არის ის, რომ ყოველთვის უნდა იყო ის, ვინც ხარ. ხატია შამუგიამ მკითხა, რა შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც საქართველოდან წავედი. შეიცვალა ის, რომ ვიპოვე საკუთარი თავი. ჩემი თავი განვავითარე. არაფერს გავურბოდი აქ. ძალიან კარგი ცხოვრება მქონდა საქართველოში, რაც მართალია, მართალია… წავედი, რომ აღმომეჩინა ის, ვინც რეალურად ვარ. ყველას ჰგონია, რომ ძალიან გამიჭირდება დაბერება და ასაკის მიღება. 40 წლის გავხდი პირველ მაისს და არაფერი გამჭირვებია. საერთოდ ვერ ვგრძნობ ასაკში შესვლას. პირიქით, რაც უფრო დიდი ვხდები, მით უფრო მეტად ვაფასებ იმას, რაც მაქვს.

რა გადააფასე ყველაზე მეტად?

ადამიანები… დავკარგე, უფრო ვიტყოდი, რომ გავფილტრე. ჩემი სამეგობრო გაიფილტრა თავიდან ბოლომდე და დარჩნენ ის ადამიანები, ვინც ნამდვილად ჩემი მეგობრები არიან. სულ ვამბობ, რომ მირჩევნია, გვერდით მყავდეს თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები. ნამდვილი მეგობრობა ჩემთვის ისაა, როცა უკომპრომისოდ დაგიდგებიან გვერდში. ყველა ჩემი მეგობარი ასე მეხმარებოდა ამ კლიპის პრემიერაზეც. ეს არის ყველაზე კარგი, როცა იცი, რომ ნებისმიერ დროს შენ გვერდით არიან. მე ვცხოვრობ ევროპაში, მაგრამ ჩემი ნამდვილი მეგობრები არიან საქართველოში…

საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრობ?

ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ ჯერ არა. ჯერ ადრეა…

რაიმე გეგმები არის მუსიკალურ კარიერასთან დაკავშირებით?

ისე გამიხსნა მადა ამ სიმღერამ, ახლა ვეუბნებოდი ლილიკოს, თუ დაწერს, აუცილებლად შევასრულებ. შეიძლება, ყოველ წელს არ წარვადგინო ახალი ნამუშევარი, მაგრამ სიახლეები მიყვარს… ძალიან მსიამოვნებს თუნდაც ეს, რომ დღეს პრეზენტაციაზე ასეთი ხალხი შეიკრიბა, ნახეს კლიპი, აჰყვნენ სიმღერას… ეს ჩემთვის დიდი პატივია…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები