LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

General Motors-ი მძღოლების პირადი მონაცემების უნებართვო გაყიდვის გამო $220 მილიონს გადაიხდის

135
ქირიას NEWS შაბლონი (9)

General Motors-ი აშშ-ის 36 შტატის გენერალურ პროკურორთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში 220 მილიონ დოლარს გადაიხდის. საქმე ეხება მძღოლების გადაადგილების, ადგილმდებარეობისა და მართვის სტილის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და მესამე პირებისთვის გადაცემას, რის შედეგადაც სადაზღვევო კომპანიებს მომხმარებლებისთვის სადაზღვევო ტარიფების შეცვლის შესაძლებლობა ჰქონდათ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოძიების თანახმად, კომპანია 2016-2024 წლებში მძღოლების მონაცემებს Smart Driver-ის პროგრამის საშუალებით აგროვებდა. სერვისი მომხმარებლებს უსაფრთხო მართვის ჩვევების გაუმჯობესებაში დახმარებას სთავაზობდა, თუმცა გამოძიების მტკიცებით, შეგროვებული ინფორმაცია მონაცემთა ბროკერებს გადაეცემოდა, ისინი კი მას სადაზღვევო კომპანიებს აწვდიდნენ.

პროგრამა მძღოლების გადაადგილების შესახებ საკმაოდ დეტალურ ინფორმაციას აღრიცხავდა. მონაცემებში შედიოდა ავტომობილით განხორციელებული მგზავრობების რაოდენობა, თითოეული მგზავრობის დაწყებისა და დასრულების დრო, მკვეთრი დამუხრუჭებისა და აჩქარების შემთხვევები, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, გადააჭარბა თუ არა მძღოლმა სიჩქარის დადგენილ ლიმიტს.

გამოძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ისიც აღმოჩნდა, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი Smart Driver-ში ავტომობილის შეძენისას, უშუალოდ დილერებთან რეგისტრირდებოდა. პროგრამაში გაწევრიანება ხშირად OnStar-ის სერვისთან ერთად ხდებოდა, რომელიც ავტომობილის უსაფრთხოებისა და დაკავშირებული მომსახურებების ფუნქციებს უზრუნველყოფს. შტატების პროკურორების მტკიცებით, ზოგიერთ შემთხვევაში დილერები მომხმარებლების სახელით თავად ეთანხმებოდნენ პირობებს, რის გამოც მძღოლებმა შესაძლოა არც იცოდნენ, რომ მათი მონაცემები გროვდებოდა და მესამე პირებს გადაეცემოდა.

გარდა ამისა, გამოძიებამ გამოავლინა OnStar-ის აპლიკაციასთან დაკავშირებული შეცდომაც. 370 000-ზე მეტ მძღოლს აპლიკაცია ატყობინებდა, რომ ისინი Smart Driver-ის პროგრამაში რეგისტრირებული არ იყვნენ, მაშინ როდესაც მათი მართვის მონაცემების შეგროვება და გადაცემა რეალურად გრძელდებოდა. მოგვიანებით კომპანიამ ეს მომხმარებლები პროგრამიდან გამოთიშა, თუმცა მათთვის შეცდომის შესახებ არ უცნობებია და მანამდე გადაცემული ინფორმაცია მონაცემთა ბროკერებსა და სადაზღვევო კომპანიებთან დარჩათ. 

შეგროვებული ინფორმაციის გამოყენებას მომხმარებლებისთვის ფინანსური შედეგებიც მოჰყვა. სადაზღვევო კომპანიებს შეეძლოთ, მძღოლის მართვის ჩვევების საფუძველზე შეეცვალათ სადაზღვევო გადასახადი. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ტარიფების ზრდასაც იწვევდა. კერძოდ, მონაცემები სადაზღვევო კომპანიებს საშუალებას აძლევდა, შეეფასებინათ არა მხოლოდ ავარიების ისტორია, არამედ ისიც, რამდენად ხშირად არღვევდა მძღოლი სიჩქარის შეზღუდვას ან რამდენად მკვეთრად ამუხრუჭებდა ავტომობილს.

მომხდარის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, General Motors-მა Smart Driver-ის პროგრამა შეწყვიტა.

ახალი შეთანხმების ფარგლებში General Motors-მა მომავალში მომხმარებლებისგან მკაფიო და პირდაპირი თანხმობა უნდა მიიღოს, ვიდრე მათი გადაადგილებისა და მართვის შესახებ მონაცემებს შეაგროვებს ან მესამე პირებს გადასცემს. კომპანიას ასევე დაეკისრება შეგროვებული ინფორმაციის შეზღუდვა, მონაცემთა დაცვის შიდა და გარე აუდიტის ჩატარება და დილერების დამატებითი კონტროლისა და ტრენინგის სისტემის დანერგვა, რათა მომხმარებლები მათი ნებართვის გარეშე მსგავს პროგრამებში აღარ ჩართონ.

220 მილიონი დოლარი შესაბამის შტატებს შორის განაწილდება. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა უშუალოდ დაზარალებული მძღოლებისთვის ინდივიდუალური კომპენსაციის გადახდას არ გულისხმობს. შეთანხმების პარალელურად, GM აცხადებს, რომ Smart Driver-ის პროგრამა უკვე გაუქმებულია და მიღწეული შეთანხმება მომხმარებელთა მონაცემების დაცვის მიმართულებით კომპანიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კიდევ უფრო გაამყარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები