გერმანიამ პირველად წარმოადგინა კონკრეტული ეროვნული გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყანამ 2045 წლისთვის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის გამოყენება ეტაპობრივად უნდა შეწყვიტოს. შესაბამისი „გზამკვლევი“ გერმანიის მთავრობამ უკვე დაამტკიცა და ის ენერგეტიკის, ტრანსპორტის, შენობებისა და მრეწველობის სექტორებში წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას ითვალისწინებს.
გეგმის მიხედვით, გერმანია განსაკუთრებულ ყურადღებას განახლებადი ენერგიის განვითარებას დაუთმობს. 2025 წელს განახლებადმა წყაროებმა ქვეყნის ელექტროენერგიის დაახლოებით 55% უზრუნველყო, ხოლო მთავრობის მიზანია, ეს მაჩვენებელი 2030 წლისთვის მინიმუმ 80%-მდე გაიზარდოს. ამისთვის დაგეგმილია მზისა და ქარის ენერგიის ახალი სიმძლავრეების მნიშვნელოვანი გაფართოება.
გერმანია ასევე აპირებს ქვანახშირის ელექტროსადგურებზე უარის თქმას. მოქმედი გეგმით, მათი მუშაობა არაუგვიანეს 2038 წლისა უნდა დასრულდეს, თუმცა ახალი გზამკვლევი 2035 წლისთვის უფრო ადრეული დასრულების შესაძლებლობასაც განიხილავს. პარალელურად, ქვეყანაში დამატებით დაახლოებით 2 000 ქარის ტურბინის დამონტაჟებაა დაგეგმილი.

ტრანსპორტის სექტორში მთავარი მიმართულება ავტომობილების ელექტრიფიკაციაა. გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში ქვეყანაში ახალი ავტომობილების რეგისტრაციების დაახლოებით მესამედი სრულად ელექტრომობილებზე მოდიოდა. ხელისუფლება პარალელურად დამტენი ინფრასტრუქტურის გაფართოებასაც გეგმავს.
ცვლილებები გათბობის სისტემებსაც შეეხება. გერმანია ნავთობსა და გაზზე მომუშავე გათბობის სისტემების ეტაპობრივად ჩანაცვლებას თბური ტუმბოებითა და ცენტრალური გათბობით გეგმავს. 2025 წელს ქვეყანაში პირველად გაიყიდა უფრო მეტი თბური ტუმბო, ვიდრე გაზის გათბობის სისტემა.
მრეწველობაში მთავრობა ელექტრიფიკაციასა და წარმოების მოდერნიზაციაზე აკეთებს აქცენტს. ახალი მიდგომა ითვალისწინებს იმ საწარმოების მხარდაჭერას, რომლებიც წიაღისეული საწვავის ნაცვლად ელექტროენერგიასა და სხვა დაბალემისიურ ტექნოლოგიებზე გადავლენ. სახელმწიფოს გეგმაში ასევე შედის გაზზე მომუშავე ახალი ელექტროსადგურების მომზადება ისე, რომ მომავალში მათი მწვანე წყალბადზე გადაყვანა იყოს შესაძლებელი.

გერმანიის ეკონომიკისთვის ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან 2024 წელს ნავთობი, ბუნებრივი აირი და ქვანახშირი ქვეყნის ენერგიის მოხმარების დაახლოებით 65%-ს შეადგენდა. ამასთან, გერმანია იმპორტზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული: იმავე წელს ქვეყნის მიერ მოხმარებული მინერალური ნავთობის დაახლოებით 98% და ბუნებრივი აირის 95% იმპორტირებული იყო. წიაღისეული საწვავის იმპორტზე ქვეყანამ დაახლოებით 76 მილიარდი ევრო დახარჯა.
გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება მხოლოდ კლიმატის პოლიტიკას არ უკავშირდება და მიზნად ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასაც ისახავს. ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა კარსტენ შნაიდერმა აღნიშნა, რომ ნავთობისა და გაზის იმპორტზე დამოკიდებულება გერმანიას გლობალური კრიზისებისა და ფასების მკვეთრი ცვლილებების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის.
გერმანია საფრანგეთისა და ნიდერლანდების შემდეგ ევროპის მესამე ქვეყანაა, რომელმაც წიაღისეულ საწვავზე უარის თქმის სპეციალური ეროვნული გზამკვლევი წარადგინა. ამასთან, ქვეყანა უკვე კანონით არის ვალდებული, 2045 წლისთვის კლიმატურ ნეიტრალიტეტს მიაღწიოს. ახალი გეგმა სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ნავთობის, გაზისა და ნახშირის გამოყენების ეტაპობრივ შემცირებას აერთიანებს.