LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუშინწინ „მთავარ არხზე“ ვიჯექი წამყვანად, გუშინ კი მიტანის სერვისში ვმუშაობდი…“ – თორნიკე ჯგერნაიას ამერიკული ცხოვრება

777
თორნიკე ჯგერნაია

თითქმის ერთი წელია, სტიგმატი და ტელეწამყვანი თორნიკე ჯგერნაია ამერიკაში ცხოვრობს და სრულიად ახალ რეალობაში ახალ-ახალ გზებსა და საშუალებებს ეძებს საკუთარი თავის უკეთ გამოსახატავად. როგორია მისი ახალი ცხოვრების სტილი და რა შესაძლებლობები მისცა ამერიკამ, ამაზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

ჩემი ამერიკული ცხოვრებაც ისე დაიწყო, როგორც იწყება ხოლმე ამ ქვეყანაში ახლად ჩამოსული ადამიანების ცხოვრება. მუშაობა, ეგრეთ წოდებულ, მიტანის სერვისში დავიწყე, შემდეგ იყო რესტორანი და ასე შემდეგ. სანამ დოკუმენტებს მიიღებ, მანამდე საკუთარი პროფესიით მუშაობა რთულია, თუმცა მარტივი არც მერე არის.

ჩემთვის ეს არ არის პრობლემა. მიმაჩნია, რომ სადაც ხარ, იქ უნდა აკეთებდე საქმეს კარგად. შეიძლება, გუშინ ბანკის თანამშრომელი იყავი და დღეს გამოძახებით შეკვეთილი საკვები მიგაქვს მისამართზე, მთავარია, ორივე კარგად გააკეთო.

გუშინწინ „მთავარ არხზე“ ვიჯექი წამყვანად, გუშინ კი მიტანის სერვისში ვმუშაობდი, ეს არ არის დისკომფორტი, მე ამას არ ვუყურებ, როგორც ტრაგედიას, მაგრამ ტრაგედიაა, როცა შემოქმედებით ადამიანს, რომელსაც თავისებურად გარეკილი აქვს, არ აქვს საშუალება, საკუთარი ენერგია გარეთ გამოუშვას და ვერ ქმნის იმას, რაც შეუძლია…

ამერიკაში სწავლა ძალიან ძვირად ღირებული სიამოვნებაა, ამაზე ჯერ ვერც ვიფიქრებდი, მაგრამ ეს ქვეყანა ხომ მოულოდნელობებით არის სავსე… ამ მოცემულობაში უცებ მეგობარმა ტატუსთვის ესკიზის დამზადება მთხოვა. ყველას მოსწონს ორიგინალური ტატუ და არა დაკოპირებული. მთხოვა და მეც დავუხატე, აქამდეც ბევრისთვის დამიხატავს საქართველოში. მივიდა ეს ბიჭი ტატუს გასაკეთებლად მანჰეტენზე, ძალიან კარგ სალონში ჩემი ესკიზით და ტატუს არტისტი მისით ძალიან დაინტერესდა. უთქვამს, ესკიზი ძალიან ძვირად ღირებული სიამოვნებაა და თუ შეგიძლიათ, მის შემსრულებელთან დამაკავშირეთო. დამიკავშირდა და მკითხა, ვითანამშრომლებდი თუ არა მასთან. თურმე, ეს ცალკე პროფესიაა. მითხრა, ხანდახან ტატუს არტისტები ვბრაზდებით, რადგან ესკიზში უფრო მეტს იხდიან, ვიდრე მის შესრულებაშიო. დავთანხმდი და ამ ადამიანმა მასთან მცირეხნიანი თანამშრომლობის შემდეგ მკითხა, მინდოდა თუ არა ამ პროფესიის საფუძვლიანად შესწავლა.

ამერიკაში რომ ჩამოვედი, თვალი გადავავლე რამდენიმე კარგ კურსს, რაც ჩემს პროფესიასთან ახლოს იყო და ვიცოდი, რა თანხები იყო საჭირო სწავლისთვის, ამიტომ საკმაოდ გახსნილად ვუთხარი, რომ ფინანსურად ეს ჩემთვის საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნება იყო. თავად შემომთავაზა ბარტერი – რამდენიმე ესკიზის სანაცვლოდ, ის თავის სკოლას დამამთავრებინებდა და კურსის ბოლოს ოფიციალურ სერტიფიკატსა და ამერიკულ ლიცენზიას ავიღებდი. რამდენიმე კვირაში ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ვიღვიძებ დილის 7 საათზე, ვიღებ ყავას, მივდივარ მანჰეტენზე, ვსწავლობ 8 საათი – ასე მივიღე ახალი ცოდნა და ახლა უკვე ლიცენზიასაც ავიღებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები