LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hugo Boss გაყიდვებისა და მოგების პროგნოზს ამცირებს

130
Boss

გერმანულმა მოდის სახლმა Hugo Boss-მა მიმდინარე ფისკალური წლის გაყიდვებისა და მოგების პროგნოზი შეამცირა. კომპანიაში გადაწყვეტილებას მომხმარებელთა მოთხოვნის შესუსტებით, ბაზარზე არსებული გაურკვევლობითა და ხელოვნურ ინტელექტსა და ტექნოლოგიებზე გაზრდილი დანახარჯებით ხსნიან.

Hugo Boss-ის ახალი პროგნოზით, წლის ბოლოსთვის საპროცენტო და გადასახადებამდე მოგება (EBIT) 250-დან 300 მილიონ ევრომდე იქნება. მანამდე კომპანია ამ მაჩვენებლის მაქსიმუმ 350 მილიონ ევროს ვარაუდობდა. რაც შეეხება გაყიდვებს, ვალუტის კურსის ცვლილების ეფექტის გამორიცხვით, მათი წლიური კლება მაღალი ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით არის მოსალოდნელი. წინა პროგნოზით კი შემცირება საშუალო ან მაღალი ერთნიშნა პროცენტის ფარგლებში უნდა ყოფილიყო.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, დანიელ გრიდერის განცხადებით, ახალი სამიზნე მაჩვენებლები ბაზრის მდგომარეობის უფრო რეალისტურ შეფასებას ასახავს. Hugo Boss ამჟამად ბიზნესის გარდაქმნის მეორე ეტაპზეა. გეგმა პროდუქციის ასორტიმენტის გამარტივებას, ზოგიერთი მაღაზიის დახურვას, ფასდაკლებების გარეშე გაყიდვების ზრდასა და საბითუმო პარტნიორებთან დისტრიბუციის ოპტიმიზაციას ითვალისწინებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, კომპანია საბითუმო გაყიდვების ქსელს ზედმეტად აფართოებდა, რაც მოგების მარჟაზე უარყოფითად აისახებოდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2026 წელი Hugo Boss-ისთვის ბიზნესის გადახედვისა და რესტრუქტურიზაციის პერიოდი იქნება.

Hugo Boss-ის აქციების ფასი ფრანკფურტის ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებისას 1.7%-ით შემცირდა. კომპანიის უმსხვილესი აქციონერი ბრიტანული Frasers Group-ია, რომელიც მილიარდერ მაიკ ეშლის საცალო ბიზნესის იმპერიის ნაწილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები