LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-ს ახალი ტექნოლოგია ავტომობილის კამერებს ადამიანების ძებნის საშუალებას მისცემს

170
ქირიას NEWS შაბლონი (5)

Hyundai-მ და Kia-მ დააპატენტეს სისტემა, რომელსაც ადამიანის ამოცნობა არა მხოლოდ სახის, არამედ სიმაღლის, სხეულის აგებულებისა და ტანსაცმლის მიხედვითაც შეეძლება. ტექნოლოგია შესაძლოა დაკარგული ადამიანების მოსაძებნად გამოიყენონ, თუმცა ის თვალთვალისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის რისკებსაც ქმნის.

Hyundai-მ და Kia-მ შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც კამერების მიერ გადაღებულ მასალაში კონკრეტული ადამიანის მოძებნის საშუალებას იძლევა. შესაბამისი საპატენტო განაცხადი 2026 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა. როგორც გამოცემა CarBuzz-ი წერს, სისტემა შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც ავტომობილებში, ისე რობოტებში, მათ შორის Hyundai-ის ჯგუფში შემავალი Boston Dynamics-ის ჰუმანოიდურ რობოტ Atlas-ში. 

სისტემა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გააანალიზებს კამერების ჩანაწერებს და ადამიანების გარეგნულ მახასიათებლებს შეადარებს. ალგორითმს შეეძლება შეაფასოს ადამიანის სიმაღლე, სხეულის პროპორციები, თვალებისა და ყურების მდებარეობა, პოზა, ტანსაცმლის ფერი და ტიპი, ასევე ისეთი აქსესუარები, როგორიცაა ჩანთა ან ქუდი. ამ მონაცემების საფუძველზე სისტემა სხვადასხვა კამერით გადაღებულ კადრებში ერთი და იმავე ადამიანის ამოცნობას შეეცდება.

ტექნოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ისაა, რომ ძებნისთვის შესაძლოა ადამიანის ფოტოც არ იყოს აუცილებელი. მომხმარებელს შეეძლება მიუთითოს გარეგნული მახასიათებლები ტექსტურად, რის შემდეგაც ალგორითმი შესაბამის ჩანაწერებს მოძებნის. სისტემას ასევე შეეძლება შეარჩიოს ადამიანის გამოსახულების ყველაზე ინფორმაციული კადრები და სხვადასხვა კამერიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე მისი გადაადგილების სავარაუდო მარშრუტი აღადგინოს. 

შემქმნელების მიერ აღწერილი ტექნოლოგიის შესაძლო გამოყენების სფეროებია დაკარგული ადამიანების ძებნა, უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესება და სამართალდამცავი ორგანოების დახმარება. ამასთან, სისტემის შესაძლებლობები მხოლოდ ავტომობილებით არ შემოიფარგლება – საპატენტო დოკუმენტში საუბარია მრავალკამერიან სათვალთვალო სისტემებსა და მობილურ რობოტებზეც.

თუმცა, ტექნოლოგია სერიოზულ კითხვებს აჩენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით. თუ სისტემა სხვადასხვა კამერის ჩანაწერებს გააერთიანებს და ადამიანის გადაადგილების მარშრუტის დადგენას შეძლებს, მისი გამოყენება შესაძლოა მასობრივი თვალთვალისთვისაც გახდეს შესაძლებელი. დამატებითი რისკებია ამოცნობისას დაშვებული შეცდომები და სისტემაზე არასანქცირებული წვდომა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები