LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოელმა მხატვარმა სანელებლებისგან მსოფლიოში უდიდესი ნახატი შექმნა

135
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ინდოელმა მხატვარმა ამარ კალემ უჩვეულო მასალებით შექმნილი ნამუშევრით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან კურკუმისა და წითელი წიწაკის ფხვნილის გამოყენებით 175,82 კვადრატული მეტრის ფართობის ნახატი შექმნა, რომელიც სანელებლებით შესრულებულ ყველაზე დიდ ნახატად აღიარეს.

ნამუშევარი 2026 წლის 27 იანვარს, ინდოეთის კარნატაკის შტატის ქალაქ დჰარვადში შეიქმნა. მისი ფართობი დაახლოებით 1 892,5 კვადრატულ ფუტს შეადგენს, რაც ჩოგბურთის კორტის ფართობის დაახლოებით ორ მესამედს უდრის.

ნახატის შესაქმნელად მხატვარმა დაახლოებით 6 კილოგრამი კურკუმისა და 5 კილოგრამი წითელი წიწაკის ფხვნილი გამოიყენა. ჩვეულებრივი საღებავების ნაცვლად, მან სანელებლების ბუნებრივი ფერები გამოიყენა – ყვითელი და წითელი ტონებით კარნატაკის შტატის კონტური გამოსახა, ცენტრში კი ჰამპის ცნობილი ქვის ეტლი მოათავსა. ნამუშევრის დასრულებას დაახლოებით 10 საათი დასჭირდა.

კალეს თქმით, მისი მიზანი მხოლოდ რეკორდის დამყარება არ ყოფილა. მას სურდა, მსოფლიოსთვის თავისი მშობლიური შტატის კულტურა, ისტორია, არქიტექტურა და ტრადიციები გაეცნო. სანელებლების არჩევანიც სიმბოლურია – კარნატაკა სანელებლებით არის ცნობილი, ხოლო კურკუმისა და წიწაკის ფერები რეგიონის კულტურულ იდენტობას უკავშირდება.

„მინდოდა მეჩვენებინა, რომ ისეთი მარტივი მასალებითაც კი, როგორიც სამზარეულოში ყოველდღიურად გამოყენებული სანელებლებია, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ხელოვნების ნიმუშის შექმნა შეიძლება“, – განაცხადა მხატვარმა „გინესის მსოფლიო რეკორდებთან“ საუბრისას.

ამარ კალე თვითნასწავლი მხატვარია. ხელოვნებით ბავშვობიდან დაინტერესდა და შთაგონების ერთ-ერთი წყარო მამამისი იყო, რომელიც თავადაც მხატვარია. მიუხედავად იმისა, რომ კალემ მექანიკური ინჟინერიის დიპლომი მიიღო და თავდაპირველად ამ სფეროში მუშაობდა, 2018 წელს გადაწყვიტა, საინჟინრო კარიერა დაეტოვებინა და პროფესიონალი მხატვარი გამხდარიყო.

სანელებლებით შესრულებული ნამუშევარი მისი პირველი რეკორდი არ არის. 2021 წელს მან ერთ წუთში ხელისგულების 98 ანაბეჭდი შექმნა, თუმცა ეს რეკორდი მოგვიანებით სხვა მონაწილემ გააუმჯობესა. 2026 წლის თებერვალში კი კალემ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა – მან პირით მართვადი სახატავი ხელსაწყოს გამოყენებით 112,36 კვადრატული მეტრის ფართობის ნახატი შექმნა.

სანელებლების ფხვნილი, რომელიც ნამუშევრისთვის მოამზადა, მაგრამ არ დასჭირდა, მხატვარმა სხვებს გადასცა, რათა პროდუქტი არ გაფუჭებულიყო. რეკორდის დამყარების შემდეგ ნახატი საჯაროდ გამოიფინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები