LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ცეკვისთვის თავის დანებებას ვაპირებდი… ბევრ ჩემზე უკეთეს მოცეკვავეს დაუნებებია თავი…“ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის ქორწილში შესრულებულმა კინტოურმა სოცქსელები დაიპყრო

18428
გიორგი ნონიაშვილი

„ასეთი სიგიჟე დიდი ხანია არ მინახავს”, „ფიალაში ცეცხლს ეთამაშება”, – ანსამბლ „აფხაზეთის“ წევრის, გიორგი ნონიაშვილის საოცარმა შესრულებამ ქორწილში საზოგადოება აღაფრთოვანა. fortuna.ge შესანიშნავ მოცეკვავეს უფრო ახლოდან გაგაცნობთ.

თუ წარმოიდგენდით, რომ ვიდეოს, რომელიც ქორწილში გადაგიღეს, მსგავსი გამოხმაურება ექნებოდა?

არც მქონია იმის მოლოდინი, რომ ვიდეოს იღებდნენ და სადმე დავდებდი. მეგობარმა გადაიღო და თავის სოციალურ ქსელში დადო. მერე მეც გადავწყვიტე, რომ ჩემს გვერდზე დამედო. მიზანმიმართულად არ მომხდარა. სიმართლე რომ გითხრათ, არც მიფიქრია, რომ ასე მოხდებოდა. აღფრთოვანებას რომ იწვევს, მესმის, მაგრამ მთელი ცხოვრებაა, ვცეკვავ, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა კომენტარებს ვკითხულობ. მე ასე ვუყურებ, რომ წინ განვითარების დიდი გზა მაქვს, როგორც მოცეკვავეს. ისე წერენ, თითქოს სასწაული გავაკეთე. რეალურად, ისეთი არაფერი გამიკეთებია, რასაც სხვა ვერ შეძლებს, მრცხვენია. მე ასე ვუყურებ. ყველას შეუძლია ცეკვა. ყველა ჩვენგანს გვიყვარს დროის ტარება, ვინ რამდენს დალევს, გააჩნია, იმის მიხედვით შეუძლია ხელის გაშლა. ნამდვილად ასე ვფიქრობ. ძალიან მიხარია, რომ ჩემი შესრულება ვიღაცას დღეს ულამაზებს. ჩემთვის დიდი ბედნიერების მომტანია ეს… ამისთვის ვცხოვრობთ მოცეკვავეები და რადგან ასეთი რეაქცია მოჰყვა, თუ ჩემი ცეკვა ღიმილს მოგვრის ადამიანს, ეს ბედნიერებას მომიტანს…

როგორ მოიწამლეთ ქართული ცეკვით?

ცეკვა 4-5 წლის ასაკში დავიწყე, როცა პირველად დედამ მიმიყვანა ცეკვაზე. კასპიდან ვარ და ცეკვასთან პირველი შეხება იქ მქონდა. მერე იყო ბავშვთა ანსამბლები, რამდენიმე გამოვიცვალე. ანსამბლი „დიდგორი“ ახლაც არის კასპში, სადაც ბოლოს ვცეკვავდი. „სუხიშვილებში“ ვცეკვავდი მცირე ხანს. შემდეგ გადმოვედი ანსამბლ „აფხაზეთში“, რომლის დიდი ოჯახის წევრიც ვარ. სამი წელი გახდება ერთ თვეში, რაც გადმოვედი. დიდი პასუხისმგებლობა და პატივია აქ ცეკვა. ამ ანსამბლს დიდი ისტორია აქვს. იმაზე დიდი ხნისაა, ვიდრე შეიძლება საქართველოში სხვა ანსამბლები. რაც ბაჩანა ჭანტურია მოვიდა, ამის შემდეგ გაიცნო უფრო მეტად ფართო საზოგადოებამ. გარედან რაც ჩანდა, ასმაგად დამხვდა, სიყვარული, ერთობა და მეც ამის ნაწილი გავხდი. ძალიან საინტერესოა იმაში მონაწილეობა, რასაც ბატონი ბაჩანა აკეთებს. უშუალოდ პროცესში ყოველთვის ამოდის ქართული ქორეოგრაფიიდან, რაც უნდა მოდერნისტული გამოდიოდეს შედეგი. ყველა ილეთი და მოძრაობა იწყება ქართული საბაზისო მოძრაობებიდან, რომლებსაც ბავშვებს ასწავლიან სტუდიებში. ძალიან საინტერესო შემოქმედებითი პროცესია, როგორ ხდება ამის დადგმა. ყოველთვის იზიარებს ჩვენს მოსაზრებებს. სასიამოვნოა, როცა ამ ყველაფრის მონაწილე ხდები.

გიორგი, გარდა ცეკვისა, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, რაიმე სხვა გატაცება ხომ არ გაქვთ?

ახლაც დარბაზში ვარ და აქედან გესაუბრებით. დღის დიდი ნაწილი ცეკვას უკავია. მერე იმაზე ვფიქრობ, მეორე დღისთვის მოვიშუშო, ფეხი მეტკინება თუ რა იქნება… კასპში ვცხოვრობ და იქიდან დავდივარ თბილისში.

საკუთარი ოჯახი გყავთ?

დაოჯახებული არ ვარ.

როგორ გოგონას აქვს თქვენთან შანსი?

ამ ეტაპზე არანაირ გოგონას არ აქვს ჩემთან შანსი. მყავს ადამიანი, რომელთანაც მაქვს ურთიერთობა და მასთან არის დაკავშირებული ჩემი ფიქრები.

ისიც მოცეკვავე ხომ არ არის?

მოცეკვავე არ არის. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი.

როდისმე თუ გდომებიათ ცეკვისთვის თავის დანებებამ?

სანამ ანსამბლ „აფხაზეთში“ მოვიდოდი, მქონდა ეს ფიქრები. გარკვეული სიტუაცია შეიქმნა, რომელმაც მსგავსი სურვილები აღძრა ჩემში, რომ ცეკვისთვის თავი დამენებებინა. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე ასეთი ამბები. ჩემზე ბევრად უკეთეს და მაგარ მოცეკვავეებს უფიქრიათ ამაზე და ბევრსაც დაუნებებია თავი. დიდი პოტენციალი დაკარგულა… თავიდან, როცა ანსამბლ „აფხაზეთში“ მოვედი, იგივე აზრი მქონდა. თავიდანვე ანსამბლში არავინ მიგიღებს, ეტაპები უნდა გაიარო. ვფიქრობდი ცოტა ხანს ვიცეკვებ და ნელ-ნელა შევეშვები-მეთქი, მაგრამ ცოტა ხანს ცეკვა გადაიზარდა იმაში, სადაც დღემდე მოვედი და ჩემს საყვარელ საქმეს ვემსახურები…