ტურისტული კომპანია „K Adventures“ ოთხის წლის წინ დაარსდა. მის სათავეში ის ადამიანი დგას, ვისთვისაც მოგზაურობა ცხოვრების წესია. სწორედ თავგადასავლებისკენ სწრაფვამ და მათგან მიღებულმა სიამოვნებამ გადააწყვეტინა, გარშემო მოგზაურობის მოყვარული ადამიანები შემოეკრიბა და ჯგუფურ ტურებზე ორიენტირებული კომპანიის ჩამოყალიბებით ქართულ ტურისტულ ბაზარზე საკუთარი სიტყვა ეთქვა.
ქრისტინე ანთაძე – ტურისტული კომპანიის „K Adventures” დამფუძნებელი:
– თავიდანვე, დაარსების პირველივე დღიდან ზუსტად ვიცოდით, რომ ჩვენია კომპანია ყველა ტიპის მომხმარებელზე არ იქნებოდა გათვლილი. ჩვენი ჯგუფური ტურები, არა მაღალ სტანდარტებზე პრეტენზიის, არამედ თვითღირებულებიდან გამომდინარე ყველასთვის არაა ხელმისაწვდომი. მომხმარებლებისგან ხშირად ვიღებთ შეტყობინებებს, მაგალითად, კაბადოკიის, სტამბოლის მიმართულებით იაფი ტურების დამატებასთან დაკავშირებით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მოხერხებულად მგზავრობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, უარს ვამბობთ 50 კაციანი ჯგუფებით გზაში ხანგრძლივად ყოფნის გარემოებაზე. ჩვენი ყველა ტური არის ფრენით.
პირველი ტური შრი-ლანკის მიმართულებით განვახორციელეთ. მაშინ არავის ეგონა, თუ ამ ქვეყანას ასე შინაარსიანად მოვივლიდით. არ დამავიწყდება პოსტები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ჩვენი დაბრუნების შემდეგ გაჩნდა – ტურისტული კომპანიები წერდნენ, რომ შრი-ლანკა გაიხსნა. ასეთმა სათაურებმა გამაოცა, რადგან ეს ქვეყანა ყოველთვისაც გახსნილი იყო, თუმცა მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ეს მიმართულება როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური ტურების დონეზე ჩვენი დამსახურებით გააქტიურდა.
რაც შეეხება უშუალოდ ჯგუფურ ტურს, ჩვენ მხოლოდ მას ვანიჭებთ უპირატესობას. ის, რომ „K Adventures“ ტურისტულ ბაზარზე დღეს ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ჯგუფური ტურების კომპანიაა, ეს ისეთი ფაქტორების დამსახურებაა, როგორებიცაა ფასი, მომსახურება, კომუნიკაცია და ჯგუფში ადამიანების ოპტიმალური რაოდენობა. ამ უკანასკნელს იმის მიხედვით განვსაზღვრავთ, რომელი ქვეყნის მონახულებას ვაპირებთ, რა კლიმატური პირობები დაგვხვდება იქ ტურის განმავლობაში და სხვა. შესაბამისად, ჩვენს ტურებში 10-დან 16 კაცამდე ჯგუფები დგება. ამას დადებით მხარედ ჩავთვლიდი, რადგან რაც უნდა კარგი ადგილის მოსანახულებლად მიგყავდეს 50 ადამიანი, მათგან ძალიან ცოტასთვის იქნება ღირებული ის ინფორმაცია, რომელსაც გიდი ამა თუ იმ ღირსშესანიშნაობის შესახებ მოყვება. ამიტომ ასეთ ტურებს ეფექტურად ვერ ჩავთვლი. რაც შეეხება ფასს, შესაძლოა ჩვენს პაკეტებს ხელმისაწვდომი არ ეთქმის, მაგრამ ღირებულება, რომელიც ამა თუ იმ მიმართულებაზე გვაქვს წარმოდგენილი, უპირველესად, არის რეალური, ამასთან, ისინი სხვა კომპანიების იმავე მიმართულებებთან შედარებით მაინც დაბალია.
– ერთგული მომხმარებლები თუ გყავთ?
– მომხმარებლის ერთგულება ყველაზე მნიშვნელოვანია. ყოველთვის გულით მიხარია, როდესაც ჩვენთან მოდიან ადამიანები და გვეუბნებიან, რომ ჩვენამდე ჩვენს ტურში ნამყოფი პირის რეკომენდაციით მოვიდნენ. ჩემთვის ყველაზე დიდი რეკლამა ეს არის. ჩვენი მომხმარებლები ის ადამიანები არიან, რომლებმაც ხარისხის ფასი იციან, ვინც მზადაა, ამ ხარისხში შესაბამისი ფასი გადაიხადოს, შესაბამისად, ასეთ მომხმარებელს ვერასდროს მოატყუებ. მოხარულები ვართ, რომ იმედი არავისთვის გაგვიცრუებია. უფრო მეტიც, ტურის დროს ჩვენი მომხმარებლებისთვის არაერთი სიურპრიზიც შეგვითავაზებია, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი მათი კმაყოფილებაა.
– რა გამოწვევები ახლავს თქვენს საქმიანობას?
– როგორც ყველა სფეროში, ჩვენთანაც არაერთი გამოწვევა არსებობს. ისინი ძირითადად ორი სახისაა, ერთი გვზრდის და გვავითარებს, მეორე კი ნაწილობრივ გვაზარალებს. მოგახსენებთ, რას ვგულისხმობ დაზარალებაში – ხშირად ხდება, რომ სხვა კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილო მომხმარებელი მოლოდინს იქმნის, რომ მსგავსი ტიპის სიტუაცია ყველგან დახვდება. წინასწარ განწყობას კი დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის შემდეგ ჯგუფზეც მოქმედებს. გამოდის, რომ ჩვენნაირ ტურისტულ კომპანიებს სხვა კომპანიების მიერ გაფუჭებული საქმის პირისპირ დგომა უწევთ. ასეთი შემთხვევების გამო ზოგადად ბაზარი ზარალდება.
ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ტურებს მოულოდნელობები ახასიათებს. რაც უნდა კარგად დაგეგმო, წინასწარ რაც უნდა ყველაფერი გაითვალისწინო, დედამიწის სხვა ნახევარსფეროში ჩასულს, შესაძლოა, ყველაფერი ზუსტად ისე არ დაგხვდეს. სწორედ ასეთ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირებისთვის ჰყავს ჯგუფურ ტურებს გამყოლი. იგი ისე აგვარებს ყველაფერს, რომ მომხმარებელი არაფერზე შეწუხდეს.
– თქვენი გამოცდილებით, ალბათ, მარტივად შეგიძლიათ გამოცნობა, მომხმარებელს შორის ვინაა ტურისტი და ვინ მოგზაური?
– მათ შორის მართლაც დიდი განსხვავებაა. მიუხედავად იმისა, რომ სულით და გულით მოგზაური ვარ და მეუბნებიან კიდეც, რომ მოწამლული ვარ მსოფლიოს გარშემო ხეტიალით და ამ გზით ქვეყნების კულტურული თვალსაზრისით გაცნობით, ჯგუფთან წინასწარი შეხვედრის დროს მაშინვე შეიძლება ვერ მიხვდე, მათგან რომელია ტურისტი და რომელი მოგზაური, მაგრამ ადგილზე ჩასვლის პირველივე დღიდან ყველაფერი ნათელი ხდება. ტურისტისა და მოგზაურის განმასხვავებელ ფაქტორებზე საჯაროდ არ ვისაუბრებდი, ჩვენი მომხმარებლებიდან ვინმეს უნებურად რომ არ ვაწყენინო, მაგრამ ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანია, ჯგუფური ტურის თითოეული მონაწილე, ტურისტიც და მოგზაურიც კმაყოფილი იყოს.
– სამომავლო გეგმებსა და სექტორის განვითარებასთან დაკავშირებულ თქვენეულ ხედვაზეც მოგვიყევით. ერთია, კომპანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავდეს და მეორე, სექტორის განვითარებაში ისე მონაწილეობდეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არა მხოლოდ მან, არამედ მისმა კონკურენტებმაც იხეირონ და ეს, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას წაადგეს.
– იმ ბაზრის მთავარი განმავითარებელი ფაქტორი, სადაც ჩვენ და სხვა ტურისტული კომპანიები ვოპერირებთ, ჯანსაღი კონკურენციაა. როგორი სამომავლო გეგმებიც უნდა გვქონდეს, კონკურენტების მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედებებით დაზიანებული ბაზრის გამო, ყველაფერს აზრი დაეკარგება. აუცილებელია, რომ ერთმანეთის შრომას პატივი ვცეთ. რაც შეეხება სიახლეებს, მთავარია, მსოფლიოში მშვიდობა იყოს და მომავალ წელს ბევრი ახალი მიმართულების დამატებას ვგეგმავთ. ასევე, ვმუშაობთ სოკოტრას დოკუმენტურ ფილმზე, რაშიც სოკოტრაზე ჩვენი პარტნიორები აქტიურად გვეხმარებიან. მომხმარებლისთვის საინტერესო მასალის შექმნა მხოლოდ იმიტომ კი არ გვსურს, რომ სოკოტრა უნიკალური ადგილია, არამედ იმიტომაც, რომ იქ ქართველი პირველად იმოგზაურებს.