კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერა „რუსული ოცნება” მეგი დიასამიძის სოლიდარობის ნიშნად დატოვა.
8 სექტემბერს, აქტივისტი მეგი დიასამიძე კახა კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მოგვიანებით კი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შეტყობინების თანახმად, აღნიშნული ქმედება ჩაიდინა კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – წერია შსს-ს განცხადებაში.
მანამდე, თავად „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის საარჩევნო ბანერს აწერს: „რუსული ოცნება” და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, სასამართლომ კი 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
