სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალბატონის, სახელად ჯულის პოსტი გამოჩნდა, რომლის თქმითაც იგი სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლის ავტოგრაფს 2009 წლიდან ინახავდა. 2009 წელს მეგანი ცნობილი მსახიობი ჯერ კიდევ არ იყო და სხვადასხვა სერიალებში ეპიზოდურ როლებს თამაშობდა. ქალბატონის თქმით, მეგან მარკლს ის მაღაზიაში შეხვდა, სადაც მომავალმა ჰერცოგინიამ საფულე შეიძინა. მეგანმა მაღაზიის კონსულტანტთან საუბარი გააბა და უთხრა, რომ ვანკუვერში გადაღებაზე იმყოფებოდა, ჯულიამ კი მას ავტოგრაფი გამოართვა.
„იმ შემთხვევაში, თუ ოდესმე ცნობილი გახდები, მინდა შენი ავტოგრაფი მქონდეს“ – უთხრა ჯულიამ დამწყებ მსახიობს. მან პოსტს დაურთო ფურცლის ფოტოც, რომელზეც წერია: „მადლობა ყველაფრისათვის, მეგან მარკლი“. კანადელი ქალბატონის თქმით, მეგანი ძალიან სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
კარიერული წარმატება მარკლის ცხოვრებაში ორი წლის შემდეგ მოვიდა. მსახიობმა, რომელიც მანამდე ძირითადად ეპიზოდურ როლებს ასრულებდა, სერიალ Suits-ში მთავარი როლი მიიღო და საყოველთაოდ ცნობილიც გახდა. თუმცა ეს არაფერი იყო იმ პოპულარობასთან, რომელიც მარკლს პრინც ჰარისთან ქორწინების შემდეგ ეწვია. დღესდღეობით სასექსის ჰერცოგინია სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განხილვადი ადამიანია.
რაც შეეხება ქალბატონს, სახელად ჯულის, იგი აცხადებს, რომ ავტოგრაფის გაყიდვას არ გეგმავს და მას მუდამ შეინახავს.