LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: ვეგანურმა დიეტამ შესაძლოა ბიოლოგიური დაბერება მხოლოდ ერთ თვეში შეანელოს

119
ქირიას NEWS შაბლონი

გერმანელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ ვეგანურ დიეტაზე გადასვლამ შესაძლოა ორგანიზმის ბიოლოგიური დაბერების ტემპზე გავლენა მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში მოახდინოს. მკვლევრებმა აღმოაჩინეს ცვლილებები გენების აქტივობასა და დნმ-ის მეთილაციის პროცესებში, რომლებიც დაკავშირებულია ნივთიერებათა ცვლასთან, იმუნურ სისტემასა და დაბერებასთან.

კვლევაში 48 ჯანმრთელი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი შემთხვევით ორ ჯგუფად დაყვეს: 24 მონაწილე ერთი თვის განმავლობაში ვეგანურ დიეტას იცავდა, ხოლო 24 – ხორცით მდიდარ რაციონს. ორივე ჯგუფის დიეტა კალორიების რაოდენობის მიხედვით გათანაბრებული იყო.

ერთი თვის შემდეგ მეცნიერებმა მონაწილეების სისხლის ნიმუშები შეისწავლეს და დნმ-ის მეთილაციის ცვლილებები გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ვეგანურ ჯგუფში შეიცვალა იმუნურ სისტემასა და ანთებით პროცესებთან დაკავშირებული უჯრედების თანაფარდობა. კერძოდ, შემცირდა ნეიტროფილების წილი და გაიზარდა CD4+ T-ლიმფოციტების რაოდენობა.

განსაკუთრებული ყურადღება მეცნიერებმა ე.წ. ეპიგენეტიკურ საათებს მიაქციეს, რომლებიც ბიოლოგიური ასაკის შეფასებისთვის გამოიყენება. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულმა ორმა მაჩვენებელმა ვეგანურ ჯგუფში ბიოლოგიური დაბერების შენელების ტენდენცია აჩვენა. თუმცა შედეგები ყველა გამოყენებულ ბიოლოგიურ საათში ერთნაირი არ ყოფილა: Blood&Skin-ის მაჩვენებელმა საპირისპირო ცვლილება დააფიქსირა.

მკვლევრების გამოთვლით, PhenoAge-ის შემთხვევაში ვეგანურ ჯგუფში პროგნოზირებული ბიოლოგიური ასაკის ცვლილება დაახლოებით 1,7 წლით შემცირების მიმართულებით წავიდა, თუმცა თავად ჯგუფებს შორის საბოლოო განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა.

ამიტომ მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ კვლევის შედეგები არ ნიშნავს, რომ ვეგანური დიეტა ადამიანს რეალურად 1,7 წლით აახალგაზრდავებს. საუბარია ეპიგენეტიკური მაჩვენებლების ცვლილებაზე, რომლის გავლენაც ჯანმრთელობაზე ხანგრძლივ პერიოდში ჯერ კიდევ შესასწავლია. კვლევა მცირე მასშტაბის იყო და მხოლოდ ერთი თვე გაგრძელდა.

კვლევის ავტორების შეფასებით, მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ კვების ცვლილებას ადამიანის ორგანიზმის ეპიგენეტიკურ პროცესებზე საკმაოდ სწრაფი გავლენა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა იმის დასადგენად, ამ ცვლილებებს შეუძლია თუ არა რეალურად შეამციროს ასაკთან დაკავშირებული დაავადებების რისკი ან გაზარდოს სიცოცხლის ხანგრძლივობა, უფრო ხანგრძლივი და მასშტაბური კვლევებია საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები