ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძარი აშშ-ის ეკონომიკაზე ფუნდამენტურ გავლენას ვერ მოახდენს – ეკონომისტების აღნიშნული მოსაზრების შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.
სპეციალისტთა თქმით, ხანძრის შედეგად ქონების დაზიანება და სამუშაო ბაზრის შეფერხება ინფლაციაზე ზეწოლის ფაქტორები ნამდვილად არის, მაგრამ არა პერსპექტივის ძირეულად შემცვლელი გარემოებები.
ლოს-ანჯელესის ოლქში ტყეებიდან დაწყებული მასშტაბური ხანძარი, რომელიც ძლიერი ქარის გამო დასახლებულ რაიონებზე სწრაფად გავრცელდა, შესაძლოა, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ეკონომიკური ზარალის მომტანი სტიქიური უბედურება აღმოჩნდეს. საფინანსო ინსტიტუტის J.P. Morgan სპეციალისტის აბილ რეინჰარტის შეფასებით, ეკონომიკური ზარალი 250 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც ქარიშხალ „კატრინასგან“ მიყენებულ ზარალს აჭარბებს (201.3 მილიარდი აშშ დოლარი, 2005 წელი).
ამერიკული საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs ეკონომისტების განცხადებით, აღნიშნული სტიქიური უბედურების შედეგად, 2025 წლის პირველ კვარტალში, აშშ-ის ეკონომიკური ზრდა 0.2%-ით შენელდება, იანვარში 25 000-მდე ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს, რაც იმ ფონზე, რომ 2024 წლის დეკემბერში 256 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ეკონომიკისთვის დიდი ვერაფერი მუხრუჭია. სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად მოიმატებს ბინის ქირა, სამშენებლო მასალების ღირებულება და მშენებლობის დარგში დასაქმებულ ადგილობრივთა ანაზღაურება.
ფოტო: Ethan Swope