LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის საკულტო ქურთუკი შესაძლოა რეკორდულ ფასად გაიყიდოს – აუქციონზე მომღერლის პირად ნივთებსაც გამოიტანენ

206
ქირიას NEWS შაბლონი (3)

მაიკლ ჯექსონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასცენო სამოსი – ტყავის ქურთუკი, რომელიც მას 1983 წელს სიმღერა „Thriller“-ის მუსიკალურ ვიდეოში ეცვა, აუქციონზე გაიყიდება. ლოს-ანჯელესის აუქციონის სახლი Julien’s Auctions ნივთის გაყიდვას 2026 წლის 7 დეკემბერს, აბუ-დაბიში გეგმავს. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ვაჭრობამ შესაძლოა ახალი რეკორდი დაამყაროს. 

ქურთუკი მაიკლ ჯექსონის ყველაზე ცნობილ სასცენო სამოსს შორისაა. ის შექმნილია „Thriller“-ის მუსიკალური ვიდეოსთვის, რომელიც 1983 წელს გამოვიდა და მუსიკალური კლიპების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ნამუშევრად აღიარეს. სამოსის დიზაინზე დებორა ნადულმან ლენდისმა იმუშავა. ქურთუკის გამორჩეული წითელი და შავი ფერები, მხრების ფორმა და მკერდზე არსებული V-ს ფორმის დიზაინი მალევე პოპკულტურის სიმბოლოდ იქცა.

აუქციონზე გასატანი ქურთუკი იმ ორი ეგზემპლარიდან ერთ-ერთია, რომლებიც კლიპის გადაღებისთვის შეიქმნა. მეორე ქურთუკი სპეციალურად დააზიანეს იმ სცენებისთვის, რომლებშიც ჯექსონი ზომბის მაკიაჟით ჩნდება. ის მომღერლის მემკვიდრეობის კოლექციაში ინახება და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც იყო გამოფენილი. აუქციონზე გასატანი ვერსია კი იმ სცენებში ეცვა, სადაც მომღერალი ზომბის სახით არ არის წარმოდგენილი.

ქურთუკს შიგნით მაიკლ ჯექსონის ხელნაწერი წარწერაც აქვს დატანილი – „To Bush and Dennis All My Love Michael Jackson“, ხოლო სახელოზე მისი ავტოგრაფია. ეს წარწერები ნივთს დამატებით ისტორიულ და საკოლექციო ღირებულებას სძენს. ქურთუკის სავარაუდო გასაყიდი ფასი აუქციონის სახლს ჯერ საჯაროდ არ დაუსახელებია, თუმცა სხვა მედიასაშუალებების ცნობით, მისმა ღირებულებამ შესაძლოა 10 მილიონ დოლარს გადააჭარბოს. 

ეს ქურთუკი აუქციონზე პირველად არ გაიყიდება. 2011 წელს Julien’s Auctions-მა ის 1,8 მილიონ დოლარად გაყიდა. ახალი აუქციონის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მაიკლ ჯექსონის მიმართ განახლებული ინტერესი და ნივთის კულტურული მნიშვნელობა ამჯერად კიდევ უფრო მაღალ ფასს განაპირობებს.

ქურთუკთან ერთად აუქციონზე მომღერლის კიდევ სამი მნიშვნელოვანი ნივთი იქნება წარმოდგენილი. მათ შორისაა ცნობილი, კრისტალებით მორთული თეთრი ხელთათმანი, რომელიც ჯექსონს 1983 წელს სატელევიზიო შოუ Motown 25: Yesterday, Today, Forever-ში „Billie Jean“-ის შესრულებისას ეკეთა. სწორედ ამ გამოსვლის დროს წარუდგინა მან ფართო აუდიტორიას თავისი ცნობილი საცეკვაო მოძრაობა – „მთვარეზე სიარული“. ხელთათმანის სავარაუდო ღირებულება 600 000-დან 800 000 დოლარამდეა შეფასებული.

ვაჭრობაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ორი წყვილი შავი ტყავის ფეხსაცმელი. ერთი წყვილი ჯექსონს „Thriller“-ის მუსიკალური ვიდეოს გადაღებებსა და რეპეტიციებზე ეცვა. მას თან ახლავს მომღერლის მიერ ქორეოგრაფ მაიკლ პიტერსისთვის მიწერილი და ხელმოწერილი წერილი. ამ ნივთის სავარაუდო ფასი 30 000-დან 50 000 დოლარამდეა. მეორე წყვილი კი ჯექსონს „Billie Jean“-ის რეპეტიციებზე ეცვა და მისი ღირებულება 60 000-დან 80 000 დოლარამდეა შეფასებული. 

ოთხივე ნივთი 2026 წლის დეკემბერში აბუ-დაბიში დაგეგმილი ღონისძიების, Michael Jackson: The Fashion Legacy Auction-ის ფარგლებში გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები