LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: „თუ ვინმემ სახელმწიფო ბიუჯეტი გაძარცვა, უკანონოდ მიისაკუთრა ხალხის ქონება ან საკუთარ ხალხზე იძალადა – ისინი, სამართლიანი სასამართლოს პირობებში გასამართლდებიან… კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები უნდა იყვნენ დაცულები… “

140
მამუკა ხაზარაძე

„პირველ რიგში, ჩვენ მივმართავთ ყველას, ვინც ჩვენი სახელმწიფოსთვის შრომობს – ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს, საჯარო სექტორში დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეებს – ნუ შეგაშინებთ ხელისუფლების ცვლილება, პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო დასრულდა“ – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის განცხადებით, არჩევნების საბოლოო შედეგი მხოლოდ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.

მისივე თქმით „უკვე აშკარაა, რომ ამ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, რასაც ყველა სანდო გამოკითხვა ამას ადასტურებს“.

ხაზარაძის განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს და ამით არის განპირობებული მათი პანიკური ქცევა:

„ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე. არჩევნების საბოლოო შედეგი მხოლოდ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. უკვე აშკარაა, რომ ამ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს. ყველა სანდო გამოკითხვა ამას ადასტურებს. ეს ფაქტი „ქართული ოცნებისთვისაც” ცნობილია და სწორედ ეს განაპირობებს მათ პანიკურ ქცევასა და შიშს. ამომრჩეველთა უმრავლესობამ უკვე დადასტურებულად იცის, რომ არ სურს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. არჩევნები და ხმების სამართლიანი დათვლა ამის დასტური იქნება.

ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, როდესაც არჩევნებით იცვლება ხელისუფლება, დღის წესრიგში დგება რიგი საკითხები. დღეს მე რამდენიმე მათგანზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო.

პირველ რიგში, ჩვენ მივმართავთ ყველას, ვინც ჩვენი სახელმწიფოსთვის შრომობს – ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს, საჯარო სექტორში დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეებს – ნუ შეგაშინებთ ხელისუფლების ცვლილება. პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო დასრულდა. 26 ოქტომბერს თქვენ ხმა უნდა მისცეთ თქვენთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი არჩევანი თქვენს სამსახურებრივ პოზიციაზე და კარიერაზე ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე თვალს დავხუჭავთ. თუ ვინმემ სახელმწიფო ბიუჯეტი გაძარცვა, უკანონოდ მიისაკუთრა ხალხის ქონება ან საკუთარ ხალხზე იძალადა, ისინი, სამართლიანი სასამართლოს პირობებში გასამართლდებიან. კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები უნდა იყვნენ დაცულები და არასდროს ხდებოდნენ პოლიტიკური დაპირისპირების მძევლები. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ შრომას და დავიცვათ მათი პროფესიული ღირსება, როდესაც ხელისუფლებას შევცვლით”, – განაცხადა ხაზარაძემ.

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ოპოზიციურ პარტიებს მიმართა – ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინონ, რადგან 26 ოქტომბერს და მომდევნო დღეებში საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იქნება, მოსახლეობას კი არჩევნებზე მაქსიმალური აქტივობა სთხოვა:

„მეორე გზავნილი გვსურს ყველა პოლიტიკურ პარტიას გავუგზავნოთ. 26 ოქტომბერს და მომდევნო დღეებში საქართველო იქნება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. ჩვენ გვმართებს ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა და ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენი კოალიცია ამ არჩევნებში ილია ჭავჭავაძის გაკვალულ გზას მიუყვება ურყევი რწმენით, რომ ძნელბედობის ჟამს ქართველები ერთად უნდა დავდგეთ.

ამიტომ, დღეს ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, – თავიდან ავიცილოთ ყველანაირი ძალადობა და ქვეყნის კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. მე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყველა ლიდერის სახელით, მოვუწოდებ ჩვენი კოალიციის წევრებსა და მხარდამჭერებს, რომ, პირველ რიგში, თავად ვაჩვენოთ ღირსეული ქცევის მაგალითი.

ჩვენ, ასევე, ვაფრთხილებთ „ქართული ოცნებას“ რომ ხმებით მანიპულირებას, ამომრჩევლის ფიზიკურ დაშინების უფლებას არ მოგცემთ და ყველა ასეთ მცდელობაზე მკაცრად გაგებინებთ პასუხს. ასევე ყველასთვის მისაღები უნდა იყოს არჩევნების ის შედეგები, რაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ იქნება აღიარებული, როგორც ქართველი ხალხის ნების ლეგიტიმური გამოხატულება.

და, ბოლოს – ჩვენ გვაქვს მარტივი გზავნილი ამომრჩევლებისათვის: გთხოვთ, ნუ დარჩებით სახლში! წადით არჩევნებზე! ამ არჩევნებში თქვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული, თქვენი ხმა გადამწყვეტია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის მხარდამჭერი ხართ, გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში. ხმა მიეცით მამულიშვილური პასუხისმგებლობითა და სულისკვეთებით. საქართველოს მომავალი თქვენ ხელშია!“- განაცხადა ხაზარაძემ.

მინდა მივმართო ყველას, ვინც ჩვენი სახელმწიფოსთვის შრომობს – ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს, საჯარო სექტორში დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეებს – ნუ შეგაშინებთ ხელისუფლების ცვლილება. პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო დასრულდა. 26 ოქტომბერს თქვენ ხმა უნდა მისცეთ თქვენთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი არჩევანი თქვენს სამსახურეობრივ პოზიციაზე და კარიერაზე ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს.

Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on პარასკევი, 11 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g