პოლიტიკურ არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ეხმიანება.
მამუკა მდინარაძის თქმით, ხელისუფლება „ყველა მხრიდან ჩარევებს იცილებს, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში“.
„ჩარევა შეიძლება ყველამ მოინდომოს, რუსეთმაც და სხვამაც, ყველას თავისი ინტერესი აქვს, თან ჩვენნაირ პატარა და მოწყვლად ქვეყანაში, სადაც უამრავი აგენტია რუბლებით დაფინანსებული და დოლარით დაფინანსებული. შესაბამისად, ხელისუფლება ეროვნული და დამოუკიდებელი იმისთვის ხარ, რომ ეს ჩარევები, რუსეთისგან იქნება თუ სხვა მხრიდან, თავიდან აიცილო.
ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით.
რაც უნდა რუსული გვეძახონ, რეალურად ჩვენ ხომ ვიცით, ჩვენ თავთან ხომ მართლები ვართ, რომ საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ და რისკის ქვეშ ვაყენებთ სხვისი შვილებისთვის, ამ ზომაზე ვართ მისულები.
იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელი იყოს, ამაყი იყოს, საკუთარ ქვეყანაში მიიღოს მისმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილებები, ამისთვის ჩვენი შვილების ინტერესებიც გაგვიწირავს თურმე ხომ? შესაბამისად, ეს იქნება რუბლით, დოლარით თუ სხვა ვალუტით დაფინანსებული აგენტი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პირადად ჩემთვის, ვინ რას დამიძახებს, თუ ჩემს თავთან მართალი ვარ, პირველ რიგში და ჩარევებისგანაც თუ თავისუფალი ვიქნები ყველა მიმართულებიდან“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, აშშ რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევის მცდელობებს მსოფლიოში ყურადღებით აკვირდება. მეთიუ მილერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი.
„ჩვენ გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ არა ერთი მცდელობა, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში და ყოველთვის ყურადღებით ვართ და ვაკვირდებით ამას. როგორც ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი“, – აღნიშნა მილერმა.