რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს – ამის შესახებ მდინარაძემ ცოტა ხნის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში, პოლიტიკაც. ჩემთვის ეს 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი. ერთი ბედნიერებაა „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევრს, თითოეულ ლიდერს, ბატონი ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე…
მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა მეტი ყურადღება მივაქციო. ძალიან გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ 10 წლის განმავლობაში თუ პოლიტიკაში ბოლომდე ხარ ჩართული და პასუხისმგებლობა არის მაქსიმალური, არის ურთულესი და არ არის მარტივი ამბავი. მე მინდა, რომ დააფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე. ურთულესია, როდესაც ეს პასუხისმგებლობა და ჩართულობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
