LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა თოდაძე სიმღერების პრემიერით „არ დაიდარდოში“ – „მე ყოველთვის ტექსტიდან გამომდინარე მომდის ემოცია, მიბაძვა არასდროს არ მიყვარდა“

259
მანანა-თოდაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მანანა თოდაძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერების „ასეა თუ ისეა“, „რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს“, „რა კარგი ხარ სიყვარულო“ პრემიერა შედგა.

ქალბატონო მანანა, რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?

განვაახლე ჩემი პოპულარული სიმღერები.

ძალიან მიხარია, რომ „ფარშევანგი გალიაში“ ახალი ვერსია, რომელიც დავაპრემიერეთ, ახალგაზრდობამ აიტაცა.

აღსანიშნავია თქვენი განსაკუთრებული ხმის ტემბრი, არავის რომ არ ჰგავს, ალბათ, ყველაზე ძვირფასია, როცა მუსიკოს ისეთი ხმის ტემბრი აქვს, რომ შეგიძლია, ათას მომღერალში გამოარჩიო…

რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი… რომ გაუშვებ სიმღერას და იმ წუთში რომ ხვდები, ვინ მღერის. ეს არის ღირებული და ეს არის დიდი საჩუქარი უფლისგან… იყო განსხვავებული, გამორჩეული…

აუცილებლად უნდა აღვნიშნო თქვენი განსხვავებული ვიზუალიც და ის, რომ ყოველთვის სხვანაირად ლამაზი ხართ თითოეულ კონცერტზე.

იცით, რაშია საქმე?! პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა სცე პატივი, საკუთარ თავს თუ პატივს სცემ, სხვაც პატივით შეგხედავს.

ვისაუბროთ სიმღერის „ასეა თუ ისეა“ ახალ ვერსიაზე.

ამ სიმღერამ გაუძლო ძალიან ბევრ წელს, დღემდე აქტუალურია და დღემდე ფრაზებით ლაპარაკობენ, იძირება გემი, მაგრამ ყველაფერი რიგზეაო. კი ბატონო, ყველაფერი რიგზეა, იმედი არ უნდა დავკარგოთ, მე მაინც იმედს ვტოვებ ამ სიმღერაში.

სადაც მიმღერია, ყველამ იცის და ყველა მღერის ჩემთან ერთად… ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, შენს სიმღერას რომ მღერიან.

ახალი ვერსია ცირა ბზიშვილს ეკუთვნის.

მოგვიყევით სიმღერაზე „რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს“.

ეს სიმღერა, საერთოდ, ძალიან მიყვარს. გოგი დოლიძე ამას ასრულებდა, არ ვიცი, სასწაულად…

მაინც სევდიანი სიმღერაა და არ მინდოდა, რომ ძალიან სევდაში გადასულიყო, მინდოდა, რომ ცოტა შემემსუბუქებინა. შეყვარებული წავიდა, მიგატოვა, ელოდები, მაგრამ მაინც იმედი გაქვს, რომ დაბრუნდება. იმედზეა. მე მაინც ვფიქრობ, რომ იმედი აცოცხლებს ადამიანს. ღმერთმა დაგვიფაროს, იმედი რომ დაიკარგოს. ყოველთვის გვქონდეს კარგი სურვილები და იმის იმედი, რომ ყველაფერი კარგი ასრულდება.

რთულია, არ არის ადვილი, რომ საკუთარი თავი დაარწმუნო იმაში, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ამას დიდი მუშაობა სჭირდება.

ადამიანს თუ გინდა, რომ იყო ბედნიერი, აუცილებლად იქნები. წვრილმან პრობლემებს ყურადღება აღარ უნდა მივაქციოთ.

ეს არის მარინა ლეკიშვილის, შესანიშნავი ადამიანის დაწერილი სიმღერა.

ჩავწერე დათუნა მგელაძის და დიმას სტუდიაში.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

რა თქმა უნდა, არ ვჩერდები. იქნება ძველი სიმღერების ახალი ვერსიები, ახალ სიმღერასაც ვამზადებ.

რას გვეტყვით სიმღერაზე „რა კარგი ხარ სიყვარულო“?

საერთოდ, ვგიჟდები ქართულ ფილმებზე და კინო მუსიკაზე, ძალიან მიყვარს და ბოლო პერიოდში, გადავწყვიტე, რაც ძალიან მიყვარს და ჩემთან ახლოს არის, ის სიმღერებიც ავაჟღერო.

რთულია, დაიმკვიდრო თავი ესტრადაზე, თუ შენ შენი რეპერტუარი არ გაქვს და მართალია, მთელი ცხოვრება მოვდივარ ისე, რომ მთელი ცხოვრება ჩემთვის წერდნენ, პირველი შემსრულებელი ყოველთვის მე ვიყავი და მადლობელი ვარ ამისთვის. დღემდე მომაქვს ის სიმღერები და დღემდე პოპულარულია, მაგრამ ამასთან ერთად, მე მიყვარს კიდევ რაღაც ძალიან ლამაზი სიმღერების, რაც მიყვარს, ჩემებურად გაჟღერება.

მე ყოველთვის ტექსტიდან გამომდინარე მომდის ემოცია, მიბაძვა არასდროს არ მიყვარდა. მომღერალს არასდროს არ უნდა მიბაძო… ყველა მომღერალი არის ღირებული, არაჩვეულებრივი, შენ შენებურად უნდა იმღერო. მე რაც არ მომწონს ხშირ შემთხვევაში, ჰარმონიას და მელოდიას რომ ცვლიან. მელოდია, რაც კომპოზიტორმა დაწერა, არ უნდა შეცვალო, მაგრამ ის მელოდია შენებურად უნდა წარმოაჩინო.

„ისევ ისე მიყვარხარ“ ისეთი სიმღერაა, თითოს ყველასთვის არის დაწერილი, ნებისმიერი ადამიანი გაითავისებს.

სიმღერა ცირა ბზიშვილის სტუდიაში ჩაიწერა, მას ეკუთვნის ვერსია.

მანანა თოდაძე – ასეა თუ ისეა

მანანა თოდაძე – რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს

მანანა თოდაძე –  რა კარგი ხარ სიყვარულო (რა იქნება შენს მახლობლად მეც ვიყო)

გადაცემის აუდიოჩანაწერი

მანანა თოდაძე. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები