LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა წყალმცენარეების დახმარებით მხედველობის ნაწილობრივ აღდგენა შეძლეს

1691
ქირიას NEWS შაბლონი

ფრანგმა და უნგრელმა მეცნიერებმა, საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფთან ერთად, მხედველობის ნაწილობრივ აღდგენის ექსპერიმენტულ მეთოდს მიაგნეს. ტექნოლოგია წყალმცენარეებში აღმოჩენილ სინათლისადმი მგრძნობიარე ცილას, გენურ თერაპიასა და სპეციალურ ელექტრონულ სათვალეს აერთიანებს. კლინიკური კვლევის დროს ზოგიერთმა უსინათლო პაციენტმა შეძლო საგნების ადგილმდებარეობის განსაზღვრა, კარის ღიობის გარჩევა და სივრცეში უკეთ ორიენტირება.

კვლევაში ათი პაციენტი მონაწილეობდა, რომლებსაც პიგმენტური რეტინიტის – ბადურის მემკვიდრეობითი დაავადების გვიანი სტადია ჰქონდათ. ამ მდგომარეობის დროს ბადურის სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედები თანდათან ზიანდება, რის შედეგადაც ადამიანი მხედველობას კარგავს. დაავადების მძიმე ფორმის დროს პაციენტი შესაძლოა სრულად დაბრმავდეს.

მეცნიერებმა ოპტოგენეტიკის მეთოდი გამოიყენეს. მათ პაციენტის ერთ თვალში შეიყვანეს გენეტიკური კონსტრუქცია, რომელიც წყალმცენარეებში აღმოჩენილი სინათლისადმი მგრძნობიარე ცილის წარმოქმნას უზრუნველყოფს. შედეგად, ბადურის გადარჩენილმა ნერვულმა უჯრედებმა სინათლეზე რეაგირების უნარი შეიძინეს. მეთოდი დაზიანებულ ფოტო რეცეპტორებს არ აღადგენს, არამედ მხედველობის აღქმის დარღვეულ მექანიზმს ნაწილობრივ გვერდს უვლის.

თუმცა გენური თერაპია საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ მკვლევრებმა სპეციალური ელექტრონული სათვალეც შექმნეს, რომელსაც ჩაშენებული კამერა და სინათლის სტიმულაციის სისტემა აქვს. კამერა გარემოს გამოსახულებას აფიქსირებს, მოწყობილობა კი მიღებულ ინფორმაციას სინათლის იმპულსებად გარდაქმნის და თვალისკენ მიმართავს. გენეტიკურად შეცვლილი უჯრედები ამ სიგნალებზე რეაგირებენ და ინფორმაციას ტვინს გადასცემენ.

კლინიკური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ათი მონაწილიდან შვიდს სპეციალური სათვალის გამოყენებისას სინათლისადმი მგრძნობელობა გაუუმჯობესდა, ექვს შემთხვევაში კი ცვლილება კლინიკურად მნიშვნელოვანი იყო. ზოგიერთმა პაციენტმა შეძლო საგნების პოვნა, კარის ღიობის ამოცნობა და შავ იატაკზე გავლებული თეთრი ხაზის გასწვრივ გადაადგილება. რამდენიმე მონაწილემ შეძლო მისთვის საჭირო ნივთის ადგილმდებარეობის განსაზღვრა და მისკენ ხელის გაწვდენა.

მიუხედავად მიღწეული შედეგისა, მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეთოდი სრულფასოვან მხედველობას ჯერ ვერ აღადგენს. პაციენტებს არ შეუძლიათ გარემოს ჩვეულებრივი სიცხადით დანახვა, ტექსტის კითხვა ან სახეების ამოცნობა. აღდგენილი მხედველობა შეზღუდულია და სპეციალური სათვალის გამოყენებაზეა დამოკიდებული. ამასთან, ახალ ვიზუალურ ნიშნებთან შეგუებასა და მათ სწორად აღქმას ვარჯიში სჭირდება.

კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ექსპერიმენტული მეთოდის უსაფრთხოების შეფასება იყო. პროცედურა მონაწილეებმა ძირითადად დამაკმაყოფილებლად გადაიტანეს, თუმცა დაფიქსირდა არასასურველი მოვლენებიც, მათ შორის ინიექციის შემდეგ განვითარებული დროებითი სერიოზული გართულება, რომელიც მოგვიანებით სრულად აღმოიფხვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები