ახლახან ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია დაოჯახდა. მან რჩეულზე, ნუცა ხელაძეზე ჯვარი ქაშვეთის ეკლესიაში დაიწერა. ჯვრისწერას ოჯახის ახლობლები და მეჯვარეები ესწრებოდნენ. ჯვრისწერა სპონტანურად დაიგეგმა, ზუსტად ერთ დღეში. მეორე დღეს საჯაროდ გავრცელებულმა ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი და გამოხმაურება გამოიწვია, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კონსტანტინე გამსახურდიას დაოჯახების ამბავი სიახლე აღმოჩნდა. წყვილმა მილოცვები მიიღო…

აღსანიშნავია, რომ კონსტანტინესთვისაც და ნუცასთვისაც ეს მეორე ქორწინებაა. კონსტანტინე გამსახურდია პირველ მეუღლეს გაშორებულია და მასთან ორი ვაჟი ჰყავს. ნუცა ხელაძე ასევე განქორწინებულია პირველ მეუღლესთან და მას ერთი შვილი ჰყავს.
fortuna.ge გაგაცნობთ კონსტანტინე გამსახურდიას მეორე ნახევარს, ნუცა ხელაძეს, რომელიც სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე და ყველა კითხვაზე გაგვცა პასუხი, რაც საზოგადოებას აინტერესებს.

ნუცა, დიდი მადლობა, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით. დავიწყოთ თქვენი და ბატონი კონსტანტინეს გაცნობის ამბით.
ნუცა ხელაძე:
ჩვენ ერთმანეთი საერთო სამეგობრო წრეში, 4 წლის წინ გავიცანით. შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, სოციალური ქსელის საშუალებით დამიკავშირდა. დავიწყეთ ურთიერთობა. გვაკავშირებდა ბევრი საერთო ინტერესი. სპეციალობით გახლავართ ლიტერატურათმცოდნე, ასევე ფინანსისტი. ორივე მიმართულებით მაქვს სამაგისტრო ხარისხი. ახლა კი ვმუშაობ სადოქტორო თემაზე.
ნელ-ნელა ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ბატონი კონსტანტინე, მოგეხსენებათ, არის ინტელექტუალი. მე ძალიან მიყვარს ლიტერატურა. თავიდან იყო ინტელექტუალური საუბრები, შემდეგ მალევე, მეგობრულიდან სხვა ეტაპზე გადავედით. უცებ გამომჟღავნდა გრძნობები. თავიდან ემოციის დონეზე, როცა რაღაცას ხვდები… შემდეგ უკვე სიტყვებით… პატარა არც კონსტანტინეა და არც მე…
ის გამოგიტყდათ პირველი გრძნობებში?
კი, დარბაისლურად… თუმცა არც ჩემგან დააყოვნა პასუხმა.
როდის გადაწყვიტეთ ერთად ცხოვრება?
რაღაც პერიოდი ერთმანეთს ვხვდებოდით, შემდეგ კი ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გაიგო, რომ კონსტანტინემ ცოლი მოიყვანა. 3 წელია, არაოფიციალურად მისი მეუღლე ვარ. მე, ჩემი შვილი და კონსტანტინე ერთად ვცხოვრობთ. ოფიციალური ნაწილი მოგვიანებით აღსრულდა…
თქვენთვისაც, როგორც ბატონი კონსტანტინესთვის, ეს მეორე ქორწინებაა?
ჩემთვისაც მეორე ქორწინებაა. ჩემს პირველ მეუღლესთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, საერთო შვილი გვყავს. ჩემი შვილი 17 წლისაა და აბიტურიენტია, ემზადება ჩასაბარებლად.

როგორი ურთიერთობა გაქვთ ბატონი კონსტანტინეს შვილებთან და მის ძმებთან?
არაჩვეულებრივი!.. დემეტრე და ზვიადი ძალიან მიყვარს. დემეტრე ამჟამად საქართველოშია, შვეიცარიიდან დაბრუნდა და კონსერვატორიაში კითხულობს ლექციებს, ზვიადი კი გერმანიაში ცხოვრობს და ხშირად ჩამოდის ხოლმე. ჩვენ ვართ ძალიან კარგი მეგობრები და ერთი ოჯახი. სანამ კონსტანტინეს გავიცნობდი, რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდია მიყვარდა ძალიან და ეს იცის მთელმა ჩემმა სამეგობრომ. ეს არის ჩემი საოცრად დიდი სიყვარული ჩემი არაჩვეულებრივი მამამთილის მიმართ, ბავშვობიდან. დედაჩემი არის დიდი პატრიოტი, გაგვზარდა ზვიადის და დიდი კონსტანტინეს დიდი სიყვარულით. არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს ასევე კონსტანტინეს ძმებთან, ცოტნეს მდგომარეობა საზოგადოებამ იცის, მის მეუღლესთან, ანა ჯაბაურთან მაქვს კარგი ურთიერთობა, ასევე გიორგი გამსახურდიასთან, ძალიან მიყვარს… მიყვარს ჩემი ოჯახი. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე სწორი ადგილი, სადაც ახლა ვიმყოფები…
ნუცა გიორგი გამსახურდიას ქალიშვილთან ერთად

როგორც ვხვდები, ძალიან დიდი ემოციები გაქვთ ზვიად გამსახურდიას ფაქტორის გამო…
რა თქმა უნდა, ვფიქრობ, ყველა ქართველისთვის ასე იქნებოდა… ჩემი ოჯახის დამოკიდებულება ცნობილია ზვიად გამსახურდიას მიმართ, თუმცა არანაირი ნაცნობობა არ გვაკავშირებდა. ეს იყო ოჯახის სიყვარული კონკრეტული ლიდერისა და პატრიოტის მიმართ.

როგორ წარმოიდგენდით, რომ მისი ოჯახის ნაწილი გახდებოდით…
ამის წარმოდგენა ნამდვილად შეუძლებელია, მაგრამ ერთ რამეს მივხვდი – როცა სადღაც ძალიან დიდი სიყვარული არსებობს ვიღაცის მიმართ, ცხოვრებას მიჰყავხარ მისი მიმართულებით…
ფართო საზოგადოებამ თქვენი ურთიერთობის შესახებ ჯვრისწერიდან შეიტყო...
მეგონა, რომ ყველამ იცოდა, თურმე, ძალიან ბევრ ადამიანს არ სცოდნია. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ახლობლების წრემ იცოდა. დიდმა ნაწილმა მოგვილოცა, დიდი მადლობა ყველას.
მეჯვარეებთან ერთად

ჯვრისწერა როგორ დაიგეგმა?
ერთი დღით ადრე დავურეკეთ მამა ელიზბარს და შევუთანხმდით. მაკიაჟიც კი არ მქონია, არც საქორწილო კაბა. თეთრი ჟილეტი მეცვა… მივედით და ჯვარი დავიწერეთ…
ახლა რატომ გადაწყვიტეთ ჯვრისწერა?
ხომ იცით ქალის ამბავი? რა თქმა უნდა, მინდოდა ქორწილი, მაგრამ კონსტანტინეს არ უნდოდა დიდი ღონისძიება. აღარ დავაძალე და უბრალოდ, ჯვარი დავიწერეთ.
თქვენს გვართან დაკავშირებით დიდი გამოხმაურება იყო სოციალურ ქსელში. დაწერეს, რომ მეუღლის გვარზე გადახვედით…
მე ვარ ნუცა ხელაძე, დაბადებული 1983 წელს (იღიმის). მეუღლის გვარზე არ გადავსულვარ, თუმცა ამააშიც ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. როცა ხელს მოვაწერთ, შეიძლება, მანამდე მოვიფიქრო. ოფიციალურ ნაწილში დიდ აზრს ვერ ვხედავ, მთავარია, რა ხდება რეალურად.
ამ 3 წლის განმავლობაში, რაც ერთად ცხოვრობთ, რა შეიცვალა, რაიმე ახალი ხომ არ დაინახეთ თქვენს მეუღლეში?
დავინახე ის, რომ მისი მკაცრი იმიჯის მიღმა სხვა ადამიანი იმალება – ოჯახში არის რბილი, მოსიყვარულე, ჩემს შვილთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. მეგობრული დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ. კონსტანტინე არის ადამიანი, რომელიც შეუძლებელია, არ გიყვარდეს. ჩემი შვილიც ძალიან კონტაქტური ადამიანია და ყველაფერი უპრობლემოდ მოხდა… გვყავს ორი კატა და ასე ვცხოვრობთ (იღიმის).
ნუცა ხელაძის დედა და ქალიშვილი ჯვრისწერაზე

საქართველოში ყველაზე ცნობილი ოჯახის რძალი გახდით. ახლა, როცა საჯარო გახდა თქვენი ურთიერთობა, როგორ უყურებთ ამას, რთულად თუ მსუბუქად?
სირთულე ისაა, რომ ამ ოჯახში ყოფნა დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება, მაგრამ ეს გააზრებულია და სირთულესაც ვერ დავარქმევდი. ყველა იმ სტატუსს შორის, რაც აქამდე მქონია, ან ამის შემდეგ მექნება, ყველაზე დიდი პატივი და სტატუსი ის არის, რომ მე ვარ ზვიად გამსახურდიას რძალი. ვეცდები, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობა ღირსეულად ვატარო.

აღნიშნეთ, რომ 1983 წელს ხართ დაბადებული. თქვენსა და ბატონ კონსტანტინეს არსებულ ასაკობრივ სხვაობას როგორ უყურებთ?
რა თქმა უნდა, არის ასაკობრივი სხვაობა, 22-წლიანი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის, რომ ჩვენი წყვილი შემდგარიყო. საერთო ინტერესები, ღირებულებები, ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიას მიმართ – ამ ყველაფერმა დიდი როლი ითამაშა. ჩვენი ახლობლებიც დაგიდასტურებენ, რომ ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა საერთოდ არ იგრძნობა.
რა გეგმები გაქვთ ერთობლივად?
რა თქმა უნდა, გვაქვს გეგმები, როგორც ყველა ოჯახს. გრძელვადიან გეგმებს არ ვისახავთ. გვინდა, გაგრძელდეს ის მშვიდი ოჯახური ცხოვრება, რაც გვაქვს…
